მარია მონტესორის სწავლების ექვსი პრინციპი

მარია მონტესორი – იტალიელი ექიმი, ნოვატორი და განმანათლებელია, რომლის თეორიითაც დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მრავალი ბაღი და სკოლა ხელმძღვანელობს. მონტესორის მიდგომა ყველა ასაკის ბავშვზეა მორგებული, ხოლო მისი ლაიტმოტივი – ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებაა. ქვემოთ ჩამოთვლილია მონტესორის ძირითადი პრინციპები, რომელიც ამჟამად საქართველოს მრავალ ბაღსა და სკოლაშიც გამოიყენება:

  • დამოუკიდებლობა

„ არასოდეს დაეხმაროთ ბავშვს, ისეთი რამის კეთებისას, რაშიც დარწმუნებულია, რომ წარმატებას მიაღწევს.“

მონტესორის განათლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბავშვებს მისცეს დამოუკიდებლობა, რაც არჩევანის საშუალების მიცემით მიიღწევა. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ რისი გაკეთება სურთ. ასეთ დროს ბავშვი მეტად თავდაჯერებული ხდება, უკეთესად აფასებს საკუთარ თავს, რაც ზრდასრულობაშიც ეხმარება.

  • დაკვირვება

ბავშვზე დაკვირვებით მშობელი ძალიან დიდ ინფორმაციას იღებს. მაგალითად, თუ  ბავშვს მოსწონს სხვადასხვა ნივთების ერთმანეთზე დარტყმა, ეს მიგვანიშნებს, რომ ბავშვს მსხვილი მოტორული უნარების განვითარების საჭიროება აქვს და შეგვიძლია ნივთები დასარტყამი ინსტრუმენტით ჩავანაცვლოთ.

  • ბავშვის ინტერესებზე მიყოლა

ეს პრინციპი გულისხმობს, რომ არ უნდა ვიყოთ ზედმეტად დირექტიულები და ბავშვს არ უნდა მივუთითოთ რა და როდის აკეთოს. მაგალითად, თუ ბავშვს ხეზე ასვლა მოუნდება, მიეცით საშუალება, რომ აცოცდეს და ეცადეთ, არ იყოთ გადაჭარბებულად მზრუნველი. დირექტივების მიცემის მაგივრად, შესთავაზეთ სხვადასხვა აქტივობა და დაელოდეთ, სანამ თვითონ არ გადაწყვეტს , რომელი ურჩევნია. დააკვირდით და არ ჩაერიოთ იმ შემთხვევის გარდა, თუ ბავშვი რაიმე სახის დესტრუქციულ ქცევას ავლენს და სხვისთვის, ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს.

  • შეცდომების შესწორება

ბავშვები ხშირად უშვებენ შეცდომებს. ამ დროს არაა აუცილებელი ხმის ტონის აწევა, უბრალოდ აღნიშნეთ მისი შეცდომა, მაგალითად : „წყალი დაგეღვარა, მოდი მოვიტანოთ ხელსახოცი და გავწმინდოთ.“ არ შეუსწოროთ სიტყვა, რომელიც ეშლება, უბრალოდ გაიმეორეთ ის სწორად. ასეთი სახის მხარდაჭერა ბავშვს უსაფრთხო გარემოს უქმნის და არ უჩნდება შეცდომის დაშვების შიში.

 

 

  • სწავლისთვის შესაფერისი გარემო 

გარემოს მოწყობას მონტესორის სწავლებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საკლასო ოთახი არ უნდა შეიცავდეს ბავშვისთვის სახიფათო ნივთებს და გაჯერებული უნდა იყოს ისეთი ნივთებითა და სათამაშოებით, რომელიც ბავშვს განვითარებაში შეუწყობს ხელს.

  • შთანმთქმელი გონება

მონტესორი აკვირდებოდა ბავშვებს ენის სწავლის პროცესში და ხედავდა, რომ ისინი ვინმეს ჩარევის გარეშე ახერხებდნენ ენის დაუფლებას. ამ პროცესმა უბიძგა მონტესორის დაემკვიდრებინა ტერმინი “absorbent mind” (ტვინი, რომელიც ისრუტავს). სამ წლამდე ბავშვებს არ სჭირდებათ გაკვეთილები რამის შესწავლისათვის, ისინი უბრალოდ ისრუტავენ ყველაფერს, რასაც ირგვლივ წააწყდებიან. ამიტომ გარემოს პოზიტიურად მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები