იზოლაცია და მშობლობა – რას თხოვ საკუთარ თავს?

ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დრო პირობითი ხაზია, სადაც გინდა იქ დასვამ ნიშნულს და ასე დაიწყებ ათვლას. ნიშნულმა „იზოლაცია“ ყოველდღიური რუტინა, ამ რუტინაში გაბნეული მრავალფეროვნება, ყოველდღიურობის კანონზომიერება თავდაყირა დააყენა და თან ისე, რომ თითქოს თავს მოგვახვიეს, ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. მანამდე შეგვეძლო საჭიროებისამებრ მოგვერგო როლი, დილით მშობლის, ბავშვებს რომ საუზმეს უმზადებს და სკოლაში ან ბაღში მიჰყავს, შემდეგ თანამშრომლის სამსახურებრივი შეხვედრების ორგანიზებისას, მეგობრის 13:00-დან 14:00-მდე შესვენების დროს ყავით ხელში, ტრივიალური, ზოგჯერ ეგზისტენციალური თემების განხილვისას, ცოლის – დღის განმავლობაში განხორციელებული ზარებით შემდგომი დღეების დაგეგმვისას.

ნიშნული „იზოლაციის“ შემდეგ, ჩვენი ცხოვრების ფიზიკური განსხეულება ქუჩებიდან, კაფე-ბარებიდან, სპორტდარბაზებიდან, საცურაო აუზებიდან, სამსახურის შენობებიდან და სასეირნო სკვერებიდან სახლის კედლებს შორის მოექცა, სადაც თითქოს ვეღარ ვეტევით, სივრცე არ გვყოფნის, აივნებიც ვერ გვანუგეშებს. და ახლა, ყველა როლი ერთად, ერთდოულად, ერთ სივრცეში უნდა შევასრულოთ. გავაგრძელო დისტანციური პროფესიული საქმიანობა, ვივარჯიშო, განვითარება არ შევწყვიტო და ბევრი წავიკითხო, ჯანსაღი კვების რეჟიმი და დღის განრიგი შევინარჩუნო, მეგობრები არ დავივიწყო, გულისყურით მოვუსმინო მათ შიშებს, ემპათიური ვიყო, რჩევებიც მივცე, საკუთარი თავი ხელში უნდა ავიყვანო, პოზიტიურად ვიფიქრო, საკუთარი პირადი სირთულეების ნამცეცები კი არა გლობალური პრობლემებიც უნდა გავიაზრო, მოვუარო შვილებს, ჩავერთო მათი სწავლის პროცესში, ვეთამაშო, ემოციურად მხარი დავუჭირო, შევინარჩუნო სიმშვიდე, ვიყო რაციონალური.

                                        ფოტოს ავტორი – ნატალი ბურდული

კარგი დედობის ერთგვარი საყოველთაო გამოწვევა თანდათან უფრო და უფრო გვამძიმებს და ვერ განხორციელებული რეკომენდაციები, მოთხოვნები თანდათანობით აჩენს ბზარს ჩვენს შეკოწიწებულ თვითაღქმაში: „რატომ ვერ ვუმკლავდები ამ ყველაფერს?“, „რატომ ვერ ვანაწილებ დროს შინ მუშაობასა და შინ მშობლობას შორის?“, „როცა დროს საკუთარ თავს ვუთმობ, ამით ჩემს შვილს ხელს ხომ არ ვკრავ?“ დროის ხაზზე ნიშნული „იზოლაციის“ შემდეგ მშობლობა კიდევ უფრო რთული გახდა, უფრო რთული დედებისთვის.  2014 წელს ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ მამების ჩართულობა შვილების ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან დაბალია. იმ მამების რიცხვი, რომლებიც მათ 6 წლამდე ასაკის შვილებს ყოველდღიურად უმზადებენ საჭმელს, აბანავებენ, უვლიან, მიჰყავთ გასართობად და უკითხავენ წიგნებს 18 %-ზე დაბალია. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად კი მამის ჩართულობის პროცენტული მაჩვენებელი საგანგაშოდ იკლებს (7-12 წლის ასაკის ბავშვებში 7 %, 12 წლიდან ზემოთ მხოლოდ 4%). თუ გვექნება იმედი, რომ აღნიშნული მონაცემები ბოლო 6 წლის განმავლობაში სასიკეთოდ შეიცვალა, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ, რომ ახლა ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობა თანაბრად ნაწილდება ორივე მშობელზე. თუ უფრო სკეპტიკურად ვიფიქრებთ და სამწუხაროდ, ალბათ უფრო რეალისტურადაც, მამების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი ახლაც შენარჩუნებულია და პასუხისმგებლობის სასწორზე დედებს უფრო მეტი მოვალეობის შესრულება უწევთ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პანდემიის თანმდევი სტრესი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამიტომ, გახსოვდეთ, რომ თქვენი ემოციური კეთილდღეობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. არაუშავს თუ ზოგჯერ ბავშვებთან თამაშის, მათი გართობის მოტივაცია არ გაქვთ, არაუშავს თუ ზოგჯერ ემოციებს ვერ უმკლავდებით, არაუშავს თუ საკუთარ თავთან წაყენებულ მოლოდინებს სრულყოფილად ვერ ამართლებთ. როგორც “გრეის ანატომიის” ერთ-ერთი ექიმი პერსონაჟი ამბობს: „ჩვენ შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანები ვართ.”

                                             ფოტოს ავტორი – ნატალი ბურდული

და მაინც, როგორ გავუფრთხილდე საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობას? Child Mind Institute გუნდი მშობლებს მოუწოდებს, რომ აქციონ საკუთარი თავის ემოციური კეთილდღეობა პრიორიტეტად, რადგან ეს არის არა ფუფუნება, არამედ აუცილებლობა.

  1. გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის – მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად გარკვეული დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმოთ და აკეთოთ ის, რაც იმ მომენტში გსურთ.
  2. იყავით რეალისტი – როგორც კლინიკური ფსიქოლოგი დევიდ ანდერსონი ამბობს, „პერფექციონიზმი და კორონავირუსი ერთმანეთს ვერ ეწყობიან“. არ წაუყენოთ თქვენს თავს მაღალი მოთხოვნები და გახსოვდეთ, რომ რასაც აკეთებთ და ცდილობთ ღირებულია.
  3. დაიცავით ემოციური დისტანცია – შიში და შფოთვა გადამდებია. მნიშვნელოვანია, რომ მოერიდოთ ისეთ ადამიანებს, რომელთა ემოციური მღელვარება თქვენზეც აისახება.
  4. ისაუბრეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე – მნიშვნელოვანია, რომ თქვენი გრძნობები და ემოციები ოჯახის წევრებს, შვილებსაც გაუზიაროთ, რაც ხელს შეუწყობს ერთმანეთთან ჯანსაღი ურთიერთობების შენარჩუნებას.

ავტორი: ლიკა ქურციკიძე, ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასებისა და კონსულტირების მაგისტრი.

წყარო : marketer.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები