ორსულობისას გადატანილი ინფექციები აუტიზმისა და დეპრესიის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის

ახალი კვლევის მიხედვით, ბავშვებს, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს ისეთი ინფექციები გადაიტანეს, როგორიც არის სეფსისი, გრიპი ან პნევმონია, აუტიზმისა და დეპრესიის მომატებული რისკები აქვთ.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის გინეკოლოგიის პროფესორი და კვლევის თანაავტორი კრისტინა ადამსი აცხადებს, რომ ორსულმა ქალებმა გრიპის ვაქცინა აუცილებლად უნდა გაიკეთონ.

ორსული ქალებისათვის გრიპის ვაქცინა უსაფრთხოა, ხოლო გრიპი კი ბავშვის გონებრივი ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის შესაძლოა ძალიან სახიფათო იყოს.

ადამს უალდორფმა და მისმა კოლეგებმა შვედეთის ეროვნული რეესტრში არსებული პაციენტების მონაცემები გაანალიზეს, კერძოდ კი 1973-დან 2014 წლამდე ჰოსპიტალიზირებული ორსული ქალები.

“შემდეგ კი ჩვენ 41 წელი გვქონდა, რათა დაბადებული ბავშვების მდგომარეობა და ჯანმრთელობა შეგვესწავლა”, – აცხადებს ის.

მთლიანობაში კვლევის ფარგლებში მათ 1 791 520 ბავშვის მონაცემები გაანალიზეს და ამოიცნეს ისინი, რომელთა დედებსაც ორსულობის დროს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.

კვლევა ოთხშაბათს ჟურნალ Jama Psychiatry-ში გამოქვეყნდა, კვლევის ავტორის, ადამს უალდორფის თქმით კი შედეგები საკმაოდ საკვირველია.

ბავშვებს, რომელთა დედებმაც ორსულობის დროს ინფექცია გადაიტანეს, აუტიზმის დადგენის რისკი 79 პროცენტით ჰქონდათ მომატებული, ისევე როგორც ზრდასრულ ასაკში დეპრესიის დიაგნოზის დასმის 24%-ით მომატებული რისკი.

“ასეთ ბავშვებში ასევე დავაფიქსირეთ სუიციდის მომატებული სიხშირე, რაც დეპრესიის მიმართ მიღებულ შედეგს კიდევ უფრო აძლიერებს”, – აცხადებს ადამს უალდორფი.

ბავშვებში აუტიზმისა და დეპრესიის მომატებული რისკი ფიქსირდებოდა იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად მძიმე იყო დაავადება, ანუ ბავშვზე გავლენა სეფსისის, გრიპის, პნევმონიისა და მენინგიტის შემთხვევაშიც ისეთივე იყო, როგორიც, მაგალითად, საშარდე გზების ინფექციის ქონის შემთხვევაში.

კვლევის ფარგლებში ბიპოლარული აშლილობის, ან ფსიქოზის, მათ შორის, შიზოფრენიის რისკის მომატება არ დაფიქსირებულა.

“საჭიროა დამატებითი კვლევები, რათა გაირკვეს თუ როგორ მიმდინარეობს საშარდე გზების ინფექციები და რა გავლენას შეიძლება ახდენდეს ეს ნაყოფის ჯანმრთელობაზე”, – აცხადებს ადამ უალდორფი.

დამატებითი კვლევებია საჭირო ნაყოფის ტვინის იმ უბნების უკეთ შესასწავლად, რომლებიც, როგორც ჩანს, დედის ორგანიზმში არსებული ინფექციების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია.

“ჰიპოკამპი ტვინის ძალიან მგრძნობიარე ნაწილია, რომელიც ზიკას ვირუსის სამიზნეა. არ არის გამორიცხული, რომ მასზე გავლენას სხვა ტიპის ინფექციებიც ახდენდეს. ტვინის ეს რეგიონი ადამიანის სოციალურ და ემოციურ ფუნქციონირებაზე დიდ გავლენას ახდენს”, – აცხადებს ის.

პროფესორ მარგარეტ მაკკართის თქმით, რომელიც მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ნეირომეცნიერია, აღნიშნული კვლევა მასშტაბურობით გამორჩეულია.

“ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ორსულობის დროს მიმდინარე ინფექციებისა და მის მიერ გამოწვეული გართულებების შესახებ ჩატარებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ღრმა კვლევაა”, – აცხადებს მაკკართი, რომელსაც კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია.

ის ფაქტი, რომ ბავშვზე გავლენას არა მხოლოდ მძიმე, არამედ მსუბუქი ინფექციებიც ახდენს, ნიშნავს, რომ ბავშვის მუცლად ყოფნის დროს მიმდინარე პროცესები ძალიან ფაქიზია. ტვინის ჩამოყალიბების დროს სავარაუდოდ არსებობს ჩვენთვის უცნობი პერიოდები, რა დროსაც ტვინი გარემო ფაქტორების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა.

მარგარეტ მაკკართი იკვლევს, თუ რა სქესისმიერი განსხვავებები არსებობს ტვინის ჩამოყალიბების პროცესში. მან აღმოაჩინა, რომ კაცების ტვინზე ჩამოყალიბებისას დიდ გავლენას იმუნური სისტემის სიგნალები ახდენს.

“ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს შეიძლება ნეიროგანვითარების დარღვევებსა და ისეთ ნეიროფსიქიატრულ გართულებებს იწვევდეს, როგორიც არის, მაგალითად, აუტიზმი”, – აცხადებს მაკკართი.

მიუხედავად ამისა, ის აცხადებს, რომ ტვინის ჩამოყალიბების პროცესში იმუნური სისტემის მოლეკულების მატებამ ან განსაკუთრებულმა კლებამ ტვინის განვითარებაზე შესაძლოა სავალალო გავლენა იქონიოს.

“ტვინის ჩამოყალიბების პროცესი ძალიან კომპლექსურია, ხშირად, ის, რასაც ჩვენ უსაფრთხოდ ვთვლით, შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვენ კვლავ ბევრი რამ არ ვიცით იმ სასიგნალო მოლეკულების შესახებ, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ”, – აცხადებს ის.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგიისა და ფსიქიატრიის პროფესორი ალან ს. ბრაუნი აცხადებს, რომ კვლევა შექებას იმსახურებს. თუმცა, ის ასევე ამბობს, რომ კვლევის დასკვნა შესაძლოა “ინფექციების მკურნალობის სურვილით იყოს განპირობებული.”

“ერთ-ერთმა წინამორბედმა კვლევამ აჩვენა, რომ მესამე ტრიმესტრში ინფექციების მკურნალობა აუტიზმთან იყო დაკავშირებული”, – აცხადებს ბრაუნი.

“1990-იანი წლებიდან ჩვენ გამოვავლინეთ, რომ გარკვეული პათოგენები, მაგალითად, გრიპის ვირუსი, წითურა და ტოქსოპლაზმოზი შიზოფრენიასთანაა კავშირში. ახლახან კი ჩვენ ისიც გამოვავლინეთ, რომ ორსულობის დროს გადატანილი გრიპი ბიპოლარულ აშილილობასთანაა კავშირში”, – ამბობს ის.

ბრაუნს მიაჩნია, რომ აღნიშნული კვლევები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ორსულობის დროს გადატანილი ინფექციები აუტიზმთანაა კავშირში.

“ორსულ ქალებს პანიკის საფუძველი არ აქვთ. უბრალოდ მათ მაქსიმალურად უნდა სცადონ, რომ ნებისმიერი სახის ინფექცია თავიდან აირიდონ, ხოლო თუ ინფექცია თავს მაინც იჩენს, მისი მკურნალობა სიფრთხილითა და დაკვირვებით უნდა მოხდეს”, – აცხადებს მარგარეტ მაკკართი.

წყარო: CNN

წყარო : on.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები