მრავალნაყოფიანი ორსულობის სირთულეები

მრავალნაყოფიან ორსულობას ექიმები თვლიან მდგომარეობად, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს და ორმაგ პასუხისმგებლობას აკისრებს მომავალ დედას.

ტყუპებზე ფეხმძიმე ქალი, პირველ რიგში, სისტემატურად ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს გართულებების თავიდან ასაცილებლად.

საფრთხეები:

ორსულობს დიაგნოსტიკა, ნაყოფის რაოდენობა და მისი მდგომარეობის დადგენა ექოსკოპიურად დღეს უკვე ორსულობის საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ ქალი ორ ან მეტ შვილს ელოდება, საჭიროა ორმაგი პასუხისმგებლობის გამოჩენა, ანალიზებისა და გამოკვლევების დროულად ჩატარება. დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალი დედის წონის კონტროლსაც, რადგან ჭარბი კილოგრამები შეიძლება გარკეული რისკის შემცველი იყოს როგორც მომავალი პატარებისათვის, ისე თავად დედის ჯანმრთელობისთვისაც.

მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში წონის მომატება უფრო მეტია, ვიდრე ერთნაყოფიანის დროს, ასევე ხშირია ტოქსიკოზი, ანემია, გულის, თირკმლების მუშაობის შეფერხება და სხვა.

ანემია – ერთ–ერთი გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ტყუპებზე ორსულ ქალებს აღენიშნებათ. იკლებს ჰემოგლობინის დონე. შედეგად, ორსული მალე იღლება, თავბრუ ეხვევა, მუდმივად განიცდის სასიცოცხლო ძალების დაქვეითებას, არის ფერმკრთალი, უჩივის ჰაერის უკმარისობას, მომატებული აქვს პულსი. ყველაზე ხშირად ანემიის განვითარება დაკავშირებულია რკინისა და ვიტამინ ი9–ს დეფიციტთან. ეს ორივე ნივთიერება საჭიროა ნაყოფის ზრდა–განვითარებისა და პლაცენტისთვისაც. ამდენად, მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს ანემიის პროფილაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.

ტოქსიკოზი – მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში ის 4–ჯერ უფრო ხშირია. გვიანი ტოქსიკოზის (გესტოზი) დროს შეიძლება მკვეთრად არ იყოს გამოხატული ღებინების შეგრძნება, მაგრამ ამ შემთხვევაში ვითარდება ფარული შეშუპება, შარდში ჩნდება ცილები, მატულობს არტერიული წნევა. მთავარი კი ის არის, რომ ამ დროს ტოქსიკოზი იწვევს პლაცენტის დაზიანებას, ნაყოფი ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით სათანადოდ ვერ მარაგდება. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ჩანასახის განვითარებაზე, მისი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებაზე. როგორც წესი, გესტოზის არსებობის დროს მშობიარობა შედარებით რთულად მიმდინარეობს.

გესტოზის ერთ–ერთი პირველი სიმპტომი ძლიერი წყურვილია. როგორც წესი, ორსული საკმაოდ დიდი რაოდენობით სითხეს იღებს, მაგრამ შარდვა მიღებულ სითხესთან შედარებით აშკარად მცირეა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ წყალ–მარილოვანი ცვლა დარღვეულია, ორგანიზმში არსებული სითხის დიდი ნაწილი არ გამოიყოფა და ქსოვილებში რჩება, რის გამოც სახეზეა შეშუპება.

პროფილაქტიკის მიზნით, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან საჭიროა უარი თქვათ შემწვარ, მწარე, მარილიან, ცხარე და შებოლილ საკვებზე. შოკოლადი სხვა ტკბილეულით ჩაანაცვლეთ, რადგან ის გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედებს. ორსულმა ხშირად უნდა ისეირნოს სუფთა ჰაერზე, მოერიდოს სტრესულ გარემოს. ეს ზოგადი რეკომენდაციები ყველა ფეხმძიმემ უნდა დაიცვას.

ორსულობის ნაადრევად შეწყვეტა – სტატისტიკურად, დღენაკლული ახალშობილების დაბადებისა და ორსულობის ნაადრევად შეწყვეტის საფრთხე მრავალნაყოფიანი ორსულების თითქმის 50%–ში გვხვდება. ითვლება, რომ ეს ძირითადად დაკავშირებულია საშვილოსნოს კუნთის ზომაში ზედმეტად მატება–გადიდებასთან, ამიტომ არ დატოვოთ უყურადღებოდ უმნიშვნელო ტკივილებიც კი, რომლებმაც შეძლება თავი იჩინოს მუცლისა და წელის არეში და აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გაჩენის დროა!

მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში მშობიარობის ვადები უფრო ადრეულია და სასურველია, ამის შესახებ მომავალი დედა ინფორმირებული იყოს. ორსულობის ბოლო თვეში ტყუპებს უკვე აღარ ჰყოფნით ადგილი დედის მუცელში და მალე ლამობენ გამოსვლას. სამნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში ეს ვადა ხშირად 34–36 კვირაა, ორნაყოფიანი ორსულობის შემთხვევაში – 36–38 კვირა. დღენაკლული ტყუპების დაახლოებით 50% 2,5 კგ წონის იბადება. ტყუპების წონაში სხვაობა შეიძლება 200–300 გრამი იყოს.

რაც შეეხება უშუალოდ მშობიარობის პროცესს, ექიმები მიიჩნევენ, რომ გართულებების მინიმუმამდე დასაყვანად უპრიანია საკეისრო კვეთის ჩატარება.

წყარო : janmrtelobainfo.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები