სიმღერა და მუსიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ცხოვრებაში. ბავშვის დაბადებიდანვე მშობლები აბსოლუტურად ინსტინქტურად იყენებენ მუსიკას პატარას დასამშვიდებლად, მისი საშუალებით გამოხატავენ ბავშვისადმი სიყვარულს, ბედნიერებას. ყველაფერთან ერთად მუსიკა შვილთან ინტერაქციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაცაა.

რეალურად მუსიკა უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე, აუმჯობესებს მის სოციალურ უნარებს და სარგებლობა მოაქვს ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის.

მუსიკა და ტვინის განვითარება:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის  კვლევის თანახმად, მუსიკის მოსმენა ტვინის განვითარებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ავითარებს ტვინის იმ ნაწილს, რომელზეც დამოკიდებულია მეტყველების გამართულობა და კითხვის უნარის გამომუშავება.

კიდევ ერთი კვლევის მიხედვით კი, რომელიმე მუსიკალურ საკრავზე დაკვრის სწავლა აუმჯობესებს მათემატიკურ აზროვნებას და თუ ბავშვი  რომელიმე საკრავზე დაკვრას სწავლობს, ის ზუსტი მეცნიერებების მიმართ უკეთეს უნარს ამჟღავნებს და უადვილდება ციფრებთან ურთიერთობა.

მუსიკის დადებითი მხარე მხოლოდ  მოზარდის აკადემიურ მოსწრებაზე არ აისახება. ვითარდება ბავშვის როგორც ინტელექტუალური, ასევე სოციალური და ემოციური უნარები. ის ეხმარება სხეულსა და გონებას, რომ ერთად იმუშაოს, აუმჯობესებს უცხო ენების სწავლის შესაძლებლობას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

უფრო მეტიც გარდა გონებრივი განვითარებისა მუსიკა დადებითად მოქმედებს მოზარდის ემოციურ მდგრადობაზეც. მას ბავშვისთვის სიხარული და ბედნიერების განცდა მოაქვს.

მუსიკის მოსმენა, სიმღერა ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის სასარგებლოა. მუსიკის საშუალებით მოზარდები საკუთარ თავს გამოხატავენ.

ჩვილებს შეუძლიათ ნაცნობი მელოდიების ამოცნობა ჯერ კიდევ მაშინ, როცა არ ესმით სიტყვები. ისინი ცდილობენ, მიმიკებით აყვნენ მუსიკას და იწყებენ მოძრაობას მაშინვე, როცა ფიზიკურად ამის შესაძლებლობა აქვთ. წყნარ და მშვიდ მუსიკას ჩვილზე დამამაშვიდებელი ეფექტი აქვს.

მასალის ავტორი: ნათია ხარბედია