ფსიქოლოგის რეკომენდაციები საქმიანი დედებისთვის სტრესის და დაღლილობის თავიდან ასარიდებლად

ბავშვთა ფსიქოლოგი ანა მეუნარგია

 

ალბათ,  ნებისმიერ დედაზე ითქმის საქმიანი ქალი – სახლში მყოფზეც და დასაქმებულზეც. ნებისმიერი დედისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ შვილზე ზრუნვა და ხშირად რუტინაში ისე ვართ ხოლმე ჩაფლული, რომ საკუთარი თავი, ემოციები და ჯანმრთელობა შეიძლება საერთოდ დაგვავიწყდეს, ეს კი შემდეგ ჩვენს გუნება-განწყობაზეც აისახება და ურთიერთობის ხარისხზეც. დასაქმებული დედები კი ხშირად შეიძლება განიცდიდნენ დანაშაულის განცდას იმის გამო, რომ საკუთარი შვილებისთვის ცოტა დრო რჩებათ და ამის კომპენსაციისთვის შესაძლოა, კიდევ უფრო მეტად დაიტვირთონ და იღელვონ ხოლმე.

სტატიაში შემოგთავაზებთ რამდენიმე ხერხს, რომელიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენთვის:

 

 

  • განვითარება მშობლობის მიმართულებით და საჭიროების შემთხვევაში დახმარების ძიება;  მშობლობა არ არის თანდაყოლილი უნარი, მას სწავლა სჭირდება და ხანდახან მშობელი, რომელიც ჩიხში შედის ბავშვთან ურთიერთობისას სტრესს განიცდის, ღელავს, ნერვიულობს, მითუმეტეს თუკი ეს მდგომარეობა დროში იწელება. ამიტომაც, სასურველია, მშობელი გაეცნოს სხვადასხვა ინფორმაციას აღზრდისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ და მიიღოს საჭირო მხარდაჭერა.
  • დროის ხარისხიანად გატარება შვილებთან ერთად, თუნდაც ეს იყოს ნახევარი საათი; ხშირად, მშობლები და განსაკუთრებით დასაქმებული მშობლები განიცდიან შვილებთან ურთიერთობის დანაკლისს, ზოგი ამის კომპენსირებას საჩუქრებით ცდილობს, ან მერე დანაშაულის განცდა აწუხებთ ხოლმე რითიც კიდევ უფრო მეტ სტრესს განიცდიან. თუმცა მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ბავშვებთან გატარებული მცირე დროც შეიძლება იყოს ხარისხიანი და გარკვეულწილად მთელი დღის დანაკლისი აუნაზღაუროს ბავშვს. დღეში ბავშვებთან გატარებული სრულფასოვანი 30 წთ-იც კი, როცა მთლიანად ჩართული ვართ შვილთან ურთიერთობაში, ხელს არ გვიშლის გაჯეტები და ყურადღებით ვუსმენთ მას, ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც ბავშვისთვის, ასევე დედისთვის.
  • საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა; მაშინ როცა მშობელი თავად არის გადაღლილი, გადატვირთული და სტრესულ მდგომარეობაშია, მისთვის რთულია მშვიდად გაუძღვეს ოჯახის საქმეებს ან სამსახურებრივი მოვალეობები შეასრულოს, ამიტომ მნიშვნელოვანია დავინახოთ და გავიაზროთ ის ემოციები და გრძნობები რაც გვიჩნდება და შეძლებისდაგვარად მოვუაროთ და დავეხმაროთ თავს.
  • საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვა; ძირითადად მშობლები ვალდებულების შესრულებასა და რუტინაში იმდენად ჩაფლული არიან, რომ საკუთარ სურვილებს ივიწყებენ ხოლმე, წამყვანი სიტყვა ხდება „უნდა“, რაც კიდევ უფრო მეტად ღლის ადამიანს. თუნდაც მცირე ჰობის ქონა, რომელსაც 20 წუთს დავუთმობთ, ან წიგნის წაკითხვა, ან აბაზანის მიღება შეიძლება შვება აღმოჩნდეს.
  • ვარჯიში – უნივერსალური რეკომენდაცია; რომელიც მიმართულია არა მხოლოდ ფიზიკურ არამედ ემოციურ გაჯანსაღებაზეც. ვარჯიშის სარგებელზე ალბათ ყველანი ვთანხმდებით. ვარჯიშის დროს თავის ტვინში იმატებს დოპამინის დონე, რაც ამცირებს სტრესს, გვემატება ფიზიკური და ემოციური ენერგია და ჩვენი ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება.
  • მაინდფულნესი – mindful ნიშნავს, რომ ადამიანი ახერხებს გაიაზროს და გააცნობიეროს ის რაც აქ და ახლა ხდება; უფრო კონკრეტულად კი, ჩვენ ვიაზრებთ თუ რას ვგრძნობთ ამ კონკრეტულ მომენტში, რას განვიცდით; გვაწუხებს თუ არა რამე და ა.შ. ეს არის მომენტი, როცა თავიდან ბოლომდე აწმყოშია ადამიანი, არ ფიქრობს არც წარსულზე და არც მომავალზე, უბრალოდ აკვირდება იმას რაც იმ მომენტში ხდება. რაც მნიშვნელოვანია საკუთარი თავისა და ემოციების ამოსაცნობად და შემდგომ მათ მოსავლელად.
  • სოციალური მხარდაჭერის განვითარება; ნებისმიერი ადამიანისთვის მათ შორის დედისთვის მნიშვნელოვანია სოციალური ურთიერთობები, კავშირები და მხარდაჭერა. როცა ადამიანს შეუძლია უბრალოდ გადაერთოს სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე ან თუნდაც მიიღოს საჭირო მხარდაჭერა თავისი სირთულეების გაზიარების დროს, შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს დასვენებისა და სტრესის დაძლევისთვის.
  • საკუთარი ხერხების ძიება დასასვენებლად; მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, თუ როგორ ვახერხებთ მოდუნებას, რა გვეხმარება,  როცა დაღლილი ან აღელვებული ვართ; მეგობრებთან ერთად გავლა ან საუბარი? მუსიკის მოსმენა? გასეირნება (თუნდაც ხანმოკლე განიავება)? შხაპის ან აბაზანის მიღება თუ სხვა რამ? საჭიროა, ვიცოდეთ, როდის და როგორ განვიტვირთებით ხოლმე, რომ საჭიროების შემთხევაში ამ ხერხს მივმართოთ.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები