ოჯახში ძალადობის შედეგი ბავშვებსა და მოზარდებში – ფსიქოლოგი ეკა კაპანაძე

ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქტებს ანხორციელებენ, არ ძალუძთ საკუთარი ემოციების კონტროლი –  ფსიქოლოგი ეკა კაპანაძე

 ძალადობის რა ფორმები არსებობს?

ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა არის ძალადობა ოჯახში, რომლის დროსაც ადგილი შეიძლება ქონდეს როგორც ფიზიკური (ცემა), სექსუალური, ასევე ფსიქოლოგიური (ყვირილი, გინება, დამცირება და სხვ.) ძალადობის ფორმებს. ძალადობის ამგვარი ფორმები, გამოიყენება ოჯახის ერთ-ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ. ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმა დესტრუქციული ხასიათის არის და დამანგრეველი შედეგი შეიძლება ქონდეს არა მხოლოდ შიდაოჯახურ ურთიერთობაზე, არამედ მწვავედ აისახოს ოჯახის სხვა წევრების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ოჯახური ძალადობის დროს, რა ფორმისაც არ უნდა იყოს იგი, უგულებელყოფილია პიროვნების ინდივიდუალურობა, ღირსება და პატივისცემა.

 როგორია ამ დროს მოძალადის ფსიქოლოგია?

ოჯახური ძალადობა ხშირ შემთხვევაში იმიტომ ხდება, რომ მოძალადე თვლის, რომ ძალადობა ნებადართულია და გამართლებული. ასეთ დროს ძალადობამ შეიძლება ქრონიკული ხასიათი მიიღოს.  ძალადობრივი ტენდენციები შეიძლება იყოს სხვადასხვა მწვავე ფსიქიკური ჯანმრთელობის შედეგი. ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენებამ შეიძლება ჩამოაყალიბოს ძალადობრივი ქცევა, იმ შემთხვევებშიც კი თუ პიროვნებას ჩვეულებრივ არ  ახასიათებს  მოძალადეს ქცევა. პოსტრავმატული სტრესიც შეიძლება იყოს აგრესიული ფიქრების ძალადობრივი გზით გამოხატვის საშუალება.

როგორია ოჯახის როლი ოჯახური ძალადობის   შემთხვევების პრევენციაში  და  რა რეკომენდაციები არსებობს მშობლებისთვის?

მოკლე აღწერილობითაც ჩანს, რომ ოჯახში ადგილი აქვს ოჯახის წევრებს შორის დესტრუქციულ ქმედებებს. სამწუხაროდ, თუ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა ძირითადად დამყარებულია დამცირებაზე, შეურაცხყოფაზე, მეტყეველებს იმაზე, რომ ადამიანები არ არიან ინფორმირებულნი ძალადობის სახეობების შესახებ. პირველ რიგში, ისინი ვერ იაზრებენ იმ შედეგებს, რომლებმაც შეიძლება სხვას მოუტანოს. სწორედ, ზრდასრულების მაქსიმალური ინფორმირებულობა შეიძლება ჩავთვალოთ ძალადობის პრევენციის წინაპირობად. ამიტომ მნიშვნელოვანია გაგაცნოთ ის შედეგები, რომლებიც შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის ძალადობამ:

  • დაბალი თვითშეფასება · დეპრესია · შფოთვა · თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება · ქცევითი პრობლემები · ალკოჰოლიზმი, ნარკომანია.

შეიძლება გამოვყოთ რამოდენიმე პუნქტი თუ რატომ მიმართავენ ადამიანები ძალადობრივ ქმედებებს:

  • გამოხატვა – ზოგიერთი ადამიანი ძალადობას იყენებს, იმისათვის რომ აგრესიისაგან განთავისუფლდეს.
  • მანიპულაცია – ძალადობა გამოიყენება, როგორც გზა სხვაზე კონტროლის მოპოვების მიზნით.
  • შურისძიება – ძალადობა გამოიყენება, როგორც შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც მათ ზიანი მიაყენა ან ვინმეზე, ვიზეც ზრუნავენ.
  • ძალადობა დასწავლილი ქცევაა – როგორც ყველა დასწავლილი ქცევა, მისი შეცვლა შეიძლება, თუმცაც ეს არ არის იოლი. ვინაიდან არ არსებობს ერთი კონკრეტული ძალადობის გამომწვევი მიზეზი, არ არსებობს მისი ერთი მარტივი გადაწყვეტის გზა.

 ოჯახში ძალადობის შედეგი ბავშვებსა და მოზარდებში:

ოჯახში ძალადობა განიხილება ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფსიქიკურ და ფიზიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და ნორმალურ განვითარებას.

ოჯახური პირობები, რომელიც მოიცავს სოციალურ მდგომარეობას, ოჯახის წევრთა საქმიანობის ტიპს, მატერიალურ უზრუნველყოფას და მშობლების განათლების დონეს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არასწრულწლოვანის შემდგომ ცხოვრებისეულ გზას. გარდა იმისა, რომ ცნობიერი და მიზანმიმართული აღზრდა, რომელსაც ოჯახი აძლევს ბავშვს, ბავშვზე ზეგავლენას ახდენს მთლიანად  შიდაოჯახური ატმოსფერო და ამავდროულად ამ ზეგავლენის შედეგი გროვდება ასაკთან ერთად, რაც საბოლოოდ მის პიროვნულ სტრუქტურაში აისახება. მშობლების მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვა, მიმიკა, ჟესტი, ტემბრი და ხმამაღალი საუბარი, შეხება და მოქმედება ბავშვს აძლევს საკუთარი თვითშეფასების შესახებ  ინფორმაციას. სამწუხაროდ, მშობლების უმრავლესობა ვერც კი აცნობიერებს, თუ რა კონკრეტული გზავნიალია ამ შეტყობინებებში ჩადებული ბავშვისთვის.

ძალადობის ზეგავლენა ძალადობის მოწმე ბავშვებზე?

პირიქით, ბავშვები, რომლებიც მუდმივი ოჯახური ძალადობის მოწმეები არიან, ხშირად დაუცველები არიან, ისინი იზრდებიან სასტიკი წესების ატმოსფეროში, მუდმივად ელიან დასჯას და არ გააჩნიათ შესაძლებლობა იგრძნონ პირადი პასუხისმგებლობა რამეზე. ამ ბავშვებს ძალიან დიდი რისკი აქვთ დესტრუქციული ქცევებისადმი, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე გარშემომყოფი ადამიანების მიმართ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც უნდა ახსოვდეთ ოჯახის ზრდასრულ წევრებს, ამგვარი ქმედებებით ყველაზე ძალიან ზიანდებიან ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრები, რომლებიც უნებლიედ მონაწილენი ხდებიან ზრდასრულების კონფლიქტურ ურთიერთობის. კონფლიქტური ურთიერთობები აყალიბებს მძიმე ოჯახურ სიტუაციას, სადაც ბავშვს უჭირს იმის გაგება, თუ რომელ მშობელზე შეუძლია მას გააკეთოს ორიენტირი, ვინაიდან თითოეული მათგანი ცდილობს დაამტკიცოს და აჩვენოს რომ მხოლოდ იგია მართალი. ოჯახური კონფლიქტის ნეგატიური ზეგავლენა ბავშვზე აისახება თითქოსდა ორი მიმართულებით. ერთის მხრივ, ბავშვი ადრეული ასაკიდან ხდება მუდმივი მოწმე მშობლების უთანხმოების, ჩხუბისა და სკანდალების, ხოლო მეორეს მხრივ იგი შეიძლება გახდეს კონფლიქტში მონაწილე მშობლების ემოციური განტვირთვის ობიექტი.

იმ ბავშვების ფსიქოლოგია, რომლებიც მშობლებისგან განიცდიან (ვერბალურსა თუ  ფიზიკურ) ძალადობას?

როგორც ცნობილია, ბავშვის ფსიქიკა, მისი სულიერი სამყარო, აღქმა და მისი დამოკიდებულება გარე სამყაროსთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან  მიმართებაში ყალიბლება ადრეული ასაკიდან ოჯახში იმ ატმოსფეროს ზეგავლენით, რომელშიც იზრდება. ემოციური განწყობა, რომელიც ოჯახის წევრებს შორის არის, გააჩნია არც თუ ისე მცირე მნიშვნელობა. ხანდახან, მშობლები არ ითვალისწინებენ იმ ფაქტს, რომ მათ შორის მოუგვარებელი საკითხები, ბავშვს ტვირთად აწვება მხრებზე, რამაც ბავშვის ფსიქიკა შეიძლება  საგრძნობლად დააზიანოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ოჯახური ძალადობის შედეგის ძალა და სიღრმე დამოკიდებულია არასრულწლოვანის ასაკზე, გამოცდილებაზე, რომელიც აქამდე ქონდა მას მიღებული ოჯახში და ცხოვრებაში, ხასიათზე, ტემპერამენტზე, აღზრდასა და მგრძნობელობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ ბავშვის, მოზარდის ჩამოუყალიბებელი  ფსიქიკა სტრესისადმი არც თუ ისე მყარია.

რა განრიდების მექანიზმები არსებობს ასეთ შემთხვევაში?

თუ ჩვენ მთელ ძალისხმევას მივმართავთ იმაზე, რომ ოჯახი ბავშვისთვის იყოს ის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია მიიღოს ნამდვილი ჰუმანური აღზრდა, ამით ჩვენ ვუზრუნველყოფთ უფრო მეტად უსაფრთხო და ადამიანურ გარემოს შექმნას ჩვენს გარშემო.  იმისათვის, რომ შევძლოთ დავინახოთ თუ რა სახის ურთიერთობაა წარმართველი ჩვენს ოჯახურ ურთიერთობებში, საჭიროა განვსაზღვროთ, თუ:

  1. რა ტიპის ურთიერთობაა დომინანტური შიდაოჯახურ სისტემაში;
  2. დავიჯეროთ, რომ შეიძლება ყველაფრის შეცვლა;
  3. დავიწყოთ მოქმედება, იმისათვის რომ მივაღწიოთ ცვლილებებს.

საჭიროა ოჯახში შევქმნათ სასიამოვნო ფსიქოლოგიური გარემო, სადაც უნდა იყოს უშუალობის, გულწრფელობისა და ურთიერთგაგების ატმოსფერო.

ამგვარად, თუ კარგად მოხდება კონფლიქტის გააზრება, უდაოდ შესაძლებელია მისი გადაჭრის გზების მოძიება ოჯახში, დამცირებისა და შეურაცხყოფის თავიდან აცილების გზით, რომელიც შემდგომში საშუალებას მოგვცემს დავამყაროთ კონსტრუქციული ურთიერთობები და ეფექტურად გადავწყვიტოთ დაგროვილი პრობლემები. ამით, ჩვენ მომავალ თაობას დავიცავთ აგრესიული და დესტრუქციული ქცევებისგან.

რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენ?

ყველაზე საუკეთესო რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, ისწავლოთ ძალადობის გამაფრთხილებელი ნიშნების ამოცნობა და მიიღოთ დახმარება საჭიროებისამებრ. ხშირად ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ აქტებს ანხორციელებენ, არ ძალუძთ საკუთარი ემოციების კონტროლი.

ავტორი: მარიკა ხორავა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები