“უცნაურ დროში მოუწიათ ჩვენს პატარებს ცხოვრება! იმის მაგივრად, რომ ლაღად სეირნობდნენ, თამაშობდნენ თანატოლებთან ერთად და ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებდნენ და უნარებს იძენდნენ,  შინ ჯდომა უწევთ.”

20 წელია ბაღის აღმზრდელი-პედაგოგია და არცერთწამს უფიქრია შეეცვალა სამსახური, რადგან მას გულწრფელად სჯერა, რომ პატარებთან ურთიერთობა, ყველაზე დიდი ბედნიერებაა!

ზაფხული და დასვენება დიდად არ უყვარს, რადგან ბავშვების გარეშე ყოფნა მისთვის მოსაწყენია და ერთფეროვანი. ახლაც, კარანტინში მარტო ყოფნისას მისი მთავარი აზრი პატარებთან კონტაქტია და მათზე შორიდან, თუმცა მაინც ზრუნვა. არ უნდა, იგრძნონ მოწყენილობა, საყვარელი მასწავლებლის გარეშე ყოფნა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

171-ე საბავშვო ბაგა-ბაღის, “ქორბუდას” აღმზრდელმა – პედაგოგმა, დეა ბეჟანიშვილმა იზოლაციაში ყოფნისას გადაწყვიტა, ლაივ-ვიდეოებით საინტერესო აქტივობები შესთავაზოს მშობლებს. „თამაში ხომ ბავშვის ცხოვრების წესია – ის ყველაზე უკეთ უწყობს ხელს ამა თუ იმ უნარ-ჩვევების განვითარებას “ – ეს დეა მასწავლებელმა ზუსტად იცის, რადგან საკუთარ აღსაზრდელებზე გამოუცდია.

-მასწავლებლობა რთული, საპასუხისმგებლო და ამავდროულად საინტერესო პროფესიაა. რამ განაპირობა თქვენი  ამგვარი ინტერესი და რამდენი ხანია რაც მასწავლებელი ხართ ?

ჩემი  დღე სიყვარულის ახსნით, თამაშით და ცეკვით იწყება. მშობლებს  ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნიათ,  მე მანდობენ – ეს  დიდი პასუხისმგებლობაა.

ბავშვობაში სულ ,,მასწავლებლობანას ” ვთამაშობდი. ჰოდა, ნატვრაც ამიხდა და იმავე ადგილას დავბრუნდი, სადაც ბავშვობაში დავდიოდი. ჩემი მასწავლებლები ჩემი თანამშრომლები  გახდნენ. ამ სფეროში მუშაობის დაახლოებით ოცი წლის გამოცდილება მაქვს, მანამდე ქორეოგრაფი ვიყავი, ეს საქმეც არაჩვეულებრივად მადგება ჩემს საყვარელ ბავშვებთან. რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა მასწავლებლობა, მაგრამ   ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს. ბავშვების სიყვარული დამღლელ სამუშაოს სრულიად აბათილებს. მათთან  ურთიერთობა მხოლოდ უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

ისინი გულწრფელები  არიან. იმხელა სიყვარულს გასცემენ და შენგანაც სითბოსა და სიყვარულს ითხოვენ. ბავშვი ყველგან უსაფრთხოდ, დაცულად უნდა გრძნობდეს თავს.

Covid-19 ვირუსის გავრცელების  პრევენციის მიზნით საბავშვო ბაღები  დაიხურა. მშობლებს სახლებში  უწევთ ბავშვებისთვის ახალი წამახალისებელი აქტივობების მოფიქრება.  ვიცი, რომ საინტერესო გეგმები გაქვთ ბავშვების დღეების გასახალისებლად.  

ამჟამად ბაღები დაკეტილია. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს მოუწიათ  დღის წესრიგის შეცვლა. მასწავლებლის  როლი მეტ-ნაკლებად მშობლებმა შეითავსეს.

მეც მომიწია შინ, თვითიზოლაციაში ყოფნა და სწორედ ამ დროს, დამებადა იდეა, რომ მშობლებისთვის რამდენიმე ვიდეო ჩამეწერა. მივაწოდე მარტივი რესურსი, რითაც შეძლებენ ბავშვებთან ერთობლივ თამაშს. ეს თამაში არა მხოლოდ სახალიდო, არამედ ძალიან სასარგებლო იქნება ბავშვისთვის. ინტერნეტში მრავლად არის მსგავსი ვიდეო, უამრავი ლიტერატურაც მოიძებნება, თუმცა, როგორც პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვიცი, თუ  კონკრეტულად რომელი აქტივობები ახარებთ და ავითარებს ბავშვებს. თამაში ბავშვის ცხოვრების წესია და ის ხელს უწყობს ამა თუ იმ უნარ-ჩვევების განვითარებას.

– რომელი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა გათვლილი ვიდეოები? და როგორ ფიქრობთ, რა უნარებს  შესძენს მათ თქვენს მიერ წარმოდგენილი აქტივობები?

ჩემს მიერ ვიდეოდ უკვე ჩაწერილი აქტივობები მათემატიკური უნარებისა და სმენითი აღქმის სტიმულირებას უწყობს ხელს და ისინი სკოლამდელი ასაკის, 5-6 წლის ბავშვებისთვის არის გათვლილი. როცა ჩემს პირად გვერზე ავტვირთე ლაივი, მშობლებისგან დიდი გამოხმაურება მოყვა და ამან დიდი სტიმული მომცა, გავაგრძელო ვიდეოების ჩაწერა – ასე რომ, ვგეგმავ ბევრ სახალისო და საინტერესო შემეცნებით აქტივობას, რომელიც პატარებს ძალიან გაახალისებს და სხვადასხვა უნარებს განუვითარებს.  ამასთან თამაშისთვის საჭირო ყველა ნივთი მარტივად ხელმისაწვდომია – ბევრს მოეძებნება სახლში ან იყიდება ნებისმიერ მაღაზიაში.

სამწუხაროა, რომ სახლის პირობებში მაინც შეუძლებელია სრულად მივცეთ მივცეთ ბავშვს ის, რასაც საბავშვო ბაღიდან  შეიძენს – ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების მნიშვნელოვანი მიმართულება ხომ სოციალურ-ემოციური განვითარებაა, მაგრამ ახლა სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს. ამიტომაც, მშობლებო, ახლა თქვენზეა, მეტი შინაარსიანი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

სტატია მოამზადა: ნუცი მეხრიშვილმა