სამედიცინო ცენტრი „ციტო“ ხშირად მოავადე ბავშვების მშობლებს სასარგებლო რჩევებს სთავაზობს, რომელსაც „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს:

ხშირად მოავადე ბავშვი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა რა სკოლამდელ და ადრეული სკოლის ასაკში. არსებობს ე.წ. ავადობის სიხშირის „ნორმა“, რომელიც დაახლოებით 8-10 ინფექციას მოიცავს წლის განმავლობაში. ინფექციების უმრავლესობა მსუბუქი, თვითგანკურნებადი და ვირუსული ეტიოლოგიისაა. სიმპტომების ხანგრძლივობა კი 5-8 დღემდეა.

ხშირად მოავადე ბავშვების 50% არიან პრაქტიკულად ჯანმრთელები. 30%-ს აღენიშნება ესა თუ ის ალერგიული დაავადება. 10%-ს – ქრონიკული დაავადება და მხოლოდ 10%-ს აქვს იმუნოდეფიციტი. ხშირად მოავადე ბავშვები საჭიროებენ მუდმივ მონიტორინგს ავადობის მიზეზების დასადგენად.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

იმუნიტეტის გასაუმჯობესებელი ერთი კონკრეტული მედიკამენტი არ არსებობს. ძლიერი იმუნიტეტი გულისხმობს დროულად ჩატარებულ გეგმიურ აცრებს, ჯანსაღ, ბალანსირებულ კვებას, ასაკის შესაფერის ფიზიკურ აქტივობას, მოწესრიგებულ ძილს, საკმარისი რაოდენობით სუფთა ჰაერზე სეირნობას.

თუ ბავშვი სრულფასოვნად იკვებება, არ არის რეკომენდებული პოლივიტამინების ნაკრების გეგმიურად მიღება. ამა თუ იმ ვიტამინის და/ან მიკროელემენტის დეფიციტის დროს სახეზეა კლინიკური გამოვლინებები, რის შედეგადაც, სასურველია, მოხდეს ლაბორატორიული შეფასება და მხოლოდ ამის შემდეგ კონკრეტული ვიტამინის/მიკროელემენტის დანიშვნა.

მოამზადა: ნათია ხარბედიამ