გულის წასვლა, გულის მოსვლა, გულის დაწყვეტა – ეს ის მდგომარეობებია, რომელთა გარეშეც ქალის არსებობა აზრს დაკარგავდა. აქედან – მარტივი დასკვნა: გული ქალებს უფრო სჭირდებათ.

ამერიკული მესიჯი

ისევ გულადმა ამერიკელმა ქალბატონებმა იმარჯვეს და მთელ მსოფლიოს გულისწამსვლელი მესიჯი გაუგზავნეს – გაუფრთხილდით, ქალებო, თქვენს გულებსო. მოძრაობაც კი წამოიწყეს, სახელწოდებით “გულითადი სიმართლის კამპანია”, რომლის სიმბოლოდაც წითელი კაბა აირჩიეს. მოძრაობას თავისი უცვლელი და გულუხვი სპონსორიც ჰყავს – გულის, ფილტვისა და სისხლის ეროვნული ინსტიტუტი, რომელიც, გარდა სამედიცინო საქმიანობისა, მოდურ წვეულებებსა და საღამოებსაც აფინანსებს და აი, რატომ: კამპანიის ერთ-ერთი კომპონენტია დეფილე – ერთკვირიანი ფეშენ-შოუ, რომელიც ყოველწლიურად იმართება ნიუ იორკში. პოდიუმზე ერთმანეთს ცვლიან დონა კარანის, ტომი ჰილფიგერის, კელვინ კლაინის, რალფ ლორენისა და მაღალი მოდის სხვა კანონმდებელთა წითელ კაბებში გამოწყობილი სელებრითები – ამერიკული კინოსა და პოპ-მუსიკის ცნობილი სახეები.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ერთკვირიანი კამპანიის ფარგლებში ეწყობა მარათონის მსგავსი მსვლელობა სახელწოდებით “ვატაროთ წითელი”, რომელიც ამერიკის მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად არის გამიზნული. წითელი კაბის გამოსახულებიანი გულსაბნევით დამშვენებულ და, უბრალოდ, წითლად შემოსილ ქალებს სად არ დაინახავთ.

“გულითადი სიმართლის კამპანია” თებერვალში აქტიურდება – ის შტატებში გულის ეროვნულ თვედ არის აღიარებული.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ამერიკელები სტატისტიკას დიდად აფასებენ. სწორედ ამის წყალობით გახდა ცნობილი, რომ იქაური ქალბატონების მკვლელი N1 გულის დაავადებები ყოფილა.

 

მიზეზ-მიზეზ…

ბევრი იკვლიეს თუ ცოტა, მთელი მსოფლიოს კარდიოლოგები საერთო დასკვნამდე მივიდნენ: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს უამრავი მიზეზი აქვს, უმთავრესად კი…

. თამბაქოს წევა;

. შაქრიანი დიაბეტი;

. მაღალი არტერიული წნევა;

. სტრესი;

. სიმსუქნე;

 

გაგიკვირდებათ და იმავე ამერიკელების მონაცემებით, კავკასიელ თინეიჯერთა 28%-ს გულის პრობლემები მცირე ფიზიკური აქტიურობის გამო უჩნდება.

იმ ქალთა 35%-ს, ვისაც ერთხელ მაინც აქვს გადატანილი გულის შეტევა, ის, განურჩევლად ასაკისა, ექვსიოდე წლის შემდეგ უმეორდება.

 

გული მტკივა, რომ…

ქალმა თუ დაიჩივლა, გული მტკივაო, ჭირვეულობად ჩაუთვლიან. არ არის გამორიცხული, “გულის ტკივილი” მართლაც ყურადღების ცენტრში მოქცევის საბაბი იყოს, მაგრამ თუ შეტევა რეალურია, მისი უყურადღებოდ დატოვება არამც და არამც არ შეიძლება.

თუ თქვენს ახლობელს გულის შეტევამ “მოუსწრო”:

. ნახევრად წამოაწვინეთ, თავისა და ბეჭების, აგრეთვე მუხლების  ქვეშ ამოუდეთ ბალიში, მუთაქა ან დაგორგლილი ნაჭერი, შეუხსენით საკინძი.

. ენის ქვეშ დაუდეთ ნიტროგლიცერინი და სთხოვეთ, ასპირინი ჩაღეჭოს

. ნუ ეცდებით არტერიული წნევის დაწევას.

. რაც შეიძლება მალე გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

გულის შეტევა უმეტესად ღამით ვითარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, დღისით მოხდეს, მით უმეტეს, თუ ამას წინ უძღვის, მაგალითად, ფიზიკური დატვირთვა (მძიმე ტვირთის აწევა, სირბილი, ვარჯიში) ან ძლიერი ფსიქოემოციური სტრესი.

დაიმახსოვრეთ: ქალებში, ისევე როგორც მამაკაცებში, გულის შეტევა გულმკერდის ტკივილით ვლინდება, მაგრამ, ძლიერი სქესის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მანდილოსნებს უფრო ხშირად აწუხებთ სუნთქვის უკმარისობა, გულისრევა-ღებინება და ტკივილი ზურგის არეში.

 

კვებეთ გული

ექიმები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ კვებას ჯანმრთელობისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ხოლო როდესაც საქმე გულის დაავადებების პრევენციას ეხება, მენიუს შესარჩევად დროის დაკარგვა მით უმეტეს ღირს.

წყარო: ავერსი

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ