რა არის ეპილეფსია, რა სიმპტომებით ვლინდება, როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება და როგორია მკურნალობის მეთოდები? ამ თემებზე გვესაუბრება “ევექსის” ბავშვთა ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი,  პროფესორი გვანცა არველაძე.

ეპილეფსია ყველაზე ხშირი ნევროლოგიური პათოლოგიაა ინსულტის შემდეგ. მოსახლეობაში ინფორმაცია ეპილეფსიის შესახებ ძალიან მწირია. დიაგნოზი ეპილეფსია – დღემდე სტრესია პაციენტის და მისი ოჯახის წევრებისთვის. იგი რატომღაც მიჩნეულია სამარცხვინო, დასამალ და საშიშ დაავადებად. ეს დამოკიდებულება მრავალ პრობლემას უქმნის პაციენტს, ოჯახის წევრებს, ხელს უშლის პიროვნებას სოციალურ ადაპტაციაში.

 

რა არის ეპილეფსია და რა სიმპტომით გამოვლინდება ის?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ეპილეფსია  ვლინდება არაპროვოცირებული, განმეორებითი  გულყრებით, რომელიც ვითარდება თავის  ტვინის ნეირონების გადაჭარბებული განტვირთვების  შედეგად. პაროქსიზმული აქტივობა ხშირად თვითკუპირებადია და გრძელდება რამდენიმე წამიდან რამდენიმე წუთამდე.

როგორია მისი გავრცელების სიხშირე?

პოპულაციური კვლევების საფუძველზე ავადობის მაჩვენებელი ანუ ახალი შემთხვევების გამოვლენა არის დაახლოებით  0,5-დან 8-მდე ყოველ 1000  ბავშვზე წელიწადში. ბავშვებისა და მოზარდების დაახლოებით 0,5-დან 1 % სიცოცხლის განმალობაში  ერთხელ მაინც აქვთ აფებრილური  გულყრის ეპიზოდი.  პირველი არაპროვოცირებადი გულყრის სიხშირე ერთი წლის განმავლობაში შეადგენს 39-61 შემთხვევას 100000 მოსახლეზე.

როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა გულყრა?

ეპილეფსიის გამოვლინება საკმაოდ მრავალფეროვანია. გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, რომლისთვისაც დამახასიათებელი გონების კარგვა, ტონური დაჭიმულობა და კლონური მოძრაობებია  ადვილად ამოსაცნობია, თუმცა არსებობს სხვადასხვა  ტიპის გულყრები, რომლის ამოცნობა უჭირს მშობელს, საჭიროა ყურადღების გამახვილება თვალების გაშტერებაზე, გარინდებაზე, გონების კარგვასა  და მოდუნებაზე, რომელსაც შესაძლოა მოყვეს  ვარდნა. წლამდე ასაკის ბავშვებში  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს  სუნთქვის რიტმს, კუნთების მოულოდნელ შეკრთომებს, კიდურების უჩვეულო,გაურკვეველი მოძრაობებს.

ნიშნავს თუ არა ყველა გულყრა ეპილეფსიას? რას წარმოადგენს ფებრილური გულყრა?

ყველა გულყრა არ  არის ეპილეფსიის გამოვლინება, ბევრი მშობელი ფებრილურ გულყრას  აიგივებს ეპილეფსიასთან, თუმცა ეს ასე არ არის. ეს გახლავთ  ფებრილური დაავადებით ანუ ცხელებით მიმდინარე დაავადების დროს განვითარებული გულყრა, ამ დროს არ აღინიშნება ცნს-ის ინფექცია და ანამნეზში აფებრილური გულყრის არსებობა. ძირითადად ვლინდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.  ბავშვთა  პოპულაციის  2-4 % შესაძლოა ჰქონდეთ ფებრილური გულყრები. ანსხვავებენ მარტივ და რთულ ფებრილურ გულყრებს: მარტივი 15 წუთზე ნაკლებს ხანს გრძელდება, 24 საათის განმავლობაში არ მეორდება და მიმდინარეობს გენერალიზებული ეპიზოდით. რთული გულყრა კი მიმდინარეობს 15 წუთზე უფრო მეტი ხანგრძლივობით ფოკალური კომპონენტით, ახასიათებს განმეორება. ფებრილური გულყრა საკმაოდ რთული სანახავია მშობლისთვის, თუმცა  პროგნოზი საიმედოა და ეპილეფსიის განვითარების რისკი დაბალია, განსაკუთრებით მარტივი ფებრილური გულყრის დროს.

 

რა მექანიზმი უდევს საფუძვლად ეპილეფსიის  განვითარებას?

ეპილეფსიის მიზეზები საკმაოდ მრავალფეროფანია, რომელთა დადგენა  ყოველთვის ვერ ხერხდება. მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორები , მეტაბოლური და ნეიროგანვითარების დარღვევები, გულყრის განვითარება შესაძლებელია თავის ტვინის ტრავმული ან ტოქსიკოლოგიური დაზიანების დროს, ასევე ინფექციის ერთ-ერთი კლინიკური გამოვლინება გახლავთ გულყრა.

გულყრის როგორი ტიპები არსებობს ეპილეფსიის დროს?

ტიპის მიხედვით ეპილეფსია შეგვიძლია დავყოთ 2 ჯგუფად.

  1. პარციალური (ფოკალური, კეროვანი ლოკალიზებული) – განპირობებულია ეს   თავის ტვინში ლოკალურად არსებულს  პათოლოგიური განმუხვტების შედეგად.

2. გენერალიზებული  – ანუ გავრცელებული მთელს თავის ტვინში, ცნობიერების  კარგვით.

ფოკალური  გულყრა შესაძლოა ხასიათდებოდეს  ლოკალური მოტორული კომპონენტით ან  ახასიათებდეს გავრცელება (ჯექსონის მარში), ასევე ამ დროს ვხვდებით სენსორულ გულყრებს, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს მგრძლობელობითი, მხედველობით, სმენითი, ყნოსვითი, გემოვნებითი სიმპტომებით და თავბრუსხვევის შეგრძნებით, მშობლებისთვის რომ უფრო მარტივად აღსაქმელი იყოს,  ბავშვი უჩივის გაურკვეველი სუნის შეგრძნებას, მოციმციმე წერტილების ხედვას და სხვა შეგრძნებებს. ავტონომიური სიმპტომები, შეგრძნებები მუცლის არეში, სიფერმკთალე ან კანის სიწითლე, გუგების გაფართოვება, ფსიქიკური სიმტომები,  რომელიც თავის მხრივ ვლინდება დისფაზიური, სიზმრისებრი, ილუზიური და აფექტორული (შიში, გაბრაზება და სხვა) შეგრძნებებით, ასევე ვხვდებით დისმნესტიურ (DEJA_VU)-ს მსგავს მდგომარეობას.

გენერალიზებული გულყრები ხასიათდება ცნობიერების დაკარგვით, ფართოდ გავრცელებული ტონური შეკუმშვით, რომელსაც მოჰყვება კლონური მკვეთრი მოძრაობები, გულყრის შემდეგ ცნობიერების დაქვეითებით. მისი ერთ-ერთი სახეობა და გამოვლინება ტიპური და ატიპური აბსანსი, მიოკლონური გულყრა, რომელიც კუნთების მოულოდნელი და ბიძგისებრი მოძრაობებით ვლინდება,  ასევე  დამოუკიდებლად კლონური ან ტონური კომპონენტით მიმდინარე   გულყრები და ატონური გულყრები, რომელიც  ტონუსის მოდუნებით და ვარდნით გამოიხატება.

 

  რომელი ეპილეფსიური სინდრომები ვლინდება ბავშვებში?

ბავშვებში არსებობს სპეციფიკური  ასაკდამოკიდებული ეპილეფსიური სინდრომები.

როლანდის ეპილეფსია, რომელიc ხასიათდება კეთილთვისებიანი მიმდინარეობით, ძირითადად 3-დან 13 წლამდე  ნორმალური განვითარების ასაკის ბავშვებში ვლინდება. ის ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების 15 პროცენტს აწუხებს. მისი ძირითადი ნიშნებია: ღამის საათებში ფოკალური გულყრები,  რომელიც, შესაძლოა, გენერალიზებულ ტონურ-კლონურ გულყრაში გადავიდes. გულყრების ¾ ვითარდება ღრმა ძილის დროს, ჩაძინების ან გამოღვიძების წინ.  იშვიათ შემთხვევებში, სინდრომი უძილობის დროს ვლინდება. ბავშვებს სახისა და ენის კრუნჩხვები აღენიშნებათ, ასევე მეტყველების დარღვევა ან დაკარგვა, აფაზია  და ჰიპერსალივაცია. როგორც წესი, გულყრებისგან მოზარდების უმეტესობა 16 წლის ასაკში თავისუფლდება.

  • ვესტის სინდრომი ანუ ინფანტილური სპაზმები – ვლინდება კიდურების და კუნთების სწრაფი შეკუმშვით და შედარებით ხანგრძლივს ტონური დაჭიმულობით, რომელიც ხანმოკლე სპაზმებს ან ბიძგებს იწვევს. ბავშვის ჯდომისას განვითარებული გულყრა აღმოსავლურ სალამს ჰგავს და ,,სალმის ტიკს’’ უწოდებენ. ვხვდებით უმეტესად 1 წლის ასაკამდე, საშუალოდ 3-9 თვემდე. მსგავსი ტიპის სპაზმები უმეტესად  თავის ტვინის გარკვეული დაზიანებების, სხვადასხვა ნეირომეტაბოლური დაავადების და სხვა დარღვევების  მქონე ჩვილებს აღენიშნებათ. ბავშვებში, რომლებსაც ინფანტილური სპაზმები აქვთ, უმეტეს შემთხვევაში ვლინდება განვითარების შეფერხება.
  • აბსანსი (მცირე ეპილეფსია) – პედიატრიული ეპილეფსიების საკმაოდ ხშირი ფორმაა და ის 0 -დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების 12 %-ს აღენიშნება. იწყება უეცარი ცნობიერების შეცვლით ან დაკარგვით. პაციენტი გარინდებულია, მზერა გაშტერებულია . აღნიშნული სინდრომის მქონე ბავშვების 90 %-ს აბსანსი 12 წლის შემდეგ აღარ აღენიშნება. აბსანსი უმნიშვნელო  გამოვლინების გამო ხშირად მშობლისთვის შეუმჩნეველი რჩება. ზოგჯერ მშობლები შეტევის  აღწერისას ამბობს, რომ ბავშვი თითქოს თვლემს’.

.დრავეს სინდრომი- მიეკუთნება საკმაოდ მძიმე ფორმას ,,ჩვილობის მძიმე მიოკლუნური ეპილეფსია“  ძირითადად წლამდე ასაკი ბავშვები ვლინდება, დამახასიათებელია  ფებრილური მიოკლონური და პარციალური გულყრები, ასევე ატიპური აბსანსები. სახეზეა  განვითარების შეფერხების მკვეთრი გამოხატულება, ასევე რთულად ექვემდებარება მკურნალობას.

  • ლენოქს-გასტოს სინდრომი – უმეტესად 3-7 წლის ბავშვებს აქვთ. ლენოქს-გასტოს სინდრომი გულყრათა მრავალფეროვნებით და რეზისტენტულობით ხასიათდება. მცირე ასაკის ბავშვებში ძირითადად იწყება ვარდნის შეტევებით. გამოხატული ქცევითი და მეხსიერების პრობლემები აღენიშნებათ. მკურნალობა საკმაოდ რთულია და გულყრები მოზრდილ ასაკამდე გრძელდება.
  • ლანდაუ-კლეფნერის სინდრომი – საკმაოდ იშვიათია და ძირითადად 4-10 წლამდე ასაკის ბავშვებს უვლინდებათ, რომელთა განვითარება უმეტესად შეესაბამება ნორმის მაჩვენებლებს, მხოლოდ 10% შესაძლოა ქონდეთ მეტყველების შეფერხება. ბავშვებს აღენიშნებათ ვერბალური განვითარების პრობლემები, ქცევითი დარღვევები.70%-ს ფოკალური გულყრები და გენერალიზებული გულყრები აწუხებთ.

 

რა ტიპის გამაღიზიანებელს უნდა ერიდოს მშობელი რათა თავიდან აიცილოს გულყრის პროვოცირება.

ჭარბი ემოციები, აღფრთოვანება, აგზნება ან პირიქით გადაღლა, უძილობა, საკვების დეფიციტი, ხმაური, მოულოდნელი განათება ხელს უწყობს გულყრის განვითარებას. კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების ნაკლებობა ან არარეგულარული მიღება ასევე გახლავთ ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი.

 

როგორ ხდება ეპილეფსიის დიაგნოსტიკა?

ეპილეფსიის დიაგნოზის პირველი ნაბიჯია ანამნეზი, რომელიც გვეხმარება გულყრის ტიპის, მისი გამომწვევის თუ შემაკავებელი ფაქტორების დადგენაში, მნიშვნელოვანია ოჯახური ისტორია, ფიზიკური გასინჯვა, რომლის დროსაც შესაძლოა, გამოვლინდეს თავის ტვინის დაზიანების ნიშნები, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები: ელექტროენცეფალოგრამა  გახლავთ ძირითადი და მნიშვნელოვანი კვლევა,  ელექტროდები რომლებიც მაგრდება თავზე, გვაძლევს ინფორმაციას  თავის ტვინის ბიოელექტრული აქტივობის შესახებ.   გულყრის მიზეზის და დაზიანების კერის დასადგენად ვიყენებთ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას და კომპიუტრული ტომოგრაფიას.

 

რამდენად ხშირად ერევათ მშობლებს ეპილეპსიური და არაეპილეფსიური გულყრები?

არსებობს პათოლოგიური მდგომარეობები,  ანუ არაეპილეფსიური გულყრები, რომელიც თავისი გამოვლინებით ჰგავს გულყრას და საჭიროა, გაკეთდეს დიფერენციალური დიაგნოსტიკა შემდეგ მდგომარეობებთან: ფსიქოგენური შეტევები, ისტერიული გულყრები, ტიკები, უყურადღებობის ეპიზოდი, რომელიც ხშირად ეშლებათ აბსანსში, რესპირაციულ აფექტორული შეტევები, სინკოპე/გულისწასვლა, ძილის სირთულეები, ღამის კოშმარები და შიშები, შაკიკის შეტევა და სხვა

 

როგორია პირველადი დახმარება გულყრის დროს ?

მშობლებს ვურჩევთ, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე  და არ აყვნენ პანიკას, მოათავსონ  ბავშვი უსაფრთხო ადგილას, რათა მოძრაობებით არ მოხდეს თვითდაზიანება, თავქვეშ სასურველია ბალიშის ან რბილი საგნის ამოდება, მოჭერილი ტანსაცმლისგან განთავისუფლება, სუნთქვის გაიოლებისთვის სასურველია დავაწვინოთ პაციენტი გვერდზე. აკრძალულია პაციენტის წამოყენება,ენის დაჭერა და პირში მყარი საგნის ჩადება. თუ გულყრა გრძელდება 5 წუთზე დიდხანს და ვლინდება  სუნთქვის სიძნელეები, სასურველია გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.

 

როგორია მკურნალობის მეთოდები?

მკურნალობა ხდება ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით, რომელიც ძირითადად იწყება ორი არაპროვოცირებადი გულყრის შემდეგ ექიმის მიერ შერჩეული პრეპარატით,  როდესაც მედიკამენტით მკურნალობა არაეფექტურია ვიყენებთ სხვა ალტერნატიულ საშუალებებს კეტოგენური დიეტა, ნეიროსტიმულაცია და ქირურგიული ჩარევა.

 

სტატია მოამზადა: ნათია ხარბედიამ