ძილი – ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, თუმცა გონებას სინამდვილეში არასდროს სძინავს. რეალურად ის მშვიდ მდგომარეობაში არასდროსაა.

ძილის დროს ადამიანის ტვინი ხუთ ეტაპს გადის. ძილის ნელი (non-REM) ფაზა მოიცავს პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ეტაპებს, სწრაფი (REM) კი მეხუთეს და სწორედ ამ საფეხურზე ვნახულობთ სიზმრებს.  მთელი ღამის განმავლობაში REM და NREM-ის პერიოდები ერთმანეთს ენაცვლებიან.

ყველას ცხოვრებაში გვქონია ისეთი პერიოდი, როცა გვიჭირს ჩაძინება, ან ძილის პროცესში გვეღვიძება. თუმცა, ჩვენ ლექსიკონში მოინახება სიტყვა – სომნაბულიზმიც.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

რა არის სომნაბულიზმი და მისი გამომწვევი მიზეზები, შეიძლება თუ არა, რომ არასწორი ძილის რეჟიმი გახდეს ჩვენ პატარაში მისი გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი.

 თამარ ედიბერიძე  – ბავშვთა ნევროლოგი, ძილის სპეციალისტი:

სომნაბულიზმი, ანუ ძილში სიარული მიეკუთვნება ძილის არაორგანული ტიპის დარღვევებს და აღმოცენდება მხოლოდ სათანადო განწყობის მქონე პირებში. დღეს უკვე თამამად საუბრობენ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე, რაც სპეციალური განათლების გარეშეც თვალსაჩინოა იმ ოჯახებისთვის, სადაც ოჯახის რამდენიმე წევრს ახასიათებს ეს მდგომარეობა. სომნაბულიზმი არ უკავშირდება რაიმე ტიპის ორგანულ დაზიანებას და არც მეორადად დამაზიანებელი გავლენა აქვს თავის ტვინზე. მარტივად, რომ ვთქვათ, ის უსაფრთხოა პაციენტისათვის, თუ გადაადგილების დროს არ დაიზიანა თავი შემთხვევით. ძილის არასწორი რეჟიმი მისი მიზეზი ვერ გახდება, თუმცა სათანადო განწყობის მქონე ადამიანებში, შეიძლება მოახდინოს კონკრეტული ეპიზოდის პროვოცირება.

 

 

  • რა სიმპტომები ახასიათებს სომნამბულუზმს ?

თავისი არსით ეს არის სიარული, გადაადგილება ძილის დროს. ადამიანს ამ დროს სძინავს და ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის თავს. გადაადგილება პირობითია და შეიძლება მხოლოდ ლოგინში წამოჯდომით გამოიხატოს, ან ადგეს და მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი გადადგას ოთახში. თუმცა, სხვა პიროვნებამ, შეიძლება, დატოვოს საძინებლის ტერიტორია, სახლიდანაც  კი გავიდეს და ქუჩაში გამოფხიზლდეს. ყოფილა ეპიზოდები, როცა სომნაბულიზმის ეპიზოდის დროს ადამიანები მართავდნენ მანქანას და გაუცნობიერებლად ძალადობაც ჩაუდენიათ.

  • როგორია ბავშვების ქცევა ასეთ დროს ?

ავტომატური და გაუთვითცნობიერებელი. ამ დროს ადამიანები უმეტესად ასრულებენ ნაცნობ, ბევრჯერ გამეორებულ და სიფხიზლეში ნაფიქრ მოქმედებებს. მაგრამ ეს ქმედებები შეიძლება მოკლებული იყოს ლოგიკას, კონტექსტს, ხორციელდებოდეს ავტომატურ რეჟიმში.

  • მკურნალობის ხერხები უცნობია. არაერთი მითი არსებობს ამის შესახებ. რა გამოსავალი უნდა ეძებოს მშობელმა, რათა დაიცვას შვილი სხვადასხვა დაზიანებებისა და ამ დროს წარმოქმნილი ხიფათისგან?

სომნაბულიზმის ეპიზოდის დროს იკარგება საფრთხის განცდა, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა იზრუნოს იმ გარემოს უსაფრთხოებაზე, სადაც უნდა დაიძინოს ასეთმა ბავშვმა. იგულისხმება, რომ მჭრელი, მსხვრევადი საგნები არ იყოს ბავშვის სავარაუდო გადაადგილების არეალში. ოთახი არ იყოს ავეჯით გადატვირთული, რასაც შეიძლება უნებურად დაეჯახოს ბავშვი და მიიღოს დაზიანება. კარი და ფანჯრები საიმედოდ უნდა იყოს დაკეტილი. ოჯახის წევრები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა „სასიგნალო“ სისტემებს, რომელიც გააღვიძებს ოჯახის წევრებს, ან თავად ბავშვს, თუ მან ადგომა და ძილში სიარული „გადაწყვიტა“. აქვე აღვნიშნოთ, რომ სომნაბულიზმის ეპიზოდები უმეტესად ვითარდება ჩაძინებიდან კონკრეტულ დროს და ღამეში ერთხელ. ამიტომ, თუ ეს რეგულარულია, ოჯახის წევრებისთვის უფრო ადვილია განსაზღვროს მათი შვილისთვის „კრიტიკული“ პერიოდი და განსაკუთრებით იფხიზლონ იმ საათებში. მითია, რომ არ შეიძლება სომნაბულიზმის დროს ადამიანის გაღვიძება. თუ მას საფრთხე ემუქრება და გაღვიძების გარეშე გაგიჭირდებათ მისი ლოგინში დაბრუნება, მშვიდად შეაფხიზლეთ, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს გააღვიძებდით. როდესაც ცხოვრებაში პირველი ეპიზოდია და ბავშვი დამოუკიდებლად იღვიძებს ლოგინიდან მოშორებით, ისე, რომ არ ახსოვს როგორ ადგა, ბუნებრივია შეიძლება შეეშინდეს. მთავარია, ამ დროს დავამშვიდოთ და დამატებით არ ავაფორიაქოთ ჩვენი ემოციებით. განმეორებით ეპიზოდებს, როგორც წესი, გაცილებით მშვიდად ხვდებიან ხოლმე ბავშვიც და ოჯახის წევრებიც. მითია, რომ მთვარეულობა სავსე მთვარეს უკავშირდება. ის შეიძლება მთვარის ნებისმიერ ფაზაში განვითარდეს. მითია, რომ მთვარეულს შეუძლია „ბეწვის ხიდზე“ გაიაროს. უბრალოდ, როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს იკარგება გარემოს ანალიზისა და საფრთხის განცდა. ამის გამო, ავტომატურად, შეიძლება საცალფეხო ბილიკზეც გავიაროთ, მაგრამ განსაკუთრებული სიმსუბუქე ან უნარები ამ დროს არ გვემატება.

  • თუკი ჩვენი პატარა მთვარეულია, ასაკის მატებასთან ერთად მოყვება თუ არა ამას რაიმე სახის გართულება, ან იქნებ სულაც ქრება ?

ნერვულ სისტემაზე ან შინაგან ორგანოებზე პირდაპირი დამაზიანებელი გავლენა სომნაბულიზმს არ აქვს. ასაკთან ერთად ეპიზოდების სიხშირე, როგორც წესი, იშვიათდება, თუმცა შესრულებული ქმედება ხდება უფრო კომპლექსური. ანუ ადამიანი უბრალო გადაადგილებისა და მარტივი მოძრაობებიდან, უფრო რთული შინაარსის ქცევაზე გადადის. შეიძლება „გადაწყვიტოს“ საკვების დაჭრა, შხაპის მიღება, ავტომატურ რეჟიმში მართოს მანქანა და გარკვეული დროის მანძილზე მისი ქმედებები ლოგიკურად და თანამიმდევრულადაც კი გამოიყურებოდეს. განსაკუთრებით, თუ ეს არის სიფხიზლეში ხშირად განმეორებადი და პიროვნებისთვის ჩვეული ტიპის ქცევა. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ამ დროს ადამიანი ვერ აცნობიერებს ჩადენილ საქციელს. შესაბამისად, არის საფრთხე, რომ არასრულად დაიცვას უსაფრთხოება – მაგ. ძეხვის ნაცვლად გაიჭრას ხელი, საშხაპეში მხოლოდ ცხელი წყლის ონკანი გახსნას, ავტომანქანით გარკვეული მანძილი გაიაროს, მაგრამ ბოლომდე საგზაო ნიშნებს და შუქნიშანს ანგარიში ვეღარ გაუწიოს. ძალიან იშვიათად, მაგრამ აღწერილია მკვლელობისა და გაუპატიურების ფაქტებიც, რომელიც ჩაუდენიათ ადამიანებს სომნაბულიზმის ეპიზოდის დროს. ანუ, რიგ შემთხვევებში, საფრთხე შეიძლება იყოს საკმარისად დრამატულიც, როგორც პიროვნების, ისე გარშემომყოფების მიმართ.

  • აყალიბებს თუ არა მოზარდობის პერიოდში გარკვეულ პრობლემებს? მაგალითად კომპლექსს, შიშს თუკი მათი მეგობართან დარჩენის ალბათობა დგება.

ეს მთლიანად ოჯახის წევრების და საზოგადოების პასუხისმგებლობაა, როგორი დამოკიდებულება გვექნება და რამდენად მოვახდენთ ამ მოვლენის სტიგმატიზებას. თუ მეგობარი არ არის ინფორმირებული სომნაბულიზმის შესაძლო ეპიზოდებზე, პირველი რეაქცია შეიძლება საკმაოდ მძაფრიც იყოს. ასევე, უცხო სახლში უფრო მაღალია ტრავმის მიღების რისკი. ამასთანავე ეს სულაც არ ნიშნავს, რომ უნდა ჩავიკეტოთ და მეგობართან ღამე არასოდეს გავათიოთ. უბრალოდ წინასწარ უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში და ვიზრუნოთ ბავშვისთვის ახალი გარემოს უსაფრთხოებაზე. მეტი სიფრთხილეა საჭირო, თუ ბავშვი, მაგალითად, სპორტულ შეკრებებზე, ან გასტროლზე მიდის ოჯახის წევრების გარეშე და სასტუმროს ნომერში იძინებს თანატოლთან ერთად. ან კემპინგის დროს ღამეს ათევს კარავში. აუცილებელია, რომ პედაგოგი, მწვრთნელი, პასუხისმგებელი პირი იყოს ინფორმირებული და უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაცული იყოს.

 

  • როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა მთვარეულობა ხელს უშლის ჩვენ შვილს კონცენტრაციაში ან გარდატეხის ასაკშიც არ გაუარა რა უნდა მოიმოქმედოს მშობლემა?

სომნაბულიზმის ეპიზოდის დროს ბავშვს სძინავს. თუ სხვა ასოცირებული პრობლემა არ გვაქვს, თავისთავად სომნაბულიზმი ღვიძილის ხარისხზე გავლენას არ ახდენს. მათ შორის ვერც კოგნიტურ და აღმასრულებელ ფუნქციებზე. რეალურად ძილის დეფიციტიც კი არ ვითარდება, რადგან თავად ბავშვს ამ დროს სძინავს. კონკრეტული ასაკი, როდის იწყება და როდის გადის სომნაბულიზმი, არ არის დადგენილი. აღწერილია 1 წლის ასაკის ბავშვებშიც და ღრმა მოხუცებშიც. თუ უსაფრთხოება დაცულია, სხვა ტიპის ჩარევა ასეთ პიროვნებას არ სჭირდება და არც რამე გავლენა ექნება ჯანმრთელობაზე.

  • აუცილებელია უსაფრთხო გარემოს შექმნა, რა აუცილებლობებს გამოყოფდით მშობლებისთვის გასათვალისწინებლად?

მჭრელი და მსხვრევადი საგნები უნდა იყოს მაქსიმალურად იზოლირებული, ავეჯის განლაგება ოთახში მინიმალურ ბარიერებს უნდა ქმნიდეს. კარი და ფანჯრები – საიმედოდ ჩაკეტილი. ზაფხულში განიავების რეჟიმის უზრუნველყოფა ისეა საჭირო, რომ მთლიანი ფანჯარა არ იყოს ღია. გვეხმარება ე.წ. „სასიგნალო“ სისტემები და ღონისძიებები, რომლებიც აღვიძებს ოჯახის წევრებს ან თავად ბავშვს. მაგალითად, საწოლთან ამაგრებენ ზანზალაკებს, ან კარზე განგაშის ღილაკს, რომელიც ხმას გამოსცემს გაღების შემთხვევაში. გავრცელებული მეთოდია სველი ტილო ბავშვის საწოლთან. ეს ხერხი არ არის უნივერსალური, თუმცა რიგ შემთხვევებში ცივი და სველი ტილოს შეხება შიშველ ფეხისგულებზე რეალურად აფხიზლებს ბავშვს.

სტატია მოამზადა: ნუცი მეხრიშვილმა