კვლევა : ბავშვებში, რომლებიც ბაქტერიებისგან თავისუფალ გარემოში იზრდებიან, ლეიკემიის განვითარების რისკი მაღალია

ბავშვები, რომლებიც ბაქტერიებისგან თავისუფალ გარემოში იზრდებიან, ხოლო მოგვიანებით სხვადასხვა ინფექციით ავადდებიან, ლეიკემიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგანან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც ბაქტერიებსა და მიკრობებთან სიცოცხლის პირველივე თვეებშივე აქვთ შეხება, – ამის შესახებ Nature Reviews Cancer-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, ბავშვთა კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა, გამოწვეულია ორსაფეხურიანი პროცესით.
პირველი საფეხური გახლავთ გენეტიკური მუტაცია დაბადებამდე, რომელიც ბავშვს ლეიკემიის ამ ფორმით დაავადების რისკის წინაშე აყენებს. მეორე საფეხური კი გვიანი ბავშვობის პერიოდში გადატანილი ინფექციებია, რომლის მიმართაც ბავშვის ორგანიზმი დაუცველია, იმის გამო, რომ ადრეულ ბავშვობაში მას ბაქტერიებთან შეხება არ ჰქონია.
უფრო კონკრეტულად, კი კვლევაში ნათქვამია, რომ ბავშვები, რომლებიც 1 წლამდე ასაკში ზედმეტად სუფთა საცხოვრებელ პირობებში იზრდებიან, ბაქტერიებთან შეხება არ აქვთ და სხვა ბავშვებთანაც ნაკლებად ურთიერთობენ, მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიით დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ დგანან.
კვლევის ავტორი კიბოს კვლევის ინსტიტუტის პროფესორი მელ გრივსია. კვლევის ფარგლებში მან გენეტიკაზე, უჯრედების ბიოლოგიაზე, იმუნოლოგიაზე, ეპიდემიოლოგიასა და ცხოველთა მოდელირებაზე 30 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები შეისწავლა.
გრივსი აცხადებს, რომ ის წლების მანძილზე ცდილობდა, აეხსნა, თუ რა იწვევდა სრულიად ჯანმრთელი ბავშვების ლეიკემიით დაავადებას და კვლევის შედეგად აღმოაჩინა, რომ კიბოს ამ ფორმას ბიოლოგიური მიზეზი აქვს და რომ მისი თავიდან აცილება შესაძლებელია.
მელ გრივსის აღნიშნულ მოსაზრებას მეცნიერთა ნაწილი დაეთანხმა, ნაწილი კი აცხადებს, რომ საბოლოო დასკვნის გაკეთებისთვის ჩატარებული კვლევა საკმარისი არაა და რომ ერთ წლამდე ბავშვებში ჰიგიენის ნორმების განსაკუთრებული დაცვა აუცილებელია.

წყარო : cnn.com

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები