გენდერი და ფსიქიკური ჯანმრთელობა

ფსიქიკური ჯანმრთელობა მოიცავს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ის განაპირობებს ადამიანის ქცევას, აზროვნებასა და შეგრძნებებს. განსაზღვრავს თუ როგორ შეძლებს ადამიანი სტრესთან განმკლავებას, როგორ დაამყარებს კონტაქტს გარემოსთან, როგორი ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებს იგი.

ფსიქიკური აშლილობების განვითარებაზე ბევრი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას: ბიოლოგიური ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა ან ტვინის ფიზიოლოგია; ფსიქიკური პრობლემების საკუთარი ისტორია, როგორიცაა გადატანილი ტრავმა ან მავნე ჩვევები; და ფსიქიკური პრობლემების ოჯახური ისტორია.

პოსტტრავმული სტრესული გამოცდილება ხშირი მოვლენაა მრავალ ქვეყანაში და დაახლოებით სამიდან ერთ მოზრდილს აღენიშნება. ის შეიძლება თან ახლდეს საგზაო შემთხვევას, ძალადობის ინციდენტს, ბუნებრივ კატასტროფებს, მძიმე ავადმყოფობას. რეაქციის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა სიმპტომები,როგორიცაა: არტერიული წნევის მატება, მაჯისცემის აჩქარება, მადის დაქვეითება. აღნიშნული სიმპტომატიკა გარკვეულად ფიზიოლოგიური პასუხია გამაღიზიანებელზე და ემსახურება ნეგატიური მოვლენის დაძლევას. დროთა განმავლობაში სიმპტომები ქრება, წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვექნებოდა პოსტტრავმულ სტერსულ აშლილობასა და/ან დეპრესიასთან. ფსიქიკური დარღვევები მოიცავს არა მხოლოდ ინდივიდუალურ რისკებს, არამედ სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ფაქტორებს, როგორიცაა ქვეყნის ეროვნული პოლიტიკა, სოციალური დაცვა, საცხოვრებელი პირობები, სამუშაო პირობები და საზოგადოების სოციალური მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, პოპულაციაში განიხილება ე.წ. განსაკუთრებული რისკის ჯგუფები – როგორიცაა, სიღარიბეში მცხოვრები ოჯახები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ძალადობის მსხვერპლი და ე.წ. ომგამოვლილი ბავშვები, მავნე ჩვევების მქონე მოზარდები, ბუნებრივი და პოლიტიკური კატასტროფების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები და ა.შ. აღნიშნულ კონტინგენტში უნდა განვიხილოთ ასევე თანამედროვე ეკონომიკური კრიზისის შედეგად წარმოქმნილი უმუშევარ ახალგაზრდათა ფენა, რომელთაც, ზემოთ ჩამოთვლილ ჯგუფებთან ერთად ფსიქიკური დარღვევების განვითარების მაღალი რისკი (და არა აუცილებლობა) აქვთ.

ყოველი მერვე ადამიანი, ანუ საერთო პოპულაციის 15% ცხოვრებაში ერთხელ მაინც საჭიროებს ანტიდეპრესანტებით მკურნალობას დეპრესიის გამო, აქედან მხოლოდ 1/3 აკითხავს ფსიქიატრს. დიდი დეპრესიული ეპიზოდის დროს დასრულებული სუიციდი 15-20% ია, რაც 20 ჯერ უფრო მაღალია ვიდრე მთლიან პოპულაციაში და 3,4 ჯერ მაღალი ვიდრე სხვა ფსიქიკური აშლილობების დროს. პირველი ეპიზოდის შემდეგ მანიაკალური მდგომარეობა ავადმყოფების 5 10%ში ვლინდება. გენდერული თანაფარდობა: შემთხვევათა 2/3 ქალია. მსოფლიოს 5% დაავადებულია დეპრესიით და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში 20%არის ალბათობა იმის, რომ შეიძლება განუვითარდეს დეპრესია. დეპრესიული ეპიზოდი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაიტანა ქალების 20-25% მა და მამაკაცების 7 – 12%მა.

ენურეზი ბიჭების უფრო დიდ ნაწილს აქვს, ვიდრე გოგოების, სამაგიეროდ მომნელებელი სისტემის დარღვევები, როგორიც არის ნერვული ანორექსია (მადის დაკარგვა) და ბულემია (არაკონტროლირებული კვების მოთხოვნილება, განსაკუთრებით ტკბილის ჭამის სურვილი), უფრო ხშირად უვლინდებათ გოგოებს და ამის მიზეზი შეიძლება იყოს დეპრესია, რადგან გოგოები არ არიან კმაყოფილნი თავიანთი ფიგურით. ( ის ფაქტი, რომ საზოგადოებაში, მოდაში, არის სილამაზის კრიტერიუმები, ქალის როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქიკურ ჯანმრთელობას ხშირად უქმნის საფრთხეს. ლამაზი ქალის სტერეოტიპი, მიღებული ნორმა, რომ ასეთი ქალი არის ლამაზი და ასეთი  – არ არის, ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ისეთი ქალისთვის, რომელიც ამ „კრიტერიუმებს“ ვერ აკმაყოფილებს) .

ანორექსია ემართებათ გოგოებს ,იმის შიშით, რომ დაქალდებიან, მათ არ შეუძლიათ თავიანთი ქალურობის მიღება, ამიტომ იწყებენ პათოლოგიურ წონაში კლებას, ამით ისინი ებრძვიან ორგანიზმის განვითარებას. როცა ორგანიზმის 17% ცხიმი იკლებს, ამ დროს გოგონებს უწყდებათ მენსტრუაციული ციკლი და სექსუალური მოთხოვნილება ქრება.

ადამიანი სოციალური არსებაა, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია გარემო, რომელშიც იმყოფება.. საზოგადოებაში განსხვავებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები არის ჩამოყალიბებული ქალისა და კაცის როლზე.

ნერვული და ფისიქიკური აშლილობები უფრო ხშირად უვლინდებათ ქალებს, ვიდრე კაცებს. ადამიანის მოწყვლადობა ფსიქიკური აშლილობებისადმი,  დამოკიდებულია მის სოციალურ როლზე, გენეტიკაზე,  მის წარსულ გამოცდილებაზე.. თუ როგორი გზა გამოიარა მან, როგორი მატრავმირებელი მოვლენები იყო მის ცხოვრებაში და როგორი განმკლავების მექანიზმები გამოიმუშავა ამ დროის განმავლობაში. გარემო, ოჯახი, საზოგადოება, რელიგია და ა.შ. დიდ გავლენას ახდენს ადამიანის და მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის ფორმირებაზე.

მასალა მოამზადა : ნონა ტაბატაძემ 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები