„მოწვდომის ვარჯიში“ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია

ბავშვების პირველი მოტორული უნარები – რამდენად ადრე სწავლობენ ნივთების მიწვდომას და მათ შესწავლას – დაკავშირებულია შემდგომ შესაძლებლობებთან, როგორებიცაა მოტორული (ხოხვა და სიარული) და ლექსიკური უნარები. ეს ზრდის ალბათობას, რომ ადრეული მოტორული უნარები ხელს უწყობს ბავშვის შემდგომ განვითარებას, რასაც ფსიქოლოგები „განვითარების კასკადს“ უწოდებენ. მაგალითად, ბავშვი, რომელიც უკვე ეჭიდება და შედის ინტერაქციაში ნივთებთან, სავარაუდოა, რომ მშობლებისაგან მეტ ყურადღებას დაიმსახურებს, რაც შემდგომში დიდი ალბათობით განვითარების ფართო პროგრესის ხელშემწყობი იქნება.
Developmental Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიზანს, აღნიშნული კასკადის თეორიის შემოწმება წარმოადგენდა. მკვლევარებმა შეარჩიეს 14 ამერიკელი სამი თვის ბავშვი და მათი დედები, რომელთაც ეძლეოდათ ინსტრუქცია, რომ ორი კვირის განმავლობაში, დღეში ათი წუთი აქტიურ მიწვდომის ვარჯიშში ჩაერთოთ საკუთარი ჩვილები. ვარჯიშის მიმდინარეობისას ბავშვებს ეცვათ Velcro-ს (ფხრიწი) ზედაპირიანი ხელთათმანები და დედისგან იღებდნენ წახალისება, რათა ამავე ზედაპირის მქონე სათამაშოს მიწვდომოდნენ და ჩაჭიდებოდნენ. აღნიშნული ჯგუფის შედეგები შესადარებლად შექმნილი იყო 11 სამი თვის ბავშვისა და მათი დედებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც იგივე სიხშირით ასრულებდნენ აღნიშნულ სავარჯიშოს, თუმცა ამ შემთხვევაში Velcro-ს (ფხრიწი) ზედაპირი არ გამოიყენებოდა და დედები საკუთარი ჩვილების ხელით ეხებოდნენ სათამაშოებს. ბავშვები ასევე ასრულებდნენ ჩაჭიდების უნარების საბაზისო ტესტს, ვარჯიშების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ.
როდესაც ბავშვები 15 თვის გახდნენ, ისინი დაბრუნდნენ ფსიქოლოგიის ლაბორატორიაში, სადაც ისინი მძივიანი ლაბირინითის სათამაშოთი (მეტალის მავთულებით დაკავშირებული ხის ფირფიტები, რომლის გასწვრივაც მძივის მოძრაობაა შესაძლებელი) თამაშობდნენ, ეს პროცესი კი ვიდეო-კამერით იწერებოდა. იგივე ხდებოდა საკონტროლო ჯგუფის ბავშვებთანაც, რომლებსაც ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ბავშვებმა, რომელთაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული აქტიურ მიწვდომის ვარჯიშში 3 თვის ასაკში, გამოავლინეს ბევრად უკეთესი მოტორული და ყურადღების უნარები, სათამაშოთი თამაშისას, ვიდრე სხვა ორმა ჯგუფმა. მაგალითად, ისინი მეტ დროს ატარებდნენ დაკვირებაში, ჩაჭიდებაში და სათამაშოს ტრიალში და ყურადღება ნაკლებად ეფანტებოდათ. უფრო მეტიც, ბავშვების ჩაჭიდების უნარების ვარჯიში 3 თვის ასაკში, დაკავშირებული იყო მათი თამაშის ქცევასთან 15 თვის ასაკშიც, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ ადრეულ ვარჯიშს გრძელვადიანი გავლენა გააჩნია.
კვლევა ბავშვების მცირე რაოდენობას იკვლევდა, რომელთა მშობლებსაც უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული და შერჩევაც არ ყოფილა შემთხვევითი. თუმცა მიღებული შედეგები ნამდვილად გასაოცარია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვილების ადრეულ მოტორულ უნარებს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მათ შემდგომ განვითარებაზე და შესაძლოა ამ პერიოდში ინტერვენციამ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუწყოს.

მასალა მოამზადა : დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები