ნაადრევი ქორქინება და მასთან დაკავშირებული რისკები

ადრეული ანუ ნაადრევი ქორწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც 18 წლამდე ასაკისაა. გაეროს მოსახლეობის ფონდი ( UNFPA) ნაადრევ ქორწინებას ადამიანის უფლებების დარღვევად აფასებს.

სტატისტიკა

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველწლიურად  18 წლამდე ასაკის დაახლოებით 37,000, ანუ ყოველი მეხუთე გოგონა, ქორწინდება. ამ მხრივ განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობაა ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც გოგონათა 40 პროცენტი 18 წლამდე, 12 პროცენტი კი – 15 წლამდე ასაკში ქორწინდება.

მსოფლიოში ნაადრევი ქორწინების (ურთიერთობის) ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ აფრიკაში ფიქსირდება. აქ 20-24 წლის ასაკის გოგონების თითქმის ნახევარი (45 პროცენტი) აცხადებს, რომ 18 წლამდე, ყოველი მეხუთე გოგონა (17 პროცენტი) კი – 15 წლამდე ასაკში დაქორწინდა. ყველაზე მეტი არასრულწლოვანი პატარძალი ინდოეთშია (მსოფლიოს არასრულწლოვანი პატარძლების ერთი მესამედი), აზიაში ამ მხრივ ბანგლადეში ლიდერობს. გოგონებისა და ვაჟების ნაადრევი ქორწინების შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია ნეპალში.

ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული რისკები

ყველა თანხმდება იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინება უარყოფითად მოქმედებს როგორც ვაჟებზე, ასევე გოგონებზე, თუმცა გაეროს ბავშვთა ფონდის შეფასებით, ის გაცილებით დიდ საფრთხეს უქმნის გოგონების ჯანმრთელობასა და სოცოცხლეს. ნაადრევი ქორწინება ზღუდავს გოგონების სამომავლო პერსპექტივებს. ქორწინებას თან ახლავს ნაადრევ ასაკში დაორსულება, რაც ორსულობის პერიოდისა და მშობიარობის გართულებებთანაა დაკავშირებული და არასრულწლოვანი გოგონების გარდაცვალების მთავარ მიზეზად ითვლება.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთ-ერთ კვლევაში აღნიშნულია, რომ „ნაადრევ ქორწინებას უმეტეს შემთხვევაში ორსულობა მოსდევს მაშინაც კი, როცა არასრულწლოვანი გოგონა ამისთვის ფიზიკურად და მენტალურად მზად არაა.“ ორგანიზაციის ინფორმაციით, განვითარებად ქვეყნებში ნაადრევად დაქორწინებული 10 გოგონადან 9 შვილს აჩენს. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნებში ორსულობისა და მშობიარობის პერიოდის გართულებები 15-დან 19 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი გოგონების გარდაცვალების წამყვანი მიზეზია.

გოგონები, რომლებიც ნაადრევ ასაკში ქორწინდებიან, ხშირად სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით ავადდებიან. ხშირია შემთხვევები, როცა დაქორწინებულ არასრულწლოვნებს სკოლაში სიარულის შესაძლებლობას არ აძლევენ და მათ მხოლოდ დიასახლისის პასუხისმგებლობისთვის თავის გართმევა უწევთ. იმ გოგონების ჯანმრთელობისა და ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებიც სკოლას ტოვებენ გაცილებით ცუდია ვიდრე მათი, ვინც სკოლაში სიარულს განაგრძობს.

ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი ფაქტორები

ნაადრევ ასაკში ქორწინებას „სიღარიბისა და  სქესის ნიშნის მიხედვით დისკრიმინაციის ტოქსიკურ პროდუქტად“ მოიხსენებენ. ბევრი ღარიბი მშობელი მიიჩნევს, რომ ქორწინება მათ შვილს დაიცავს – მის კეთილღეობაზე სხვა ოჯახი იზრუნებს. იგივე ხდება არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ჰუმანიტარული კრიზისის დროს. ბევრ მშობელს აქვს მცდარი მოსაზრება, რომ ქორწინება მათ შვილს სექსუალური ძალადობისგან დაიცავს. სამწუხაროდ, ზოგი მშობელი შვილს ტვირთად, ზოგი კი – გასაყიდ ნივთად მიიჩნევს.

ამ მხრივ აღსანიშავია, ქორწინების „გადასახადი“ მანკიერი ტრადიცია. ზოგიერთ ადგილებში, სადაც პატარძლის ოჯახი სიძის ოჯახს „გადასახადს“ უხდის, მცირე ასაკის პატარძლის ოჯახს ნაკლების გადახდა ევალება, რის გამოც. ზედმეტი „ხარჯის“ თავიდან ასაცილებლად ოჯახი ქალიშვილს ადრეულ ასაკში აქორწინებს. იმ ადგილებში კი, სადაც პირიქით – სიძის ოჯახი უხდის პატარძლის ოჯახს გადასახადს, ბევრი მშობელი შვილს მატერიალური კეთილდღეობის გამო აქორწინებს.

ნაადრევი ქორწინების პრევენცია

უკანსაკნელ წლებში ნაადრევი ქორწინების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. გაეროს მოსხლეობის ფონდის ინფორმაციით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში  არასრულწლოვანთა ქორწინების დაახლოებით 25 მილიონი ფაქტის თავიდან აცილება მოხდა. სტატისტიკის თანახმად, 2000 წელს 20-24 წლის ასაკის ყოველი მესამე ქალი აცხადებდა, რომ ადრეულ ასაკში დაქორწინდა. ეს მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა 2018 წელს, როდესაც ნაადრევად ყოველი მეხუთე არასრულწლოვანი ქორწინდებოდა.

მიუხედავად კლებადი ტენდენციისა, ადრეული ქორწინების სტატისტიკა ჯერ კიდევ საგანგაშოა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო მოსახლეობის ზრდასთან ერთად 2030 წლისთვის  არასრულწლოვნების ქორწინების მაჩვენებელიც გაიზრდება.

საერთაშორისო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური გზა ქვეყნების მთავრობების მიერ ისეთი კანონის შემოღებაა, რომლითაც ქორწინების ქვედა ზღვარი 18 წელი იქნება და რომელიც არასრულწლოვანს იძულებითი (თუნდაც მშობლების მხრიდან) ქორწინებისგან დაიცავს.

გაეროს ბავშვთა ფონდი ქვეყნების მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სხვა პარტნიორებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს, რათა მათ ერთობლივი ძალით უზრუნველყონ არასრულწლვნების მეტი ინფორმირებულება სქესობრივი ცხოვრების, ორსულობის და მშობიარობის შესახებ. ასევე, რეპროდუქციული ჯანრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა, რათა თავიდან აიცილონ ადრეული ორსულობა და მშობიარობა. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი ქორწინებაში იმყოფება, ორსულადაა ან მშობელი ხდება, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩინონ, მათ შორის, უზრუნველყონ ისინი ფორმალურ ან არაფორმალურ სასწავლო დაწესებულებებში განათლების მიღების შესაძლებლობით.  

ამ ზომების მიღება აუცილებელი იმისთვის, რომ მსოფლიოში მეტი ჯანსაღი და ძლიერი ადამიანი, ოჯახი და საზოგადოება არსებობდეს, რაც თავის მხრივ ძლიერი ეკონომიკების საფუძველია. მსოფლიოს არცერთმა ქვეყანამ არ უნდა დაუშვას ადამიანების შესაძლებლობების, ნიჭისა დაკარგვა, პიროვნების ექსპლუატაცია, რაც ნაადრევი ქორწინების გარდაუვალი შედეგია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები