ექოსკოპია ორსულობისას: რას გვაჩვენებს ულტრაბგერა

XX საუკუნის მრავალ, კაცობრიობისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე მიღწევას შორის კვლევის თანამედროვე მეთოდებს უდავოდ გამორჩეული ადგილი უკავია. დღეს სამედიცინო დიაგნოსტიკის შესაძლებლობები პრაქტიკულად უსაზღვროა. ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობა ერთიორად იმატებს, როდესაც საქმე ნაყოფის ჯანმრთელობას ეხება. ორსულთა პატრონაჟის სწორად წარმართვაში უდიდეს როლს ასრულებს ექოსკოპიური კვლევა. ამ მეთოდის უპირატესობას ერთიორად ზრდის მისი უსაფრთხოება. დღეს ორსულობა ულტრაბგერითი კვლევის გარეშე წარმოუდგენელია. თითქმის ყველამ იცის, რომ ორსულობის მე-12 კვირიდან ექოსკოპიურად შესაძლებელია ნაყოფის სქესის დადგენა, ბევრიც საგულდაგულოდ ინახავს ჯერ კიდევ მუცლად მყოფი შვილის სურათს… მაგრამ ულტრასონოგრაფიის შესაძლებლობები ამით როდი ამოიწურება. რა ინფორმაციას გვაწვდის ექოსკოპიური კვლევა, ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა და რამდენჯერ უნდა ჩაიტაროს ის ორსულმა? ამ და სხვა საკითხებზე ექიმი გინეკოლოგ-რადიოლოგი თამუნა ჩხაიძე გვესაუბრება.
– ქალების უმრავლესობა ორსულობის დიაგნოსტიკისთვის ექსპრესტესტს მიმართავს. აუცილებელია თუ არა ორსულობის ამ გზით დადგენის შემდეგ მისი ექოსკოპიურად დადასტურება და რა ვადიდან ჩანს ექოსკოპიაზე ნაყოფი?
– ულტრაბგერითი კვლევით საშვილოსნოს ღრუს ორსულობისას სანაყოფე პარკის დანახვა მეხუთე კვირიდან არის შესაძლებელი, ტრანსვაგინალური (საშოსმხრივი) მიდგომით კი მისი ვიზუალიზაცია ხდება მეოთხე კვირიდანაც, როდესაც სანაყოფე პარკის დიამეტრი სულ 2-3 მმ-ია. მართალია, ამ ვადებზე ორსულობის დიაგნოსტიკა ტესტითაც შეიძლება, მაგრამ შარდით ექსპრესდიაგნოსტიკა ვერ გვაწვდის ინფორმაციას სანაყოფე პარკის ადგილმდებარეობაზე (საშვილოსნოს ღრუშია თუ მის გარეთ), თანაც პასუხი ყოველთვის არ არის სწორი, ამიტომ ორსულობის ექოსკოპიურად დადასტურება აუცილებელია.
– სახელდობრ როდის შეიძლება შეცდეს ტესტი?
– შარდის ყველა ექსპრესტესტი ერთსა და იმავე პრინციპს ეფუძნება – ის შარდში ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინს (ქგ) განსაზღვრავს. ეს ჰორმონი ქალის ორგანიზმში ორსულობის მეშვიდე-მეათე დღეს გამომუშავდება. ამრიგად, ცრუ დადებითი შედეგები შეიძლება მივიღოთ:
• თუ ქალი იღებს ქგ-ის შემცველ პრეპარატს (შარდში ჰორმონის მაღალი დონე ნარჩუნდება პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში);
• შეწყვეტილი ორსულობის დროს – ტესტი დადებითია დაახლოებით 19-20 დღე;
• ხელოვნური აბორტის შემდეგ – დაახლოებით 30 დღე;
• გარე ორსულობის შემდეგ (პოსტოპერაციულ პერიოდში) – დაახლოებით 12-13 დღე;
• სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების – ქორიონეპითელიომის, ბუშტნამქერის, საკვერცხის ტერატოდერმოიდული ცისტის – დროს;
• საკვერცხეების, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ფილტვების, თირკმლის ზოგიერთი ავთვისებიანი სიმსივნის დროს.
თუ ქგ-ის კონცენტრაცია არასაკმარისია, ტესტის პასუხი შესაძლოა უარყოფითი იყოს. ასევე ცრუ უარყოფით შედეგს ვიღებთ შემდეგ შემთხვევებში:
• დიდი რაოდენობით სითხის მიიღების შემდეგ (ამ დროს ქვეითდება ქგ-ის კონცენტრაცია; სწორედ ამიტომ არის რეკომენდებული ტესტირება დილის შარდით);
• თირკმლის ფუნქციური დარღვევის დროს;
• გვიანი ოვულაციის დროს;
• მოსალოდნელი თვითნებითი აბორტის ან ნაყოფის განვითარების ანომალიების (მაგალითად, ანემბრიონემიის) დროს;
• დაბალკვალიფიციური ტესტის გამოყენების ან ტესტირების წესების დაუცველობის დროს;
• საშვილოსნოს გარე ორსულობის დროს (შემთხვევათა 20-30%-ში).
განსაკუთრებით დიდია ექოსკოპიის მნიშვნელობა საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტიკისთვის. როცა ექსპრესდიაგნოსტიკა შარდით უარყოფით პასუხს იძლევა, დიაგნოზის დასადგენად საჭირო ხდება სისხლში ქორიონული გონადოტროპინის ბეტა სუბერთეულის განსაზღვრა, მისი მატების დინამიკის შეფასება და პარალელურად – ექოსკოპიური კვლევა. ამ დროს წამყვანი მნიშვნელობა კომპლექსურ მიდგომას ენიჭება. შედეგი ძალზე ფასეულია – ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში შესაძლებელია ორგანოშემანარჩუნებელი (კვერცხსავალი მილის) ოპერაციის ჩატარება, ასევე – კონსერვატიული, მედიკამენტური მკურნალობა. ტრანსვაგინალური კვლევით მხლოდ საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოზი კი არ ისმება, არამედ ფასდება მედიკამენტური მკურნალობის ეფექტურობაც. თუ დიაგნოსტიკა დაგვიანდა და საჭირო გახდა რადიკალური ქირურგიული ჩარევა (მილის ამოკვეთა), იმატებს უნაყოფობის, განმეორებითი გარე ორსულობის რისკი (ყოვლე მეოთხე შემთხვევაში). ასე რომ, ამ მხრივ ექოსკოპიური კვლევა ფასდაუდებელია.
– გეგმურად რამდენჯერ უნდა ჩაიტაროს ორსულმა ექოსკოპია და რა ფასდება ამ ვიზიტების დროს?
– პირველი კვლევა ტარდება ორსულობის დასადგენად, საშვილოსნოს ღრუსა და ექტოპიური (საშვილოსნოსგარე) ორსულობის დიფერენცირებისთვის.
მეორე კვლევის მიზანი ემბრიონის კარდიოლოგიური აქტივობის აღნუსხვაა.
მესამე კვლევა 10-14 კვირის ვადაზე ტარდება. ეს სკრინინგული კვლევაა. ამ დროს ფასდება ქალას თაღის ძვლები, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი წნული, ცხვირის ძვლები, ხერხემალი, კუჭი, მუცლის წინა კედელი, შარდის ბუშტი და კიდურები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საყელოსმიერ სივრცეს (NT). თუ NT არე აღემატება დასაშვებ ნორმას (>3 მმ), ორსული რისკჯგუფში ხვდება და ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების გამოსარიცხად სათანადო ბიოქიმიური კვლევა უტარდება. კარიოტიპული (გენეტიკური) პათოლოგიების საბოლოო დადასტურება ქორიოცენტეზით ხდება. აღსანიშნავია, რომ ციტოგენეტიკურმა ანალიზმა ექოგრაფიულ მონაცემებსა და გენეტიკურ ანომალიებს შორის მჭიდრო კავშირი აჩვენა. შემთხვევათა 50.7%-ში საქმე გვაქვს დაუნის სინდრომთან, 23.7% – ედვარდსის, 9%-ში – ტერნერის, 4.9%-ში – პატაუს სინდრომთან. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ მხოლოდ NT არის ზომის მომატება არ გახლავთ გენეტიკური პათოლოგიების აბსოლუტური მარკერი – მისი გარდამავალი მატება შეინიშნება გულის სხვადასხვა მანკის დროსაც, ხოლო ასიდან ხუთ შემთხვევაში იბადება ჯანმრთელი ბავშვი, ამიტომ სწორი დიაგნოსტიკისთვის საჭიროა კომპლექსური მიდგომა.
მეოთხე რუტინული კვლევა მეცხრამეტე-ოცდამეორე კვირას ტარდება. ის მიზნად ისახავს ნაყოფის ბაზისურ კვლევას, გულ-სისხლძარღვთა, ცნს-ის, ფილტვების, საჭმლის მომნელებელი, შარდსასქესო, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების სხვადასხვა პათოლოგიის გამოვლენას.
მეხუთე კვლევა ტარდება მშობიარობის წინ, რათა დადგინდეს ნაყოფის, პლაცენტის მდებარეობა, განისაზღვროს ნაყოფის მასა, შეფასდეს ცერვიკალური არხის, გადატანილი საკეისრო კვეთის შემთხვევაში – პოსტოპერაციული ნაწიბურის სრულფასოვნება.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, საჭიროებისამებრ, შესაძლოა ჩატარდეს დამატებითი კვლევაც.
– ექოსკოპიის ერთ-ერთი მიზანი სანაყოფე სითხის შეფასებაა. რა საფრთხეს შეიცავს მცირეცწყლიანობა ან ჭარბწყლიანობა და რა იწვევს ამ პათოლოგიებს?
– სანაყოფე წყლებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ. მცირეწყლიანობა ხშირად დაკავშირებულია ნაყოფის საშარდე გზების დახშობასთან, თირკმლის პარენქიმის მეორეულ დაზიანებასთან, ნაყოფის თირკმელების აგენეზიასთან (არარსებობასთან), პლაცენტის პათოლოგიებთან, სანაყოფე სითხის ნაადრევ დაღვრასთან, ნაყოფის განვითარების შეფერხების სინდრომთან. გამოხატული მცირეწყლიანობა პროგნოზულად არაკეთილსაიმედოა – შემთხვევათა 40%-ში გვხვდება ქრომოსომული ანომალიები.
მრავალწყლიანობის მიზეზები ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. ვიცით, რომ მას იწვევს როგორც დედის, ისე ნაყოფის დაავადებებიც. დედისმხრივი მიზეზებია საშვილოსნოსშიდა ვირუსული ინფექციების (წითელას, სიფილისის, ციტომეგალოვირუსის, ტოქსოპლაზმოზის, ჰერპესის, პარვივირუსის და სხვათა) შედეგად განვითარებული ამნიონიტი, დიაბეტი, მრავალნაყოფიანი ორსულობა. ნაყოფისმხრივ მიზეზებს უმთავრესად საჭმლის მომნელებელი და ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების ანომალიები მიეკუთვნება.
– ულტრასონოგრაფიული კვლევისას ფასდება პლაცენტისა და ჭიპლარის მდგომარეობაც. რას ნიშნავს პლაცენტის წინმდებარეობა, მისი სიმწიფის სხვადასხვა ხარისხი, ჭიპლარის ანომალიები?
– პლაცენტა ნაყოფსა და დედის ორგანიზმს შორის მიმდინარე რთულ მორფოფუნქციურ პროცესებს უზრუნველყოფს. დამტკიცებულია, რომ ნაყოფის სრულფასოვანი განვითარება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საშვილოსნო-პლაცენტურ ჰემოდინამიკაზე (სისხლის მიმოქცევაზე). ულტრაბგერით შეგვიძლია დავადგინოთ პლაცენტის ლოკალიზაცია, ზომები, სტრუქტურა, დოპლექსიმეტრიით (ტარდება ექოსკოპიასთან ერთად) კი ფასდება სისხლის მიმოქცევა სისტემაში საშვილოსნო-პლაცენტა-ნაყოფი. პლაცენტის მიმაგრების ადგილს კლინიკური ღირებულება მესამე ტრიმესტრის ბოლოდან აქვს. კერძოდ, წინამდებარეობის (კიდით, ნაწილობრივი, სრული) დროს მშობიარობა საკეისრო კვეთით სრულდება. მეორე ტრიმესტრში პლაცენტის მიმაგრების ადგილი არააქტუალურია, რადგან ორსულობის პროგრესირებასთან ერთად ეს ორგანო საშვილოსნოს ფუძისკენ გადაინაცვლებს. კლინიკური მნიშვნელობა აქვს პლაცენტის ზომებსაც. მისი გადიდება თან ახლავს იმუნურ RH ABO სისტემის კონფლიქტი), არაიმუნურ, ინფექციურ პროცესებს, შაქრიან დიაბეტს, რკინადეფიციტურ ანემიას, არის ნაყოფის ჰემოლიზური დაავადების ადრეული მარკერი.
განასხვავებენ პლაცენტის სიმწიფის ოთხ ხარისხს: ნულოვანი სტადია – ორსულობის 28-30-ე კვირამდე; I სტადია – 30-34-ე კვირამდე; II სტადია ) 34-38-ე კვირამდე; III სტადია – 37-ე კვირიდან.
პლაცენტის ნაადრევი მომწიფება შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციამ, კალციუმის სიჭარბემ, ვადაგადაცილებამ, კოაგულოპათიამ, პრეეკლამფსიის დროს ქორიონული სისხლძარღვების რეაქციამ (ნეკროზი). პლაცენტის ნაადრევ მომწიფებას ხშირად თან ახლავს ნაყოფის განვითარების შეფერხება (თუმცა ამ აზრს ყველა მეცნიერი არ იზიარებს). საზოგადოდ, ტერმინი “პლაცენტის ნაადრევი მომწიფება” მის ჭარბ კალცინირებას გულისხმობს, მაგრამ ხაზგასასმელია, რომ პლაცენტას და ნაყოფს აქვთ დიდი კომპენსატორული პოტენციალი, ამიტომ პლაცენტის ჰიპერკალცინირების დროს ფეტოპლაცენტურ უკმარისობაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა გვაქვს დამატებითი კლინიკური და ინსტრუმენტული მონაცემები. სხვა შემთხვევაში პლაცენტის კალცინოზი მისი ფუნქციური აქტივობის დაქვეითების რისკფაქტორად განიხილება.
ჭიპლარი პლაცენტას ნაყოფთან აკავშირებს. ულტრაბგერითი კვლევა განსაზღვრავს პლაცენტასა და ნაყოფის მუცლის წინა კედელთან მისი მიმაგრების ადგილს, სისხლძარღვების რაოდენობას ჭიპლარში, ჭიპლარის პათოლოგიებს, მის შემოხვევას, სიმოკლე-სიგრძეს, ნამდვილი ან ცრუ კვანძების არსებობას და სხვა. ამ მონაცემებს მეანისთვის უაღრესად დიდი კლინიკური მნიშვნელობა აქვს.
– საშიშია თუ არა ექოსკოპიური კვლევის ხშირი ჩატარება? რამდენად უსაფრთხოა ვაგინალური კვლევა?
– ულტრაბგერა მაღალი სიხშირის ბგერაა (3.5-5 მგ`ც) და მას არაფერი აქვს საერთო რადიაციასთან. მისი სიხშირის სპექტრი ისეთივეა, როგორიც ღამურების ან დელფინების მიერ გამოცემული ბგერებისა. ორსულობისას, საზოგადოდ, რეკომენდებულია 4-5 კვლევის ჩატარება, თუ, რასაკვირველია, დამატებითი კვლევა არ გახდა აუცილებელი. ტრანსვაგინალური კვლევა უსაფრთხოა ორსულობის ნებისმიერ ვადაზე, მაგრამ ჭარბი სისხლიანი გამონადენის დროს მისგან თავი შეკავება ჯობს.
– საჭიროაა თუ არა ექოსკოპიისთვის მომზადება?
– დიახ, ორსულობის მე-10-12 კვირამდე ტრანსაბდომინალურ კვლევაზე სავსე შარდის ბუშტით უნდა მიბრძანდეთ, II-III ტრიმესტრებში – ცარიელი შარდის ბუშტით. ტრანსვაგინალური კვლევა ასევე დაცლილი შარდის ბუშტის ფონზე ტარდება.
– არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე ექოსკოპიური აპარატები. აქვს თუ არა მნიშვნელობა, რომელი აპარატით ტარდება კვლევა და რა ფუნქციებს ასრულებს 3D და 4D აპარატები?
– გამოსახულების ვიზუალიზაციის ხარისხი, რა თქმა უნდა, აპარატის მოდელზეა დამოკიდებული, თუმცა სწორ დიაგნოზს მეტწილად ექიმის კვალიფიკაცია და გამოცდილება განაპირობებს. 3D ულტრაბგერითი კვლევა არის ნაყოფის სტატიკური გამოსახულება სამ განზომილებაში. 4D – ეს არის 3D ფორმატით მიღებული გამოსახულება მოქმედებაში, რომელიც შეგვიძლია ვნახოთ რეალურ დროში. სამედიცინო თვალსაზრისით, ამ კვლევების უპირატესობა არცთუ ისე დიდია. ისინი მხოლოდ ექიმს ეხმარებიან დიაგნოსტირებაში, განსაკუთრებით – რბილი ქსოვილების, სახის სტრუქტურების ანომალიების დადგენაში. ტრადიციული ორგანზომილებიანი და 3D/4D კვლევები კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს ერთმანეთს და კომპლექსური, სრულყოფილი კვლევის საშუალებას გვაძლევს.


გვანცა გოგოლაძე

წყარო : aversi.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები