პასუხი მშობლებსა და სახლში დარჩენილ ბავშვებს, კითხვაზე – „ახლა რა ვითამაშოთ?“

მაშინ, როცა სკოლები და უნივერსიტეტები მთელი მონდომებით ცდილობენ შექმნილ სიტუაციაში დისტანციური სწავლების პრაქტიკის დანერგვას, 6 წლამდე ასაკის ბავშვები ბაღებიდან სახლებში, ხოლო მათი მშობლები ერთგვარი გამოწვევის წინაშე აღმოჩდნენ, შეკითხვით: „ახლა რა ვითამაშოთ?“

ცოტა რამ თამაშის შესახებ. გარდა იმისა, რომ თამაში ბავშვის საქმიანობის ძირითადი ნაწილია, ეს  მისი უფლებაცაა. თამაში ბავშვისთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დროის გაყვანა ან გართობა. თამაშის საშუალებით ბავშვი სწავლობს და იკვლევს სამყაროს და საკუთარ ადგილს ამ სამყაროში.

                                     ილუსტრაციის ავტორი: დავით ტოლიაშვილი, 10 წლის

რადგანაც ბავშვებთან თამაში ჩემი საყვარელი თემა და საქმიანობაა, არა მეცნიერული, მაგრამ გამოცდილებაზე დაფუძნებული რამდენიმე რჩევა მინდა გაგიზიაროთ.

თქვენმა შვილმა უკეთ იცის რა ითამაშოს. ზოგჯერ გვგონია, რომ სამზარეულოს წიგნის რეცეპტებივით უნდა ვიცოდეთ სხვადასხვა თამაშები და შევთავაზოთ ბავშვს ერთი მეორეს მიყოლებით. რეალურად, ხშირად საკმაირისია, ყურადღებით დავაკვირდეთ რას აკეთებს ბავშვი და მის ინიციატივებს შევუერთდეთ;

ნუ მოაჩვენებთ ბავშვს და საკუთარ თავს, რომ ძალიან გაინტერესებთ თამაში, თუ მართლა ასე არ არის. გულწრფელობა კარგი გამოსავალია და ერთი თამაშის მეორე ალტერნატივაც ყოველთვის არსებობს;

ზოგჯერ ნამდვილი, სასიამოვნო თამაშისთვის სულ არ გვჭირდება ნივთები, სხვადასხვა საგნები და სათამაშოები. შეგვიძლია უბრალოდ ხალიჩაზე კომფორტულად დავსხდეთ და სასაცილო ამბები მოვიგონოთ;

თამაშის დროს თავად პროცესია მნიშვნელოვანი და არა შედეგი. ამიტომ, უმჯობესია უთხრათ ბავშვს, „მოდი კუბიკებით ვითამაშოთ“ და არა „მოდი კოშკი ავაშენოთ“;

                               ილუსტრაციის ავტორი: დავით ტოლიაშვილი, 10 წლის

თამაშში წამყვანი თავად ბავშვია და არა უფროსი. ზოგჯერ, რთულია გავუძლოთ ცდუნებას, რომ ჩვენთვის სასურველი მიმართულებით წარიმართოს თამაშის პროცესი, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა როგორ სჯობს, წითელი ფანქარი გამოვიყენოთ თუ ლურჯი, დათუნიას ბროკოლის წვნიანი მოვუმზადოთ თუ შოკოლადის ნაყინი. თამაშის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევამ ბავშვს შეიძლება ინტერესი დაუკარგოს, უფრო მეტიც საკუთარი ფანტაზიის გაღვივებისა და განვითარების შესაძლებლობა საფრთხის ქვეშ დააყენოს.

თამაში თავისთავად არის სწავლის პროცესი. რას აკეთებს ბავშვი თამაშის დროს? აკვირდება საგნებს, შეისწავლის, ცდის, უშვებს შეცდომებს და სწავლობს დაშვებული შეცდომებისგან. ნებისმიერი მცდელობა უფროსებისგან თამაში დაემსგავსოს ახალი ცოდნის ათვისების პროცესს აზრსმოკლებულია, რადგან სიამოვნების მომგვრელი პროცესი ერთგვარ აკადემიურ საქმიანობად გადაიქცევა.

საყოფაცხოვრებო, რუტინული ნივთები ბავშვისთვის ნამდვილი სათამაშოა. მან შეიძლება მრავალი დანიშნულება მოუძებნოს კბილის ჯაგრისს, თეფშს, ჯამს, სავარცხელს და ა.შ. (ცხადია, უსაფრთოება არ გვავიწყდება).

                                     ილუსტრაციის ავტორი: დავით ტოლიაშვილი, 10 წლის

და მაინც, კონკრეტულად რა ვეთამაშო?
მოძრავი თამაშების ინსპირაციისთვის – https://www.pinterest.com/likaqurtsikidze/gross-motor/
ქაღალდის ხელნაკეთობების დასამზადებლად – https://www.pinterest.com/likaqurtsikidze/paper-crafts/
სხვადასხვა მასალის ხელნაკეთობების შექმნა – https://www.pinterest.com/likaqurtsikidze/crafts/
ძერწვა – https://www.pinterest.com/likaqurtsikidze/play-dough/
პატარ-პატარა ექსპერიმენტების ჩასატარებლად – https://www.pinterest.com/likaqurtsikidze/stem/
და სხვადასხვა ტიპის თამაშები ერთად – https://www.pinterest.com/lika…/activities-for-preschoolers/


ავტორი: ლიკა ქურციკიძე, ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების მაგისტრი.

წყარო : marketer.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები