პედიატრი ყარამან ფაღავა მშობლისა და ბავშვის ურთიერთობაზე საუბრობს.  მისი თქმით, მშობელი ბავშვის მიმართ ალერსიანი უნდა იყოს და მას ყოველთვის თანადგომას უცხადებდეს:

„ბავშვი რომ ორი წლის გახდება ან სამი წლის და იტყვის: „მე მინდა“ ან „მე არ მინდა,“ ის უკვე პიროვნებაა და მას პატივი უნდა ვცეთ. ამ ასაკში საოცრად კეთილი, მშვიდი, წყნარი ბავშვი ბანდიტად გადაიქცევა, რას არ გატეხავს, რას არ დაანგრევს. რაც მთავარია, მან შეიძლება საკუთარ თავსაც ავნოს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. მშობლური ჩვევები. მშობელს უნდა ჰქონდეს გარკვეული ჩვევები. ქალებში ეს უფრო ავტომატურად ხდება. ვაჟებში უფრო გვიან ვითარდება ხოლმე. მშობელმა, პირველ რიგში, უნდა იცოდეს ალერსი. ​ალერსსა და სიყვარულის გამოხატვას ზედა საზღვარი არ უნდა ჰქონდეს. მან უნდა დაიცვას ბავშვი. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რაც უნდა გააკეთოს, მშობელი ყოველთვის მის გვერდით იქნება და მას დაიცავს.“

​მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში ბავშვი ჯანსაღი ცხოვრების წესს ეჩვეოდეს:

„სკოლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ზოგჯერ დაავადების მიზეზიც შეიძლება იყოს. არსებობს მთელი ციკლი პედიატრიისა, რომელსაც ჰქვია „სასკოლო მედიცინა.“ ვცდილობთ, საქართველოში დავნერგოთ ჯანსაღი სკოლების პროგრამა. სკოლა ჰიგიენური თვალსაზრისით უნდა იყოს კარგი, არ უნდა იყოს ბულინგი, ​არ უნდა იყოს მასწავლებლის მხრიდან შეურაცხყოფა. აუცილებელია სკოლაში ცხოვრების ჯანსაღი წესის სწავლება. ეს არა მხოლოდ მოზარდებისთვისაა კარგი. მოზარდი როდესაც გაიგებს, რომ თამბაქო ცუდია, ის მამას აჩერებს. ეუბნება: „მამა, რატომ ეწევი? გინდა ავად იყო და ჩვენ მარტო დაგვტოვო?“ ნებისმიერმა მამაკაცმა, რომელიც გაიგებს შვილისგან ამ სიტყვებს, უარი უნდა თქვას თამბაქოს მოწევაზე. მნიშვნელოვანია განვითარების ხელშეწყობა. დღეში ხუთი წუთი მაინც ბავშვთან ერთად მშობელმა წიგნი უნდა გადაშალოს, მოუსმინოს, მოუყვეს, მამამაც და დედამაც, მთავარია, ვინ როგორ არის დაკავებული.“

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

​მოამზადა: ნათია ხარბედიამ