მე არ ვარ იდეალური დედა…

ჰო, ყველა ვცდილობთ, მივწვდეთ იდეალურს, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიც დედობაა… კანიდან ვძვრებით, საკუთარ თავს გვერდზე ვდებთ, ვწირავთ კარიერას, პირად ცხოვრებას, რომ შვილებს ჰქონდეთ მაქსიმუმი…

მაგრამ მერე ვამბობთ… ვინ დაგიფასა?

გიფიქრიათ, რომ ისეთ უანგარო ურთიერთობაში, როგორიც დედა-შვილობაა, მაინც მადლობას, დაფასებას და ჩვენი შვილების ჩვენზე მორგებულ ცხოვრებას ველით?

ნუთუ ეს არის ის მწვერვალი, რისკენაც ვიღწვოდით?

ნუთუ ეს არის იდეალური დედობა?

ან ეს ის არის, სინამდვილეში რაც გვსურდა ჩვენი შვილებისთვის?

ხშირად, როცა ამ თემაზე ვფიქრობ, ორი ქართული გენიალური ნაწარმოები მახსენდება და ჩემი ბავშვობა, როცა მასწავლებელი სიღრმისეულად შეეხო ამ თემას და როცა მე თავად დედის სტატუსისგან ჯერ ძალიან შორს მყოფი დამაფიქრა ფენომენმა: შეეწირო შვილებს.

„ოთარაანთ ქვრივი“ და „თავსაფრიანი დედაკაცი“

ორი ქალი, ორივემ მარტო გაზარდა შვილები, უქმროდ და გაჭირვებით, არაფერი მოაკლეს და როცა დადგა ჟამი მათი დამოუკიდებელი ცხოვრებისა…

ჩემი აზრით, გამოიკვეთა ორი ტიპის ქალი – დედა:

ერთი, რომელმაც ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე შვილი ასე გააცილა:

 

ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო…
— დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის? — ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა თავისთავსა. — დედა-შვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა… თუ აქვს, რად უჭრის ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის თვალითა, რად? — რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე იყურება?.. ვინ ვისთვისაო, — რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი რომ საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა!..

დიდხანს იტრიალა ამ ფიქრების მორევში გულმა და გონებამ ოთარაანთ ქვრივისამ. მერე თითქო რაღაც ხიდი გაიდოვო მორევიდამ გამოსასვლელად, წამოდგა ფეხზედ და ხმამაღლა სთქვა:
— არა, შვილო!.. შენ გაიხარე, შენ!.. მე კი… მე კი… მე ჩემისად მაყურებელს თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებელით-ღა ვივლი და ვიცოცხლებ…

და მეორე: შვილების უმადურობით გულმოკულილი თავსაფრიანი დედაკაცი:

„აღარავისთვის ვარ საჭირო, სრულიად არავისთვის; ვარ სრულიად ზედმეტი… დიდი ხანია ჩემ კაცთან უნდა წავსულიყავი“…

და გაიხადა, მოიხსნა, მოაგროვა, ერთად ზანდუკში ჩაალაგა ყოველივე ხელსადები, ფასიანი, გამოსადეგი და კონკებში გახვეული, თითქმის საცვლების ამარა ჩუმათ გამოვიდა ნაჭირნახულევ ქოხიდან.

თითქოს შემთხვევით ჩაუარა ქმრის საფლავს, დიდხანს არ შეჩერებულა, ერთი კი მიუჯდა, ხელი გადაუსვა ბალახში მიმალულ ქვას და მკაცრათ უთხრა:

– „ჰო, მოვალ, მოვალ… მოვალ, ჩემო ფილიპე“.

 

თქვენც ჩემსავით ფიქრობთ, რომ თავსაფრიანმა დედაკაცმა, მიუხედავად თავგანწირვისა, საკუთარი თავის მთლიანად შვილებზე შეწირვისა, ბოლოს მესაკუთრეობისა და დედობრივი ეგოიზმის გრძნობას ვერ გაუძლო… ის შვილებმა არ დააფასეს… ხოლო ოთარაანთ ქვრივი ამ ყველასთვის ნაცნობ და ალბათ ბუნებრივ შეგრძნებას გმირულად შეხვდა და მისცა შვილს გადაწყვეტილებისა და საკუთარი ცხოვრების უფლება?

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები