ბავშვებში ყველაზე გავრცელებული ჩვევებაა, თმის წვალება, კბილების კრაჭუნი და ფრჩხილების კვნეტა. ეს უკანასკნელი შეიძლება მოზრდილობაშიც გაგრძელდეს.

ფრჩხილების კვნეტის მიზეზი შეიძლება იყოს ცნობისმოყვარეობა, მოწყენილობა, სტრესი, მშობლების ან უფროსი და-ძმების მაგალითი ან უბრალოდ ჩვევაში გადასვლა.

ბავშვისთვის, ფრჩხილების კვნეტა დაძაბულობის განმუხტვის ან საკუთარ ძლიერ ემოციებთან გამკლავების საშუალებაა. ბუნებრივია, რომ ისინი ხანდახან ღელავენ და ზოგჯერ ამ გზას ირჩევენ პრობლემის „მოსაგვარებლად“.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

სტრესის მართვის სხვა გზების სწავლა მას დაეხმარება, არ გაჰყვეს ეს ჩვევა მოზრდილობაშიც.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ფრჩხილების კვნეტის დაძლევაში?

ყურადღება მიაქციეთ მის ფრჩხილებს

ბავშვს შეიძლება მეტად გაუჩნდეს ფრჩხილების კვნეტის სურვილი, თუ გრძელი ან ბასრკიდეებიანი ფრჩხილები აქვს. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ, რომ დროულად მოაჭრათ და კუთხეები გაუქლიბოთ.

იყავით თანამგრძნობი

ნებისმიერი ჩვევისგან განთავისუფლება რთულია. იყავით მომთმენი თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვის მიმართ და ნუ აგრძნობინებთ თავს ცუდად იმის გამო, რომ ფრჩხილებს იკვნეტს.

თუ ბავშვს გაუბრაზდებით ფრჩხილების კვნეტის გამო, ის თავს დამნაშავედ იგრძნობს და უფრო იღელვებს. ან მიხვდება, რომ ამ ქცევით შეუძლია თქვენი ყურადღების მიპყრობა და უფრო ხშირად გამოიყენებს ამ ხრიკს. ამიტომ, სცადეთ არ მიაქციოთ ზედმეტი ყურადღება იმ ფაქტს, რომ ის ფრხილებს იკვნეტს.

ნაცვლად ამისა, შეაქეთ, როცა ფრჩილებს არ იკვნეტს. თუ ეს მეთოდი თქვენთვის მისაღებია, შეგიძლიათ ჩართოთ სტიკერების სისტემაც. მაგალითად, მიეცით სტიკერი, თუ ნახევარი დღე შეძლო ამ ჩვევის გარეშე ყოფნა, კვირის ბოლოს კი დაგროვებული სტიკერები შეუძლია გადაცვალოს ახალ წიგნში, პარკში გასეირნებასა თუ სხვა გასართობში.

არ წაუსვათ მწარე ლაქი. სავარაუდოდ, ეს არ იმუშავებს და თან თქვენი სკოლამდელი ასაკის ბავშვი ამას დასჯად ჩათვლის, მიუხედავად თქვენი კეთილი განზრახვისა.

ბავშვის ცხოვრებაში ცვლილებები, მაგალითად სახლის შეცვლა, ახალ ბაღში გადასვლა, შესაძლოა შფოთვის მიზეზი იყოს და ბევრი ყურადღება დასჭირდება შესაჩვევად. თუ ცვლილება უფრო მძიმეა, მაგალითად, მშობლების დაშორება ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, შესაძლოა გამძაფრდეს ფრჩხილების კვნეტის ჩვევა და შესაგუებლად მას მეტი დრო უნდა მივცეთ.

უბიძგეთ ახალი ჩვევისკენ

მიეცით რაიმე ნივთი, რომ მასზე გადაიტანოს ყურადღება, როცა ფრჩხილების კვნეტის სურვილი გაუჩნდება. მაგალითად, პლასტელინი, „ტყლარწი“ ან მსგავი საგნები დააჭერინეთ ხელში, როცა ტელევიზორს უყურებს.

გამოიყენეთ თვალსაჩინო მინიშნებები

თუ თქვენი შვილი იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ვერ ივიწყებს ამ ჩვევას, ჰკითხეთ, ხომ არ სურს ფერადი მარკერების ან პლასტირების დაკვრა თითებზე, რათა მათი დანახვისას გაჩერდეს, თუ ფრჩხილების კვნეტას დააპირებს. თუ უარს გეტყვით, არ დააძალოთ. თითოეული ბავშვი განსხვავებულია, ამიტომ სცადეთ სხვადასხვა გზები, ოღონდ დარწმუნდით, რომ თქვენი პატარა ამას დახმარებად აღიქვამს და არა დასჯად.

როდის უნდა შევშფოთდეთ ფრჩხილების კვნეტის გამო?

ფრჩხილების კვნეტა, ჩვეულებრივ, უმტკივნეულო ჩვევაა და არ მიუთითებს რაიმე სერიოზულ პრობლემაზე. ბავშვების უმრავლესობა მას ზრდასთან ერთად ივიწყებს.

მაგრამ თუ თქვენი შვილი ხშირად იკვნეტს ფრჩხილებს ისე მწარედ, რომ სისხლი მოსდის ან ღრძილები სტკივა, შეატყობინეთ ამის შესახებ მის პედიატრს.

ზოგჯერ, ფრჩხილების მწვავე კვნეტა შფოთვის ან ყურადღების პრობლემების გამოხატვის ფორმაა, ამიტომ ფსიქოლოგის ადრეული ჩარევა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.  

წყარო: babycenter.com

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ