კვლევა : მდიდარ და ღარიბ ოჯახებში დაბადებული ბავშვების განვითარების დონე განსხვავდება

სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევის შედეგების მიხედვით, დაბალშემოსავლიან ოჯახებში 2 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების დონე 6 თვით ჩამორჩება იმავე ასაკის მაღალშემოსავლიან ოჯახში დაბადებულ ბავშვის განვითარების დონეს.

კვლევის შედეგებით, ბავშვებს, რომლებიც დაბალშემოსავლიან ოჯახებში იზრდებიან, სკოლაში შესვლამდე ნაკლები უნარ-ჩვევები აქვთ. მაგალითად, სტანდარტიზებული ტესტების მიხედვით, 5 წლის ბავშვი დაბალშემოსავლიანი ოჯახიდან 2 წლით ჩამორჩება სიტყვიერი მარაგისა და ენობრივი განვითარების კუთხით ბავშვს მაღალშემოსავლიანი ოჯახიდან. მკვლევართა აზრით, აღნიშნული სოციო-ეკონომიკური სტატუსის განსხვავებები ბავშვებს შორის ძალიან ადრეულ ასაკში იჩენს თავს, თუმცა, აქვს გრძელვადიანი გავლენა.

კვლევის ფარგლებში ჩატარებული ერთ-ერთი ექსპერიმენტი მიზნად ისახავდა გაერკვიათ, თუ რამდენად სწრაფად და ზუსტად შეეძლოთ ბავშვებს სხვადასხვა საგნის ვერბალური იდენტიფიცირება. ბავშვებს აჩვენებდნენ ორ განსხვავებულ ფოტოს, მაგალთად: ფოტოს ძაღლით ან ბურთით. შემდეგ ბავშვებს ეუბნებიან, რომ შეხედონ ბურთს-მოახდინონ იდენტიფიცირება. მათ რეაქციას კი მაღალი ხარისხის კამერა იწერს. ეს მეთოდი მკვლევარებს საშუალებას აძლევთ გამოიანგარიშონ ზუსტად ის მომენტი, როდესაც ბავშვის მზერა გადადის მის მიერ არჩეულ საგანზე. ექსპერიმენტის შედეგების მიხედვით, 18 თვის ასაკში, მაღალშემოსავლიან ოჯახში გაზრდილი ბავშვები 200 მილიწამით უფრო სწრაფად პასუხობდნენ დასმულ ამოცანას, რაც მენტალური განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

გარდა ამისა, 18-24 თვის ბავშვების სიტყვათა მარაგიც განსხვავებულია. კვლევის მიხედვით, დაბალშემოსავლიან ოჯახში დაბადებულმა ბავშვებმა 30%-ით ნაკლები ახალი სიტყვა ისწავლეს. მაშინ, როცა, საპირისპირო ჯგუფში ახალი სიტყვების რაოდენობა დაახლოებით 260 იყო. კვლევის ხელმძღვანელის, დოქტორი ფერნალდის განცხადებით, „2 წლის ასაკის ბავშვებში ეს განსხვავება უდრის თითქმის 6-თვიან განსხვავებას ბავშვებს შორის სიტყვათა მარაგისა და ენობრივი განვითარების დონეში, რასაც ძალიან დიდი გავლენა აქვს მათ მომავალზე განათლებისა და კარიერული წარმატების მხრივ.“

თუმცა, სტენფორდის მკვლევართა განცხადებით, სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია, თუკი მშობლები უფრო მეტ ენერგიასა და ძალისხმევას ჩადებენ ბავშვებთან კომუნიკაციასა და უფრო მეტად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში.

წყარო: Stanford.edu

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები