ბულინგი- ბავშვთა ძალადობა, აქტუალური პრობლემაა როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში.

გაეროს ბავშვთა ფონდმა (unicef) გამოაქვეყნა კვლევა რომლის თანახმადაც, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს.

გაეროს ბავშვთა ფონდის მეორე კვლების თანახმად კი  აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ბავშვების 80%  თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც ყოფილა  ფიზიკური  ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

ბულინგი, როგორც ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმა, საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული ქმედებაა. თუმცა სტატისტიკური მონაცემები ბულინგის შემთხვევების შესახებ ქვეყანაში არ არსებობს.

აღნიშნულ თემაზე moms.ge ბავშვთა ფსიქოლოგ ანა მეუნარგიას ესაუბრა :

  1. როგორც ვიცით არსებობს ბულინგის სხვადასხვა  სახეები, მოკლედ რომ განვიხილოთ თითოეული მათგანი:

მოდით, მაგალითებით განვიხილოთ ბულინგის სახეები. წარმოიდგინეთ სიტუაცია, მაგალითად, სკოლაში გადმოვიდა ახალი მოსწავლე ბიჭი, ახალი კლასელები არ შეხვდნენ მას მეგობრულად. ის ძალიან გამხდარია და არის განსხვავებული რელიგიური წარმომადგენლობის. მას ძირითადად დასცინიან, არქმევენ ზედმეტსახელებს, ცდილობენ მხარი გაკრან, უმალავენ ხოლმე ნივთებს. ამ დროს, ის ვერ ახერხებს თავის დაცვას და თავს გრძნობს დაჩაგრულად, შეურაცხყოფილად, მას სხვა სკოლაში უნდა გადასვლა. ან წარმოიდგინეთ, სკოლაში ერთერთ გოგონაზე დანარჩენები ავრცელებენ ჭორებს სკოლაში და სოციალურ მედიაში (ინსტაგრამსა და ფეისბუკზე), მისი სექსუალური ქცევის შესახებ, რის გამოც, გოგონა დამცირებულად გრძნობს თავს, ის ვერაფერს აკეთებს მათ შესაჩერებლად და არც ის იცის ვის მიმართოს, ამის გამო, თავს გრძნობს დაუცველად, უსუსურად, მას აღარ სურს სკოლაში სიარული და ხშირად აცდენს გაკვეთილებს.

ეს ორი მაგალითი მოიცავს ბულინგის რამდენიმე ფორმას. ფიზიკური ბულინგი, რომელიც გულისხმობს სხვა ადამიანის ფიზიკურ შეურაცხყოფას (ცემას, ჩხუბს), მისთვის ნივთების წართმევას, მოპარვას ან ა.შ. პირველ მაგალითში ბიჭუნას კლასელები მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს, მაგალითად, მხარის გაკვრა, ნივთების დამალვა. ისინი ასევე მიმართავენ ფსიქოლოგიურ ბულინგს, რაც გულისხმობს მეორე ადამიანის იგნორირებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, საწყენი ზედმეტსახელების შერქმევას და ა.შ. პირველი მაგალითის შემთხვევაში დაცინვას და ზედმეტსახელების შერქმევას; მეორე მაგალითის შემთხვევაში კი ჭორების გავრცელებას. ბულინგის მესამე ფორმა კიბერ ბულინგია – დღეისთვის ბულინგის ყველაზე გავრცელებული სახეობა, რაც გულისხმობს ტექსტურ გზავნილების, სურათების, ელექტრონული ფოსტისა და ბლოგების საშუალებით ადამიანების დაჩაგვრას. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში ესაა სოციალური მედიის საშუალებით ჭორის და ფოტოების გავრცელება.

იმისთვის, რომ ძალადობას დაერქვას ბულინგი ის რამდენიმე მოცემულობას უნდა აკმაყოფილებდეს. ბულინგის დროს ჩართულია, მინიმუმ ორი მხარე და ა) დარღვეულია ბალანსი ძალებს შორის; ბ) ქმედება განმეორებადია; გ) მოქმედება არის განზრახული; დ) ქმედების შედეგად ინდივიდი (მსხვერპლი) ღრმა ემოციურ დისტრესს განიცდის (თავ გრძნობს დაჩაგრულად, შეურაცხყოფილად).

  • რატომ ვლინდება ბულინგი ყველაზე მეტად მოზარდობის პერიოდში

ბულინგს ნებისმიერ ასაკში აქვს ადგილი, თუმცა უფრო შესამჩნევი შეიძლება მოზარდობის პერიოდში იყოს.

მოკლედ რომ აღვწეროთ, მოზარდობა არის პერიოდი, როცა ადამიანის ცხოვრებაში ბევრი და მრავლისმომცველი ცვლილებები ხდება, რომლებიც ეხება, როგორც ადამიანის ფიზიოლოგიას ასევე ფსიქო-სოციალურ სფეროებს. მოზარდი დგას, სხვადასხვა გამოწვევების წინაშე, ფიზიკურად მისი სხეული იზრდება (ხშირ შემთხვევაში ზრდა არაპროპორციულია, რაც ემოციურ დისკომფორტთან არის დაკავშირებული), ორგანიზმში მიმდინარეობს ჰორმონალური ცვლილებები. გარდა ამისა, მოზარდი დგება ფსიქო-სოციალური გამოწვევების წინაშეც, რაც გულისხმობს იდენტობასთან, მეგობრებთან და ოჯახთან დაკავშირებული ღირებულებების გადაფასებას. ამ დროს, ოჯახის ზეგავლენა სუსტდება და ძლიერდება თანატოლების ზეგავლენა. ეს ის პერიოდია, როცა ბავშვები სკოლებში და ცხოვრებაშიც თავის დამკვიდრებას იწყებენ, ეძებენ გზებს და საშუალებებს, რომ გამოხატონ თავიანთი თავი, სურვილები და შესაძლებლობები. მოზარდობის დროს ძირითადად მწვავდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, იმატებს სტრესის ხარისხი და ამ მიზეზების გამო შეიძლება უფრო მწვავე გახდეს ბულინგი პრობლემა. როგორც სხვა შემთხვევებში, ბულინგი მოზარდობის დროსაც შეიძლება იყოს ძალის დემონსტრირება, პოპულარობის მოპოვების საშუალება,  სხვადასხვა ტრავმული პრობლემებით გამოწვეული სტრესის გამოხატვის გზა და სხვა.

  • ვინ და რა მიზეზით შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი

ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს ბულინგის მსხვერპლი, მთავარია ის რაიმე სახით გამოირჩეოდეს დანარჩენებისგან. მას შეიძლება ჰქონდეს ფიზიკური ნაკლი; ქცევის გარკვეული თავისებურებები; განსაკუთრებული გარეგნობა; იყოს სხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი ან არასტანდარტული სექსუალური ორიენტაციის მქონე. ბულინგის მსხვერპლი ძირითადად მარტოა, მას ნაკლებად აქვს განვითარებული სოციალური უნარები; აქვს სკოლის შიში და თანატოლებთან ურთიერთობის მწირი გამოცდილება. ბულინგის მსხვერპლს, ძირითადად ნაკლებად აქვს ხოლმე განვითარებული სოციალური უნარები, რის გამოც უჭირს თავის დაცვა და თვითმხარდაჭერა.

  • როგორ ამოვიცნოთ ბულინგის მსხვერპლი ბავშვი?

უმეტესად ბულინგის მსხვერპლი ბავშვი არის საკუთარ თავში ჩაკეტილი ნაკლებად ურთიერთობს სხვა ბავშებთან, ამჯობინებს მარტო ყოფნას, მისი სასკოლო ნივთები მიმობნეულია კლასში; გაკვეთილებზე შეშინებულია. როცა ის პასუხობს კლასში ხმაური და რეპლიკების წამოძახება იწყება; დასვენებებზე სხვა ბავშვებისგან მოშორებით არის ხოლმე; ცდილობს უფროსებთან და მასწავლებლებთან ახლოს ყოფნას; შეურაცხყოფას აყენებენ, დასცინიან, საწყენ ზედმეტსახელებს არქმევენ; სხვა ბავშვებს უაზროდ უღიმის, ცდილობს თავი შორს დაიჭიროს, ტირის; კარგი ურთიერთობა აქვს უფროსებთან; აგვიანებს სკოლაში მოსვლას და სკოლიდან გვიან მიდის; ჯგუფური თამაშებისას მას იგნორირებას უკეთებენ ან ბოლოს ირჩევენ.

  • როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ, როგორც დაზარალებულს ასევე, ბულინგის ინიციატორ ბავშვს

ბულინგი არ არის მხოლოდ მშობლის ან სკოლის პრობლემა, ეს არის უფრო ფართო მასშტაბის პრობლემა, რომელიც წესით განათლების პოლიტიკის დონეზე უნდა იყოს მოგვარებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ბულინგის პრევენციაში ჩართული უნდა იყოს, როგორც სახელმწიფო, ასევე საზოგადოება, სკოლა და ოჯახი.

სკოლის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ გატარდეს პრევენციული ზომები. მაგალითად, შემოდგომაზე არის ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული სპეციალური კვირეული, რომელიც შეიძლება სკოლაში აღინიშნოს, სხვადასხვა პროექტები შეიქმნას, რომელზეც ბავშვები იმუშავებენ, შემდგომ იმსჯელებენ და განიხილავენ. მნიშვნელოვანია, სკოლას ან კლასს ჰქონდეს ბულინგის განმარტება, რა არის ბულინგი და რა არის არასასურველი ქცევა. ასევე, კლასის წესები და მისაღები ქცევის ჩამონათვალი, მნიშვნელოვანია კლასში იყოს მიმღები და მეგობრული ატმოსფერო, ბავშვები თავისუფლად გრძნობდნენ თავს, რომ მასწავლებელთან განიხილონ სხვადასხვა მათ შორის კრიტიკული საკითხებიც.

რეალურად, ბულინგის დროს რამდენიმე მხარეა ჩართული, ბულინგის გამტარებელი, ბულინგის მსხვერპლი და ბულინგის დამკვირვებლები ე.წ. Bystanders (ადამიანები, რომელიც ბულინგის პროცესში უშუალოდ არ არიან ჩართული, თუმცა შორიახლოს იმყოფებიან, იზიარებენ ბულინგის გამტარებლის ან მსხვერპლის პოზიციას, მაგრამ თავად ჩუმად არიან). ძირითადად, ბულინგის გამტარებლის აუდიტორია ბაისთენდერები არიან. ბულინგის გამტარებლის, მსხვერპლის და ბაისთენდერების შემთხვევაში სხვადასხვა ტიპის მუშაობაა საჭირო.

მაგალითად, ბულინგის გამტარებელს სჭირდება მაყურებელი და თავისი ქცევის დამფასებელი, რომელსაც ძირითადად ბაისთენდერები წარმოადგენენ. ბაისთენდერები არიან ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ არ არიან ჩართული ბულინგის პროცესში და გარედან აკვირდებიან მას. ამიტომ ბულინგის პრევენციის საფუძველი არის ბაისთენდერებთან მუშაობა. მნიშვნელოვანია მათი ღირებულებების გადაფასება, რომ ძალადობა და ჩაგვრა იყოს მათთვის მიუღებელი, ჯანსაღი ქმედებები კი იყოს მისაღები და დაფასებული. ბაისთენდერებმა ასევე უნდა იცოდნენ ვის მიმართონ დახმარებისთვის, როცა არიან ბულინგის მომსწრეები.  

ბულინგის გამტარებლის შემთხვევაში თავდაპირველად  მნიშვნელოვანია შევაფასოთ და ამოვიცნოთ ის მიზეზები თუ რისთვის სჭირდება მას სხვა ადამიანს ჩაგვრა და რისთვის იყენებს ძალადობრივ მეთოდებს. შეიძლება მას სურდეს ადგილის დამკიდრება და ძალის დემონსტრირებით აკეთებდეს ამას. ან ის თავად შეიძლება იყოს ძალადობის ან ბულინგის მსხვერპლი ან მომსწრე. სასურველია, გავითვალისწინოთ ის, რომ ეს ადამიანიც სირთულეების წინაშე დგას და დახმარებას სოციალურად მიუღებელი ქცევით ითხოვს. დაკვირვების და შეფასების  შემდეგ კი აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება ან მხარდაჭერა, მას შეიძლება სჭირდებოდეს, როგორც ემპათიის უნარის და სოციალური უნარების განვითარებაზე მუშაობა, ასევე შეიძლება სჭირდებოდეს ტრავმაზე მუშაობა.  ამ შემთხვევაში, მას შეიძლება დასჭირდეს თერაპიული დახმარება ან კონსულტირება.

ბულინგის მსხვერპლის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მან იცოდეს ვის მიმართოს დახმარებისთვის. ამ დროს აუცილებელია მისი ისტორია მოვისმინოთ განსჯის გარეშე, თავი ავარიდოთ მსხვერპლის დადანაშაულებას რაიმე სახით, დავიცვათ მისი უსაფრთხოება და საჭიროების შემთხვევაში მედიაციას მივმართოთ. ამ დროს, სასურველია სკოლას ჰყავდეს სპეციალისტი, რომელიც ჩართული იქნება ბულინგის პრევენციასა და მართვაში.

  • რა რჩევები შეგვიძლია მივცეთ მშობლებს და მასწავლებლებს

მშობლებსა და მასწავლებლებს პირველ რიგში შეგვიძლია ვურჩიოთ შექმნან ისეთი გარემო, სადაც ბავშვი თავისუფლად შეძლებს საუბარს და მისთვის შემაწუხებელი ამბების გაზიარებას; გარემო იქნება არაძალადობრივი, არაგანსჯადი ანუ მიმღები; გამოხატვის და ურთიერთობის ფორმა კი იქნება უსაფრთხო. მნიშვნელოვანია მშობლებიც და მასწავლებლებიც იყვნენ დელიკატური, როცა საქმე მოზარდებს შორის ბულინგს ეხება; გაეცნონ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ სპეციალისტების დახმარება.

სასურველია, სკოლას ჰქონდეს ბულინგის განმარტება და სქემა თუ ვის რისი გაკეთება შეუძლია (მაგალითად, განმარტება თუ რა არის ბულინგი; ქცევის როგორი ფორმაა მისაღები სკოლაში;  როგორ შეიძლება თავი დაიცვას ბულინგის მსხვერპლმა და ვის შეიძლება მიმართოს, რისი გაკეთება შეუძლია ბაისთებნდერს და ვის შეიძლება მიმართოს და ა.შ.).

ბულინგის სამივე მხარესთან სხვადასხვა ტიპის სამუშაოა ჩასატარებელი.

ბულინგის გამტარებელთან მუშაობის დროს, თავდაპირველად მნიშვნელოვანია პრობლემის აღმოჩენა და სახელდება, რომ ესა თუ ის ქცევა არც ხუმრობაა და არც ჩვეულებრივი მოვლენა, ეს არის ადამიანის დაჩაგვრა და არის მიუღებელი ქცევა. შემდეგ მნიშვნელოვანია, შევაფასოთ მიზეზი, რატომ შეიძლება ბავშვი მიმართავდეს ასეთი ტიპის ქცევას და ამაზე დაყრდნობით შევარჩიოთ მოქმედების გეგმა; იქნება ეს სოციალური უნარების განვითარებაზე მიმართული ჩარევა თუ სპეციალისტის ჩარევის საჭიროება.

მშობელს შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ შეზღუდოს აგრესიული ფილმების ყურება და ძალადობრივი კომპიუტერული თამაშები, ოჯახში ურთიერთობა იყოს არაძალადობრივი და ბავშვი ან მოზარდი იყოს ნაკლები ძალადობის მომსწრე (სამეზობლო, გარშემომყოფები და ა.შ.) და ისევე, როგორც სკოლაში სახლშიც ქცევის აგრესიული ფორმა იყოს მიუღებელი. მნიშვნელოვანია, ამ დროს მშობელმაც მოახერხოს, რომ ჰქონდეს მკაფიო წესები ოჯახში, რომელსაც ოჯახის წევრები დაიცავენ, ამ დროს არსებითია, იმის გათვალისწინება, რომ ამ წესების დაცვა მოხდეს კონსტრუქციული და მშვიდობიანი გზებით, რომელიც მეტწილად მოიცავს, მოსმენას, საუბარს, პოზიტიური ქცევაზე ფოკუსირებას და წახალისებას და გარკვეული ლიმიტების დაწესებას მიუღებელი ქცევის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში არის ხშირი კონფლიქტი, სასურველია მოხდეს ბავშვისგან მოშორებით, ისე, რომ ნაკლებად შეეხოს მას.

ბულინგის მსხვერპლის შემთხვევაში, როცა მშობელი და ოჯახი ხვდება, რომ ბავშვის ქცევა შეიცვალა, ამჩნევს, რომ სკოლაში სიარული აღარ უნდა, არ ჰყავს მეგობრები ამ დროს მნიშვნელოვანია, მშობელმა მოახერხოს ჰქონდეს გახსნილი ურთიერთობა ბავშვთან და მოახერხოს საუბარი, მოუსმინოს ბავშვს, მასთან ერთად მოძებნოს გამოსავალი ამათუ იმ სიტუაციიდან. ამ დროს მნიშვნელოვანია, მოზარდი მშობლისგან გრძნობდეს მხარდაჭერას. ბავშვთან საუბრისას საკვანძოა, მსხვერპლის როლის თავიდან აცილება; თვითშეფასების განვითარება, სხვადასხვა წრეებზე სიარულით, რომელიც ბავშვს აინტერესებს და კარგად გამოსდის (ამ დროს, ერთის მხრივ, ბავშვი რაღაც საკითხში გრძნობს საკუთარ კომპეტენციას და მეორე მხრივ, კი შეიძლება საერთო ინტერესების მქონე მეგობრებიც გაიჩინოს); ბავშვების მხარდაჭერა, რომ განივითარონ თავიანთი რწმენები და ფიქრები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით; თუმცა ხანდახან შეიძლება ბავშვის ემოციური მდგომარეობა იმდენად მწვავე იყოს, რომ მშობელს დასჭირდეს სპეციალისტის დახმარების ძიება.

წაახალისეთ ბაისთენდერები და ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ისაუბრონ ბულინგის შესახებ. ამისთვის, უსაფრთხო გარემოს შექმნაა საჭირო. იმისთვის, რომ ბავშვმა ისაუბროს მტკივნეული გამოცდილების შესახებ, ის დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. ამისთვის ასევე საჭიროა, რომ ადამიანმა, რომელსაც მოზარდი ბულინგის შემთხვევაში მიმართავს იცავდეს კონფიდენციალობას, საუბრის დროს განსჯის გარეშე უსმენდეს ამბავს, იყოს მხარდამჭერი და ამ ყველაფრის შემდეს იცოდეს რა ტიპის მოქმედებაა მისგან საჭირო.  

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები