თუ წერისას, მუშაობისას ან საყვარელი ჰობით თავის შექცევისას მარჯვენა და მარცხენა ხელს ერთნაირად ხმარობთ, ესე იგი, ამბიდექსტრების მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებით. ამბიდექსტრები ის ადამიანები არიან, რომლებსაც ორივე ხელის ერთნაირად გამოყენება შეუძლიათ, მაშასადამე, არ გააჩნიათ დომინანტი ხელი. მათ რიცხვს არ მიაკუთვნებენ ცაციებს, რომლებიც მიბაძვის, ცრურწმენისა თუ სტიგმების გამო თავს მარჯვენა ხელის გამოყენებას აიძულებენ.

ჩვეულებრივი ადამიანის ორი ნახევარსფეროდან ერთი დომინანტია და გავლენას ახდენს მეორეზე. მემარჯვენეების შემთხვევაში დომინანტი მარცხენა ნახევარსფეროა, ხოლო ცაციებს და ამბიდექსტრებს ორივე ნახევარსფერო თანაბრად კარგად აქვთ განვითარებული, რაც მათ ბევრ პრობლემასთან ერთად უჩვეულო შესაძლებლობებითაც ასაჩუქრებს.

მითი თუ სინამდვილე

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ალბათ გაგიგონიათ, როგორ აძალებდნენ მშობლები თუ მასწავლებლები პატარებს აუცილებლად მარჯვენა ხელით წერას. რატომ? რას აშავებდა მარცხენა? პასუხის გასაცემად კალენდარი შუა საუკუნეებზე გადავფურცლოთ. იმხანად ყველაფერი, რაც აუხსნელი და გაუგებარი იყო, დემონურ ძალებს, ჯადოქრებს და კუდიანებს მიეწერებოდა. სწორედ ჯადოქრობას სდებდნენ ბრალად მათ, ვისაც მარცხენა ხელის გამოყენება უფრო ემარჯვებოდა ან ორივე ხელს ერთნაირად ხმარობდა. ასეთ ადამიანებს ყველა ეჭვის თვალით უყურებდა. საუკუნეების შემდეგ, როდესაც ცივილიზებული კაცობრიობა კუდიანებისა და გრძნეულების არარსებობაში დარწმუნდა, ცაციების მიმართ ეჭვი გაქარწყლდა და 1968 წელს ლონდონში გაიხსნა მაღაზია “ყველაფერი ცაციებისთვის”. თუმცა, რა სამწუხაროც უნდა იყოს, აღნიშნული სტერეოტიპები დღესაც ცოცხლობს. მშობლების უმეტესობამ არც კი იცის, რატომ უკრძალავს შვილს მარცხენა ხელის გამოყენებას, უბრალოდ, გაუგონია, რომ ბავშვმა აუცილებლად მარჯვენით უნდა წეროს.

არასასურველი თანამგზავრები

რანდომიზებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებსაც ორივე ხელით შეუძლიათ ჭამა, წერა, ბურთის სროლა და სხვა აქტივობების შესრულება, უფრო ხშირად ეჯახებიან მეტყველების, დასწავლისა და მენტალურ პრობლემებს. გარდა ამისა, მათ შორის გაცილებით ხშირად აღირიცხება ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი – ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული მდგომარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია გონებაგაფანტულობა, მოუსვენრობა, უკონტროლო ქცევა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ თქვენი შვილი ამბიდექსტრია, აუცილებლად გაუჭირდება სასკოლო ცხოვრებასთან შეგუება ან მენტალური დარღვევა განუვითარდება. კვლევები მხოლოდ იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ბავშვები, რომლებიც ორივე ხელს ერთნაირად ხმარობენ, აღნიშნული სინდრომის რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

LRRTM1 – ეს არის გენი, რომლის არსებობა და მამის ხაზით გადაცემა ზრდის მემარცხენეობის ან ამბიდექსტრიის რისკს. გარდა ამისა, გენს კავშირი აქვს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დაავადებასთან – შიზოფრენიასთან. სამწუხაროა, მაგრამ ეს დაავადებაც მემარცხენეებს და ამბიდექსტრებს შორის უფრო ხშირია. შესაძლოა, ამით აიხსნებოდეს აღნიშნული კატეგორიის ადამიანების უეცარი განრისხება, ხშირი უგუნებობა, შფოთვა.

წყარო: aversi.ge

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ