მეტყველება ბავშვის განვითარების რთული და მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც დაბადებიდან იწყება და საბოლოო ჩამოყალიბებამდე ურთულეს პროცესებს გადის. მეტყველების დარღვევა არც თუ იშვიათი შემთხვევაა და სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ვლინდება. მაშინ, როცა მშობელი ბავშვებში  მეტყველების დარღვევას აწყდება,  აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს და კონსულტაცია გაიაროს ლოგოპედთან. მნიშვნელოვანია მშობელს გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს მეტყველების განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებსა და დარღვევების ტიპებზე.

თუ რა ტიპის დარღვევებს ვაწყდებით და როგორია მათი გადალახვის ხერხები, ამ თემაზე გავესაუბრეთ ენის, მეტყველება-კომუნიკაციის თერაპევტ-ლოგოპედს  ეკატერინე რობაქიძეს.

განვიხილოთ თავიდან, თუ როგორ ხდება ბავშვის მიერ პირველი სიტყვების წარმოთქმა და როგორ ვითარდება სამეტყველო აპარატი?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მეტყველების განვითარება რთულ პროცესებს მოიცავს და ეს დაბადებიდან იწყება.  პირველი კონტაქტი  არა ვერბალურია (სიტყვების გარეშე) ესენია: ჩახუტება, გაღიმება, შემდეგ  ბავშვის საპასუხო გაღიმება. მეტყველების განვითარებაში პირველი ნაბიჯი დაახლოებით  ერთი თვის ასაკში აღუ-ს წარმოთქმით იწყება.   8- 9 თვის ასაკში პატარა იმეორებს მა -მა, დე -და.

პირველი მარცვლები უკვე 1 წლის და 2 თვიდან ჩნდება.   1 წლის 5 თვიდან  ბავშვი მზად არის წარმოთქვას პირველი სიტყვები. ბავშვის ზრდასთან ერთად სამეტყველო აპარატიც ვითარდება ხანგრძლივად და ეტაპობრივად.

რა ტიპის მეტყველების დარღვევას გამოყოფდით და ძირითადად რა არის მეტყველების დარღვევის მიზეზი?

ბავშვს შეიძლება ჰქონდეს: აღქმითი (იმპრესიული), გამომხატველობითი (ექსპრესიული) ან მთლიანად, ენობრივი დარღვევა. ენობრივმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის რწმენის დაქვეითება, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს პიროვნულ და სოციალურ ურთიერთობებზე.

კვლევები გვიჩვენებს, რომ ბავშვს რაც უფრო რთული ენობრივი დარღვევა ახასიათებს, უფრო მეტად ავლენს ქცევით პრობლემებს. ბევრ ბავშვს სჭირდება მეტყველების, ენისა და სოციალური კომუნიკაციის უნარების მიმართული სწავლება, მაგრამ ზოგიერთი მოსწავლე ამას ბუნებრივად სწავლობს.

 ენის, მეტყველების და კომუნიკაციის განვითარებაში დარღვევა შეიძლება იყოს გამოწვეული:

  • შთამომავლობითი –   მაგალითად თავის ქალის , ყბების, ლაგამი, გენეტიკურად შეუსაბამო მდებარეობა, ფორმა, ზომა.
  • თანშობილი –   პრენატალური (მუცლად ყოფნის)  დროს მიღებული სხვადასხვა სახის დაზიანება.
  • შეძენილი –     არასწორი თანკბილვა , ტრამვები, არასწორ მაგალითზე მეტყველების აღზრდა (მიბაძვა)  .

 

მკურნალობის შედეგს უპირატესად თერაპიის დაწყებამდე პაციენტის განწყობა განსაზღვრავს. კიდევ რომელი ფაქტორები მოქმედებენ თერაპიის მსვლელობაზე?

ბავშვი უნდა ენდობოდეს სპეციალისტს, პატარა უნდა გრძნობდეს სიყვარულს მისი მხრიდან, შექება და შენიშვნა მაქსიმალურად რბილი და ობიექტური უნდა იყოს.

ძალისხმევა, ცოდნა, გამოცდილება და მოტივაციაა საჭირო სპეციალისტის, მშობლისა და ბავშვის მხრიდან.

თუ 4-5 წლის ასაკში ბავშვი“- ნაცვლად ამბობს“-, ბგერის ჩანაცვლება ხდება თ-ბგერით, ან პირიქით, და უჭირს ზოგიერთი ბგერის წარმოთქმა, მშობელმა უნდა მიმართოს თუ არა მეტყველების თერაპევტს ?

 როცა ბავშვი  ბგერებს ანაცვლებს ფონემატური სმენის განვითარება გვესაჭიროება.  ბგერის წარმოთქმის სიძნელეების დაძლევისთვის,  ზოგ შემთხვევაში დაგეხმარებათ საარტიკულაციო ვარჯიშები.

არტიკულაციის დაზუსტება 6-7  წლის ასაკისთვის სრულდება. ბავშვი უკვე ყველა ბგერას უნდა წარმოთქვამდეს სწორად, საუბრობდეს გამართულად. 6 წლის პატარა სკოლისთვის  უნდა მოემზადოს და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. დაეუფლოს წერა-კითხვას, რომ არ წარმოიშვას ამ ეტაპისთვის სიძნელეები.  წარმოქმნილი სიძნელეების მიზეზების დადგენაში მეტყველება უნდა იყოს გამართული და საჭირო სავარჯიშოების შერჩევაში სპეციალისტის დახმარებით.

 როგორ ავიცილოთ თავიდან არტიკულაციური პრობლემა? და როგორ უნდა დაეხმაროს თავად მშობელი ბავშვს მეტყველების განვითარებაში?

აუცილებელია მშობელმა იცოდეს ბავშვის  ასაკობრივი განვითარების  თავისებურებები. ყურადღებით დააკვირდეს ასაკის მატებასთან  ერთად მისი პატარა ასაკის შესაბამისად ვითარდება თუ არა.  საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად უნდა  მიმართოს კომპეტენტურ სპეციალისტს, ეს იქნება ფსიქოლოგი, ლოგოპედი თუ ხშირ შეთხვევაში ნევროლოგი.

 თუკი ვაწყდებით პრობლემას, ბავშვის მეტყველების განვითარება ასაკს არ შეესაბამება, სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ მშობელმა ბავშვთან ერთად უნდა გააკეთოს სავარჯიშოები. მეტი წახალისება, უშუალო საუბარი და კონტაქტია საჭირო პატარასთან…ზღაპარი, ლექსი, სიმღერა და ნაკლები ურთიერთობა ციფრულ გარემოსთან.

 შევეხოთ ლოგონევროზსაც, . ენის ბორძიკს. რამდენად აქტუალურია ეს შემთხვევა ბავშვებში? რითია გამოწვეული და როგორ ხდება მსგავსს შემთხვევაში მუშაობა?

ენის ბორძიკის მიზეზი უმეტესად მამოძრავებელი სამეტყველო ცენტრის კუნთთა მომატებული ტონუსი და აგზნებაა, რაც სამეტყველო აპარატის სპაზმს იწვევს, ამიტომ მეტყველების ამგვარი მოშლისას ყველაზე ხშირად მიმართავენ ცენტრალური ნერვული სისტემის “დამუხრუჭებას” მედიკამენტური საშუალებებითა და შთაგონებით. რა თქმა უნდა, არსებობს მეთოდიკები და ტექნიკები ამ პრობლემის დაძლევისთვის. ტონუსის მომატებისას ყველაზე მეტად ბროკის ცენტრს უჭირს მუშაობა. იმატებს სახმო იოგების კუნთთა ტონუსი და იოგები დაჭიმულ სიმებს ემსგავსება. იზრდება იოგთაშორისი წნევა, მეტყველებისას ხმა ძლიერდება და ადამიანს ენა ებმის. ბროკის ცენტრში ტონუსის მედიკამენტური დაქვეითებისას მეორე უკიდურესობა იჩენს თავს – ხმა დაბლდება, მონოტონური ხდება. ორივე შემთხვევაში ირღვევა ასოციაციური ცენტრის მუშაობა, აზრი სწორად ვერ ლაგდება, ფრაზები ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოითქმის ან საერთოდ არ ბოლოვდება. ენის ბორძიკი უმთავრესად ბავშვებისა და ახალგაზრდების პრობლემაა.

 რა როლს ასრულებს ამ დროს ლოგოპედი ?

შემიძლია რამდენიმე რეკომენდაცია შევთავაზო მშობლებს, როცა ბავშვს ენის ბორძიკი აღენიშნება:

  1. ეცადეთ იყოთ ნეიტრალურები, როდესაც ბავშვი საუბრობს. არავითარ შემთხვევაში არ ვეუბნებით: _ „აბა ნუ ნერვიულობ, დაწყნარდი, მშვიდათ მელაპარაკე, ნუ ჩქარობ“… პირიქით , ვითომ ვერ ვამჩნევთ, ვაცადოთ დაასრულოს საუბარი.   ამ დროს უფრო  ფიქსირდება პრობლემა…  ვაცადოთ დაამთავროს საუბარი, არ  ჩავერიოთ, არ დავეხმაროთ, უბრალოდ მოთმინებით მოვუსმინოთ….
  2. ძალიან მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის დაგეგმა.
  3. სწორი კვება, რაც უყვარს + ვიტამინები….
  4. შევზღუდოთ ტელევიზორის ყურება…. ზედმეტი ინფორმაცია ღლის ნერვულ სისტემას…
  5. ჰაერზე ფეხით სეირნობა.
  6. თავისუფალი დროის ქონა, არტ თერაპია: ხატოს, ძერწოს, აპლიკაცია.
  7. სახლში მაქსიმალურად მშვიდი ატმოსფერო შევქმნათ, ჩვენი საუბარი უფრო მშვიდი ინტონაციაა , გავაბოხოთ ხმა შეძლებისდაგვარად…
  8. ვაგრძნობინოთ, რომ ჩვენ ვიღებთ ისეთს, როგორიც არის…
  9. მისი სურვილით შევარჩიოთ სიმღერა უმჯობესია ქართული და იმღეროს…..
  10. ყოველ დილით მიაღებინეთ კონტრასტული:  ცივი, ცხელი, ბოლოს ნორმალური ტემპერატურის შხაპი…
  11. იჩურჩულოს და შედარებით ნელი ტემპით წაიკითხოს გაკვეთილები…

 

რა რეკომენდაციებს მისცემთ მშობლებს მეტყველების განვითარებაში მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად და არსებული დარღვევების დასაძლევად?

 ესაუბრეთ ბავშვს ყოველდღიური საქმიანობის – ჩაცმის, დაბანის, ჭამის  დროს; ნებისმიერ ადგილას – მაღაზიაში, სკვერში. გაახმოვანეთ ყველა საგნის სახელწოდება, რომელიც კი მისი თვალთახედვის არეში მოხვდება და ყველა მოქმედება, რომელსაც ერთად შეასრულებთ. წარმართეთ მასთან დიალოგი.

მშობლებო, გაეცანით! ეს არის ნაწყვეტი ბავშვის მეტყველების განვითარების სტანდარტებიდან:

ახალშობილი ტირის და გამოსცემს გაურკვეველ ხმებს:

2-4 თვე- “ღუღუნებს”  გუტურალური (ხორხისმიერი) ბგერებით,  გამოსცემს ხმამაღალ ხმებს და იღიმის.

4-6 თვე- ამბობს „აღუს“,  იცინის,  ვოკალიზებს,  ცვლის ინტონაციებს.

6-8 თვე- ”მამამა”, ”დადადადა”.

8-12 თვე-  დედა- დედე ან ფსევდო- სიტყვები.

12-18 თვე- ყველა ხმოვანი,  მარცვლები,  სიტყვები,  თანხმოვანთა უმრავლესობა.

2-3 წლის- კვეცავს მარცვლებს ან ფონემებს,  ანაცვლებს ბგერებს მარტივად წარმოსათქმელად, იყენებს წესების 50%-ს.

3-4 წლის- კვეცავს/ყლაპავს ბგერებს რთულ სიტყვებში, იყენებს  წესების 75%-ს.

4-5 წლის- უფრო ხშირად ხმარობს  გრძელ სიტყვებს,   იყენებს წესების 100%-ს.

5-6 წლის- შესაძლოა, ჩაანაცვლოს ბგერები რ-ლ, შ-ს .

იმ შემთხვევაში თუ თქვენი პატარას მეტყველების განვითარება ჩამორჩება დღესდღეობით შემუშავებულ სტანდარტს, მიმართეთ – კომპეტენტურ სპეციალისტს  კონსულტაციისთვი.

                                                   სტატიის ავტორი: ნუცი მეხრიშვილი