„იუნისეფი“ კორონავირუსთან დაკავშირებით მშობლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს

გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) ახალ კორონავირუს COVID-19-თან დაკავშირებით მშობლებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვირუსი პირდაპირი კონტაქტით, რესპირატორული გზითა – ხველითა და ცემინებით – და დაინფიცირებულ ზედაპირზე შეხებით გადადის.
„იუნისეფის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენხანს ცოცხლობს ვირუსი ზედაპირზე, მაგრამ მას მარტივი სადეზინფექციო საშუალებებიც კლავს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის სიმპტომებია : სიცხე, ხველა და სუნთქვის უკმარისობა. მძიმე ფორმის დროს ვირუსმა, შესაძლოა, პნევმონია, იშვიათ შემთხვევებში კი – ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
დაავადების თავიდან ასაცილებლად, „იუნისეფი“ ბავშვებსა და მშობლებს ხუთ რეკომენდაციას აძლევს :
ხშირად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, ან შეიზილეთ ალკოჰოლზე დამზადებული სადეზინფექციო ხსნარით;
თუკი გახველებთ, ან გაცემინებთ, ატარეთ სამედიცინო პირბადე;
მოერიდეთ იმ ადამიანებთან კონტაქტს, ვისაც გაციების ან ვირუსის სიმპტომები აქვთ;
მიმართეთ ექიმს, თუკი გაქვთ სიცხე, გახველებთ, ან სუნთქვა გიჭირთ;
მოერიდეთ ცხოველებთან პირდაპირ კონტაქტს.
„იუნისეფის“ აღნიშნავს, რომ პირბადის ტარება იმ შემთხვევაშია რეკომენდირებული, თუ გაცემინებთ ან გახველებთ, რათა ამ გზით სხვა ადამიანები დაიცვათ. ხოლო თუკი თავად ვირუსის სიმპტომები არ გაქვთ, პირბადის ტარება აუცილებელი არაა.
და ბოლოს, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია, რომ მხოლოდ პირბადის გამოყენება კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ და რომ გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო გზა ხელების ხშირი დაბანა და იმ ადამიანებთან კონტაქტისგან თავის შეკავებაა, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აქვთ.

წყარო : www.unicef.org

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები