ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს აქვთ უმწიფარი საჭმლის მომნელებელი სისტება.  კვლევების თანახმად, დღენაკლული ახალშობილები უკეთ ინელებენ დედის რძეს, ვიდრე მის შემცვლელ ადაპტირებულ ხელოვნურ ნარევს.

დედის რძეში შემავალი საკვები ნივთიერებები:

ცილები: ნაადრევად დაბადებული ბავშვის პატარა მუცელი ძნელად გადაამუშავებს ცილებს. ძუძუთი კვების ერთ-ერთი დადებითი მხარე არის  ის, რომ დედის რძე შეიცავს უფრო ადვილად ასათვისებელ შრატს, ვიდრე ფორმულა და სხეული უფრო ადვილად ითვისებს მისგან მიღებულ ცილებს. შესაბამისად, მისი მონელებაც უფრო სწრაფად ხდება.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ცხიმები: იმის გამო, რომ ნაადრევი ჩვილი დაბადების დროს, როგორც წესი, ძალიან მცირე წონის არის, მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია კარგი ზრდა. დედის რძე შეიცავს ლიპაზას, რომელიც ეხმარება ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს მასში არსებული ცხიმების სრულად მონელებაში. ცხიმების უკეთესი შეწოვა დღენაკლულისთვის ძუძუთი კვების მნიშვნელოვანი სარგებელია.

ნახშირწყლები: დედის რძე შეიცავს როგორც ლაქტოზას (შაქარს), ისე ოლიგოსაქარიდებს (ნახშირწყლების ტიპი). დღენაკლული ჩვილი დედის რძეში ლაქტოზის 90% -მდე შთანთქავს, რაც მას მინერალების ადვილად ათვისებაში ეხმარება. ოლიგოსაქარიდები აფერხებენ ნაწლავის ლორწოვანზე მავნე ბაქტერიების მიერთებას, რაც, სავარაუდოდ, ამცირებს ნეკროზული ენტეროკოლიტის (NEC) რისკს, რომელიც ხშირად გვხვდება დღენაკლულებში.

იმუნოლოგიური სარგებელი

ინფექციის შემცირება. ნახშირწყლები დედის რძეში ხელს უშლის ბავშვის ლორწოვან გარსზე ბაქტერიების “მიწებებას”. ძუძუთი კვების ეს სარგებელი იცავს ნაადრევად დაბადებულ ახალშობილებს ინფექციებისგან.

სპეციფიკური დაავადებებისგან დაცვა. კვლევამ აჩვენა, რომ დედის რძე ამცირებს ნაადრევად დაბადებული ბავშვის რამდენიმე სპეციფიკური მდგომარეობის რისკს. მაგალითად, სეფსისის, მენინგიტის და ისეთი რესპირატორული ინფექციების რისკს, როგორიცაა პნევმონია და ბრონქიოლიტი.

შემეცნებითი სარგებელი:

კვლევამ აჩვენა, რომ დაბალი წონის ახალშობილებმა, რომლებსაც კვებავდნენ ძუძუთი,  (შერეული კვების დროსაც) უფრო მაღალი შეფასება მიიღეს ტესტებზე, როდესაც მათი  კოგნიტური განვითარება გამოიკვლიეს  30 თვის ასაკში. შეფასებები ასევე მაღალი იყო 7.5-8 წლის ასაკშიც.

სარგებელი დედისთვის

ძუძუთი კვებას დედების  ჯანმრთელობისთვისაც დიდი სარგებელი მოაქვს. დედები, რომლებსაც პატარები ბუნებრივ კვებაზე ყავთ, ორსულობამდელ წონას  უფრო მალე უბრუნდებიან. ჰორმონები, რომლებიც აწარმოებენ დედის რძეს, ხელს უწყობენ საშვილოსნოს დროულ შეკუმშვას. ძუძუთი კვებამ შეიძლება  შეამციროს დედის სარძევე ჯირკვლისა და საკვერცხის კიბოთი დაავადების რისკი, ასევე ნაკლები რიცხია მე -2 ტიპის დიაბეტის განვითარების.

ნაადრევი ბავშვის ძუძუთი კვება დედებს ეხმარება, თავი იგრძნონ მნიშვნელოვნად და დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ყველაფერს აკეთებენ შვილის ჯანმრთელობისთვის.

წყარო: www.verywellfamily.com

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ