ორსულობის ტესტის გამოყენება ყველაზე მარტივი, სწრაფი და სანდო ხერხია ფეხმძიმობის დასადგენად. მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში არის შესაძლებელი მიზერულ ფასად. განხვავდება ტესტის სახეები, თუმცა ძირითადად ჩასადებ კოლოფზე დატანილი ინსტრუქცია რადიკალურად განსხვავებული არ არის ერთმანეთისგან და ძალიან მარტივია გამოსაყენებლად.

რამდენად ზუსტია ტესტის შედეგი?

ორსულობის ტესტი არის ძალიან ზუსტი, თუკი მას იყენებ სწორად.აფთიაქში ნაყიდი ტესტი 100-დან 99 შემთხვევაში არ ცდება და ისეთივე სანდოა, როგორიც ექიმის ოფისში ჩატარებული შარდის ტესტი.

ტესტის მუშაობის მექანიზმი ძალიან მარტივია-იგი ადგენს შარდში ქორონიული გონადოტროპინის (HCG) ჰორმონის არსებობას. ხსენებული ჰორმონი ორგანიზმში მხოლოდ ორსულობისას გამოიყოფა. ტესტი უფრო მეტად ზუსტია, თუკი მას გამოიყენებთ მენსტრუაციის გადაცდენის შემდეგ, ასევე რეკომენდირებულია დილით ჩატარდეს ტესტი. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა პასუხი არ არის სწორი, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ტესტი ვადაგასულია ან არ იყენებთ სწორად. ამ ყველაფრის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად დააკვირდით გამოშვების თარიღს და ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას. არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, რის შემთხვევაში შეიძლება ტესტმა არასწორი პასუხი გიჩვენოთ :

ტესტის ჩატარების არასწორი დრო – მენსტრუაციული ციკლის შეკავების პირველივე დღეებში დიდი შანსია ტესტმა არასწორი პასუხი გიჩვენოთ. უმჯობესია მოიცადოთ 1-2 კვირა მაინც და შემდეგ შეამოწმოთ.

დიდი რაოდენობით სითხე – თუკი ტესტის ჩატარებას აპირებთ, მოერიდეთ სითხეების მიღებას, რადგან იგი ჰორმონის დონეს  განაზავებს შარდში და მცდარი შედეგის ალბათობა უფრო დიდია.

საშვილოსნოსგარე ორსულობა – მისი დადგენა რთულია, რადგან საშვილოსნოს გარეთ ნაყოფიერდება კვერცხუჯრედი და ეს ფაქტორი ხელს უშლის ორგანიზმს HCG-ს ზუსტი დონის განსაზღვრაში.

მედიკამენტები – ტესტის ცდომილების შანსი გაიზრდება, თუკი იღებთ მედიკამენტებს ტესტის გაკეთების მომენტში. ასეთი პრეპარატებია: ტრანკვილიზატორები,ჰორმონალური პრეპარატები, შარდმდენი საშუალებები და სხვა.

როდის შეიძლება ორსულობის ტესტის გამოყენება?

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ორსულობის ტესტი მას შემდეგ, რაც მენსტრუალური ციკლი გადაგიცდებათ.  ორსულობის ადრეულ ვადაზე დადგენა ძალიან კარგია, რადგან  თავიდანვე დაიწყებთ ნაყოფზე ზრუნვას და მოერიდებით ყოველგვარ ხელისშემშლელ ფაქტორებს, მაგ: ალკოჰოლს, სიგარეტს და სხვა.

ზოგიერთი ორსულობის ტესტის ინსტრუქცია ირწმუნება, რომ იგი მოქმედებს მენსტრუაციის გადაცდენამდე რამდენიმე დღით ადრეც, თუმცა ხშირ შემთხვევაში ასეთი შედეგი არ არის ზუსტი. გაეცანით ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას, რათა დაადგინოთ ტესტის გამოყენების დრო და სიზუსტე. იმ შემთხვევაში, თუკი ციკლი არ არის რეგულარული, ზუსტი შედეგისთვის უმჯობესია, ჩაიტაროთ ორსულობის ტესტი დაუცველი ურთიერთობიდან 3 კვირის შემდეგ.

რამდენიმე სახის ორსულობის ტესტი არსებობს და განსხვავება მათ შორის დამოკიდებულია მგრძნობელობაზე, რაც უფრო მგრძნობიარეა ტესტი, მით უფრო მაღალია მისი ფასიც. როდესაც ორგანიზმში ჰორმონის რაოდენობა ძალიან მცირეა, ზემგრძნობიარე ტესტი მაინც აღიქვამს მას. ინსტრუქციაში ყოველთვის არის მითითებული მისი  მგრძნობელობა, იგი გამოიხატება ციფრების საშუალებით -10,25,50 mME/ml . რაც უფრო მგრძნობიარეა ტესტი, მით უფრო დაბალია მითითებული ციფრი. არსებობს რამდენიმე სახის ტესტი:

  • სტრიპ ტესტი
  • ჭავლური ტესტი
  • პლანშეტური ტესტი
  • ელექტრონული ტესტი

სტიპ ტესტი- ყველაზე პოპულარული და მარტივად გამოსაყენებელი ორსულობის ტესტია, მისი საშუალო მრგძნობელობა 25 mME/ml-დან40mME/ml-მდეა. მისი გამოყენება მარტივია, დილის შარდში ისრების ნიშნულამდე ჩაუშვებთ ტესტს და აჩერებთ გარკვეული დროის განმავლობაში. ძირითადად ეს დრო მითითებულია ინსტრუქციაში. ამოღების შემდეგ დაელოდებით რამდენიმე წუთს, ამ დროს იგი ჰორიზონტალურ მდგომაროებაში უნდა იყოს, თუ გამოჩნდა ორი წითელი ხაზი, მაშინ ორსულად ხართ, თუკი მხოლოდ 1- პასუხი უარყოფითია

ჭავლური ტესტი – იგი ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და მგრძნობელობა 10-25 mME/ml-ია.  ჭავლური ტესტის გამოყენება უფრო მეტად მოსახერხებელია ხშირ შემთხვევაში და უფრო ჰიგიენურიც, რადგან არ მოითხოვს შარდის რომელიმე ჭურჭელში მოთავსებას. მისი პირდაპირ შარდზე მიშვერა საკმარისია ზუსტი პასუხისთვის,რადგან თვითონ ტესტი არის იმგვარად აგებული, რომ  შიდა მილაკები ივსება ჭავლით და 2 წუთის შემდეგ იძლევა სწორ პასუხს. მისი მაღალი მგრძნობელობის გამო მენსტრუაციის გადაცილებამდეც წარმატებით გამოიყენება.

პლანშეტური ტესტი-მგრძნობელობის თვალსაზრისით ისეთივეა, როგორიც ჭავლური ტესტი და ასევე ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. მას ასევე კასეტურ ტესტსაც უწოდებენ და მოყვება საწვეთური კომპლექსში. მას ორი ფანჯარა აქვს, ერთზე ხდება შარდის დაწვეთება, ხოლო მეორე- აჩვენებს შედეგს. პლანშეტური ტესტი უფრო სრულყოფილია და მას გამოიყენებენ პროფესიონალური ანალიზებისთვის.

ელექტრონული ტესტი- სხვა ტესტებისგან განსხვავებით იგი მრავალჯერადი გამოყენებისაა და მგრძნობელობა ძალიან მაღალი აქვს – 10 Mme/ml. მისი გამოყენებისას დეტალურად გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ძვირადღირებულმა მგრძნობიარე ტესტმაც კი შეიძლება მცდარი პასუხი აჩვენოს არასწორი გამოყენების შემთხვევაში. ამ ტესტის გაკეთებისას შარდის ჭავლის გამოყენებით 2 წუთის განმავლობაში დგინდება ორსულობა, მაგრამ სხვა ყველა ტესტისგან განსხვავებით, აქ არ წითლდება ხაზები. პირდაპირ ეწერება pregnant-ორსულობის შემთხვევაში და non pregnant-თუკი პასუხი უარყოფითია.

რა უნდა გავაკეთოთ, თუკი ტესტი დადებითია?

ორსულობის ტესტი გამოიყენეთ ინსტრუქციის მიხედვით და ის დადებით პასუხს გიჩვენებთ? გილოცავთ, თქვენ ორსულად ხართ. თუმცა, ყოველთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ შედეგი და ჩაიტაროთ კიდევ ერთი ტესტი, რათა 100%-ით იყოთ დარწმუნებული. ამის შემდეგ უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რათა უკვე მან დაადასტუროს ორსულობა და მოგცეთ შესაბამისი რჩევები, ასევე ჩატარდეს საჭირო გამოკვლევები, როდესაც ამის დრო მოვა. სულ მალე შეგეძლებათ თქვენი პატარას დანახვა და რამდენიმე კვირაში მის გულისცემასაც მოისმენთ.

წყარო : pregnancy.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები