იკრძალება თუ არა ორსულობისას ყავა, სექსი, ზღვა, რუჯი – რჩევები

ორსულობა ფასდაუდებელი საჩუქარია, მაგრამ, ამასთან ქალი ვალდებულია იზრუნოს როგორც საკუთარ, ასევე მომავალ სიცოცხლეზე. რატომ იჩენს თავს ორსულობისას პათოლოგიები, ამის გასარკვევად წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრს ვესტუმრეთ. ალბათ, ერთხელ მაინც დაგისვამთ მსგავსი შეკითხვები: შეიძლება ორსულმა თმა შეიღებოს? საშიში ხომ არაა სტომატოლოგთან ვიზიტი? ზღვაში ბანაობისას ან რუჯის მიღებისას ნაყოფს საფრთხეს ხომ არ შევუქმნი?
სწორედ ამ და სხვა თემებზე წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის ორსულთა პათოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი დავით ლანდია გვესაუბრა.  

როგორც გინეკოლოგმა Info9-ს განუცხადა, ორსულებში პათოლოგია ძირითადად გენეტიკურ ფაქტორზეა დამოკიდებული. მან ორსულებს ურჩია, ნაყოფის ჯანმრთელობისთვის გარუჯვას, მზის ცხელ გულზე ყოფნას მოერიდნონ, ხოლო უპირატესობა ფიზიოლოგიურ მშობიარობას მიანიჭონ. როგორც ბატონმა დავითმა გვითხრა, პირველი ორსულობისთვის და მშობიარობისთვის ოქროს შუალედი 18-დან 33 წლამდეა.

– ორსულებში რატომ იჩენს თავს პათოლოგიები? რას დავაბრალოთ გენეტიკას, თუ ორსულობის დროს არაჯანსაღი ცხოვრების წესს?
– როდესაც საკითხი ორსულებში პათოლოგიას ეხება, რასაკვირველია არაჯანსაღი ცხოვრების წესიც გასათვალისწინებელია, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა გენეტიკას უფრო აქვს. პათოლოგიები არსებითად გენეტიკასთან, ან რაიმე დაავადებასთანაა დაკავშირებული.

– სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკი – პათოლოგიურ ორსულობას კიდევ რა იწვევს?
– საერთოდ გადამეტებული დოზით ალკოჰოლი, სიგარეტი ეს ისედაც არაჯანსაღი ცხოვრების წესია ნებისმიერი ადამიანისთვის და მითუმეტეს როცა ქალი ორსულადაა. უკაცრავად, მაგრამ, ეს უკვე ორსულის ინტელექტზე მეტყველებს – მუცლით როცა პატარას ატარებ და ეწევი, რბილად რომ ვთქვათ უხერხულია. ხშირად მომმართავენ პაციენტები კითხვით – ლუდის დალევა თუ შეიძლება? გასინჯეთ, არავითარი შეზღუდვა ორსულის, თუ ეს მის ჯანმრთელობას არ ავნებს საჭირო არაა. ყველამ ვიცით, სიგარეტი კარგი არაა და უნდა გაუფრთხილდეთ ნაყოფს. არ უნდა მოწიოთ ფეხმძიმეებმა. რასაკვირველია, მედიცინაში 100%-ით ვერ ვილაპარაკებთ შედეგზე. ვერ ვიტყვით, რომ აი, თუ მოწია სიმახინჯე ჩამოყალიბდება – სიგარეტი გენეტიკაში დიდ ძვრებს არ იწვევს. ფეხმძიმეებს ვურჩევ, ეს 9 თვე მაინც დაანებონ სიგარეტს თავი. სიგარეტი დადებითს არაფერს შეგმატებთ და საფრთხეში რატომ უნდა ჩააგდოთ ნაყოფი? რაც შეეხება ნარკოტიკს – ეს საერთოდ საშინელებაა და ორსულთან მიმართებაში წარმოდგენაც არ მინდა. კი ბატონო, როცა მშობელი წამალდამოკიდებულია დაბადებულან ჯანმრთელი ბავშვები, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ ხდება? 

info9.ge

– რა ეტაპზე გამოვლინდება პათოლოგია და რომელ კვირაში შეიძლება ორსულობის შეწყვეტა? რამდენად ხშირად ხდება ამ დროს ორსულობის შეწყვეტა მშობლის მოთხოვნით?
– პირველ რიგში, ყველა ბავშვი ხომ უფლის ნებაა. რადგან 15 წელია საპატრიარქოს დაქვემდებარებაში ვართ, რომ დადგინდეს კიდეც, რომ არის სიმახინჯე, თუ ნაყოფი დედის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, ორსულობის შეწყვეტის უფლება არ გვაქვს. სანამ ნაყოფი ცოცხალია, სანამ მისი გული ფეთქავს, ორსულობას ხელოვნურად ვერ შევწყვეტთ. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს – თუ ეს ისეთი პათოლოგია არაა, რომელიც დედას უქმნის საფრთხეს. ორსულობა უნდა შეწყდეს, თუ სამედიცინო ჩვენებაა და დედის სიცოცხლე საფრთხეშია. კიდევ ერთი რამ – ჯანმრთელიც რომ იყოს, გენეტიკური გამოკვლევებით და ექოსკოპიით არავითარი პათოლოგია ნაყოფს რომ არ აღენიშნებოდეს, მაგრამ დედას ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემა: წნევა, თირკმლის უკმარისობა და სხვადასხვა პათოლოგია, რომელიც გვიჩვენებს, რომ ქალის სიცოცხლე საფრთხეშია, ამ შემთხვევაში კი არ ვწყვეტთ ორსულობას, არამედ ხდება ორსულობის ფორსირებით დამთავრება, ანუ აღარ ვაგრძელებთ ორსულობას. ეს რასაკვირველია მეუღლესთან, მშობლებთან შეთანხმებით ხდება.

– რამდენად საშიშია ორსულობის ნებისმიერ ეტაპზე წამლით მკურნალობა?
– ჩვენთან წვებიან პაციენტები, რომლებსაც აქვთ თირკმლის პრობლემები, მაღალი ტემპერატურა, სისხლში ცვლილებები ანუ არის ინფიცირების ნიშნები, რასაკვირველია გამოიყენება ანტიბიოტიკები, ოღონდ მხოლოდ ის ანტიბიოტიკები, რომელიც მოწონებულია და გავლილი აქვს კვლევები, რომ ნაყოფზე არ მოქმედებს. არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს სტომატოლოგთან ვიზიტი, თუმცა სასურველია, სტომატოლოგმა გაითვალისწინოს ორსულის მდგომარეობა. კი ბატონო, ნებადართვულია კბილთან დაკავშირებით ნებისმიერი ჩარევა მხოლოდ სრული გაუტკივარების ქვეშ. სტომატოლოგმა გინეკოლოგთან შეთანხმებით უნდა დანიშნოს ანტიბიოტიკი.

info9.ge

– რამდენად შესაძლებელია ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირება, პრევენცია, მართვა?
– რასაკვირველია, არის რისკ-ფაქტორები, რომელიც გასათვალისწინებელია, მაშინ, როცა ორსულისგან ვიგებთ შემდეგი სახის ინფორმაციას: როგორი იყო წინა ორსულობა, პირველად არის ფეხმძიმედ თუ არა. ვფიქრობ, მეტნაკლებად გასათვალისწინებელია, ფეხმძიმის დედას როგორი ორსულობა და მშობიარობა ჰქონდა. ძირითადი რისკფაქტორებია: ასაკი, სოციალური მდგომარეობა. რაც შეეხება პრევენციას – მინდა გითხრათ, რომ არავითარი პრევენცია არ არსებობს. ერთადერთი არის პრეპარატი ფოლიუმის მჟავა, რომელსაც მოვუწოდებთ, რომ ჩასახვამდე ერთი თვით ადრე მიიღონ.

– როდესაც მშობელი ცე ჰეპატიტითაა დაავადებული, რა საფრთხეს უქადის ეს ნაყოფს?
– ორსულის მონაცემების შედგენისას ცე ჰეპატიტი აუცილებლად უნდა აისახოს და ბავშვს დაბადების შემდეგ გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს. თუმცა, ის რომ ორსულობისას ნაყოფს რაიმე განსაკუთრებული უნდა დაემართოს, ან მშობიარობის დროს რამე ტაქტიკა უნდა შეიცვალოს არა, არავითარ შემთხვევაში. პაციენტებს ჰგონიათ, რომ ცე ჰეპატიტის დროს აუცილებლად საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს ეს შეცდომაა. ვერც იმას გეტყვით გადაჭრით თუ დედა ცე ჰეპატიტითაა დაავადებული აუცილებლად დაინფიცირდება თუ არა ნაყოფი.

– როდის ინფიცირდებიან ცე ჰეპატიტით პატარები: მუცლადყოფნის დროს, თუ მშობიარობისას?
– მშობიარობის დროს ინფიცირება არ არსებობს, თუ დაინფიცირებაა ისევ ნაყოფის დროს მოხდება.

– რამდენად დიდია ძუძუთი კვების დროს ვირუსის გადაცემის შანსი?

– ძუძუთი კვება უკუჩვენებას არ წარმოადგენს.

– შაქრიანი დიაბეტის დროს როგორ ხდება ორსულობის მართვა? რას გვეტყვით მკურნალობის თავისებურებებზე?
– შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში გასათვალისწინებელია მაკროსომია, ანუ დიდი წონის ნაყოფი. დიდია ნაყოფი თუ 4 კილოზე მეტს იწონის. როცა ნაყოფი 4 კილოზე მეტია, ექიმმა უნდა მიიტანოს ეჭვი შაქრიანი დიაბეტი ხომ არ არის. რაც შეეხება მშობიარობას, თუ ექოსკოპია დაადგენს, რომ ნაყოფი 4 კილოზე მეტია, რასაკვირველია გეგმიურად კეთდება საკეისრო კვეთა.

 ქალების დიდ ნაწილს ორსულობისას თმის შეღებვა, ზღვაში ბანაობა, ყავის დალევა და გარუჯვა აშინებთ. ითვლება ეს ორსულისთვის მავნე ცხოვრების წესად და უქმნის თუ არა საფრთხეს ნაყოფს?
– თუ ეხლა საღებავი ვერცხლისწყალს და რაღაც უბედურებას არ შეიცავს, შეიღებონ თმა და უსაფუძვლო შიშის გამო ლამაზ გარეგნობაზე უარს ნუ იტყვიან. თმის შეღებვა უკუჩვენება არ არის. ვიმეორებ, ორსულს რაიმე შეზღუდვა არ აქვს; ადრე იყო წოლითი რეჟიმი – მსგავსი ტერმინი აღარ არსებობს. პოპულარულია გამოთქმა – მენჯები სუსტი მაქვს, რას ნიშნავს მენჯები სუსტი გაქვს? ქალს ერთი მენჯი აქვს. რაც შეეხება ზღვაში ბანაობას და გარუჯვას – ორსული ქალი შუადღის 2-3 საათზე პაპანაქება მზეზე შეზლონგზე რომ არ უნდა დაწვეს ეს ხომ ისედაც იცით და თუ არ იცით, ეხლა მაინც გაითვალისწინეთ. არ ვიცი, იმედია ჩვენი ფეხმძიმეები არ მიწყენენ, მაგრამ უთქვამთ, საცურაო აუზზეც ვყოფილვარო – გეკითხებით რამდენად ესთეტიკურია დიდი მუცლით ქალის აუზზე ყოფნა? კი ბატონო, იარეთ თუ მოგწონთ და გსიამოვნებთ, ამას უკუჩვენება არ აქვს. შეუძლია ზღვაშიც იბანაოს. ეხლა რაც შეეხება გარუჯვას – როცა გოგონა ფეხმძიმედ არაა, ანუ მხოლოდ საკუთარ თავზეა პასუხისმგებელი, როგორც არ უნდა უყვარდეს მზეზე ნებივრობა, იცის, რომ მზის რადიაციას, გამოსხივებას უნდა მოერიდოს და სანაპიროზე დილა-საღამოს წვება და მაშინ, როცა ქალი დედა უნდა გახდეს, მუცლით პატარას ატარებს განა რა აუცილებელია, მუცელი გაირუჯოს? დათმეთ ცოტა ხნით ეს სიამოვნება და მოერიდეთ აქტიურ მზეს. წარმოიდგინეთ, რომ ორულისთვის სანაპიროზე გარუჯვა უდრის სოლარიუმში ყოფნას. რაც შეეხება ყავას – სჯობს ორსულებმა ნალექიანი მიირთვან და ერთი ფინჯანი ყავა კვირაში ორჯერ, მაქსიმუმ სამჯერ დალიონ. სქესობრივ ცხოვრებაზეც გეტყვით – თუ ყველაფერი ფიზიოლოგიურად მიდის, არაფერში ვზღუდავთ, ამაში კატასტროფა არაფერია. თუ მოსალოდნელია ნაადრევი მშობიარობა, აბორტი, მაშინ ზედმეტი ფიზიკური დატვირთა, გაღიზიანება, მათ შორის სქესობრივი ცხოვრება აკრძალულია.  

info9.ge

– პოპულარობით სარგებლობს გაუტკივარებით მშობიარობა, როგორც გინეკოლოგი რას ურჩევთ ორსულებს?
– რასაკვირველია, ორსულის მოთხოვნა უნდა გავითვალისწინოთ, მაგრამ იმ გაუტკივარებასაც თავისი უკუჩვენება აქვს: არის გარკვეული პროცენტი იმის, რომ მშობიარობა დასრულდეს საკეისრო კვეთით. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ რადგან გაუტკივარება ხერხემალში კეთდება საშიშია, ამ მხრივ რაიმე უკუჩვენება არაა. ორსული შეიძლება ითხოვდეს გაუტკივარებას, მაგრამ ვფიქრობ, ეს მაინც მეანმა უნდა გადაწყვიტოს და აუხსნას პაციენტს. როგორც გინეკოლოგი გეტყვით, რომ ფიზიოლოგიურ მშობიარობას ალტერნატივა არ აქვს. უნდა გააცნობიეროთ, რომ საკეისრო კვეთა ოპერაციაა. ხშირადაა გაურკვევლობა, საკეისრო კვეთის შემდეგ რა დროში დაფეხმძიმდნენ – უმჯობესია, ქალმა ერთი წელი თავი შეიკავოს დაფეხმძიმებისგან და საშუალება მისცეს ორგანიზმს ძალები აღიდგინოს, ჩადგეს ფორმაში. მართალია ორსულობა ღვთის დიდი მადლი და ბედნიერებაა, მაგრამ ამ დროს ქალის ორგანიზმში გარკვეული ძვრები მიმდინარეობს. რაც შეეხება სამედიცინო ჩვენებას – რადგან პირველი ორსულობა საკეისროთი დამთავრდა ეს არაა მიზეზი იმისა, რომ მეორე ფეხმძიმობაც აუცილებლად კვეთით ჩატარდეს.

 რამდენად საშიშია ქალისთვის პირველ ორსულობაზე მუცლის მოშლა?
– ქალს პირველი ნაყოფი თუ მოეშალა, დიაგნოზში არ შეგვაქვს, არ ფიგურირებს. ეს შეეხება აბორტსაც. თუ ორჯერ სამჯერ ხდება მუცლის მოშლა მაშინ მივიჩნევთ, რომ ეს უკვე რისკია.

– პირველი ფეხმძიმობისთვის და მშობიარობისთვის იდეალური ასაკი რომელია?

– მაგალითად, თქვენი მშობლების თაობაში დიაგნოზში ვწერდით, 30-32 წლის ხანშიშესული ფეხმძიმე. შემდეგ ეს ტერმინი ამოვიღეთ, იმიტომ რომ რბილად რომ ვთქვათ შეურაცხმყოფელია. 30 წლის ქალს ხანში შესული როგორ უნდა ვუწოდოთ? პირველი ორსულობისთვის და მშობიარობისთვის ოქროს შუალედია 18-დან 33 წლამდე. თუ პირველი ორსულობა გადაცილებულია 34 წელს, მაშინ ეს არის რისკი და დანიშნულებაში უნდა შეიტანო გენეტიკური კვლევა. თუმცა, რადგან ოქროს შუალედი ვახსენე ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება და რაიმე სახის გართულება 100%-ით გამოირიცხება, ამისგან დაზღვეული არავინაა.

– ინტერვიუს დასასრულს, რას ურჩევთ ორსულებსა და მომავალ დედებს?
– იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. სასურველია დაგეგმოთ ორსულობა, წინასწარ ჩაიტაროთ გამოკვლევა. აჩუქეთ საქართველოს ბევრი შვილი. ორსულობა დიდი ბედნიერებაა, დატკბით ამ ბედნიერებით და მადლობა უთხარით უფალს ყოველდღე იმისთვის, რომ ამ საოცრების მონაწილე გაგხადათ, რადგანაც ეს არის უდიდესი მადლი. ბევრი წყვილი მინახავს, რომელსაც ყველაფერი აქვს, მაგრამ ამ ფუფუნებას დათმობდნენ იმისთვის რომ თუნდაც ერთი შვილი ჰყოლოდათ. გაუფრთხილდით თქვენს მომავალ პატარას, იზრუნეთ მის ჯანმრთელობაზე და კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვამბობ – არა აბორტს. ენდეთ ექიმებს.

წყარო : info9.ge

ეკატერინე ციცხვაია

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები