ბავშვებისთვის ბედნიერი, ჯანსაღი ბავშვობის მიცემა მათ  ცხოვრებაში წარმატებისთვის განაწყობს. მაგრამ ბევრ მშობელს აინტერესებს, კონკრეტულად როგორ აღზარდონ ბედნიერი ბავშვები თანამედროვე, რთულ და სტრესულ სამყაროში.

ბედნიერ ბავშვებს უვითარდებათ უნარი, რომელიც საშუალებას აძლევს დატკბნენ ხანგრძლივი ბედნიერებით ცხოვრებაში. ისინი მზად არიან უარი თქვან მყისიერ კმაყოფილებაზე მიზნების მიღწევის მცდელობისას.

შეგიძლიათ დაეხმაროთ ბავშვებს ამ უნარების განვითარებაში ჯანსაღი, მთელი ცხოვრების მანძილზე გამოსადეგი ჩვევების ჩამოყალიბებით. ქვემოთ მოცემულია ბედნიერი ბავშვების აღზრდის  გზა:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 

  1. წაახალისეთ ღია ცის ქვეშ თამაში

ბალახზე სირბილი, ხეებზე ასვლა, საქანელაზე ჯდომა და მიწაში თამაში კარგია ბავშვის განვითარებისთვის. კვლევები აჩვენებს, რომ ბუნებასთან ასოცირებული სუნი (მაგალითად ფიჭვის, შეკრეჭილი ბალახის, ყვავილების) ამაღლებს პატარების განწყობას. ამიტომ, წაახალისეთ ბავშვები იკითხონ წიგნები ან გააკეთონ დავალებები აივანზე, რათა უფრო ბედნიერად იგრძნონ თავი.

ღია ცის ქვეშ თამაში ასევე ეხმარება სოციალური უნარების გაუმჯობესებას ბავშვებში. 2017 წლის კვლევაში ნათქვამია, რომ  ბავშვები, რომლებიც დიდხანს თამაშობენ გარეთ, გამოირჩევიან თანაგანცდის, ჩართულობისა და თვითკონტროლის უნარებით.

ბავშვები კარგი სოციალური უნარებით უფრო მეტად ახერხებენ ჯანსაღი ურთიერთობების გაბმას. ერთი კვლევის მიხედვით, ასეთი ბავშვები ორჯერ მეტად მიდიან კოლეჯში და  ნაკლებად არიან ნივთიერებებზე დამოკიდებულების, სიმსუქნის და ძალადობის რისკის ქვეშ.

ასე რომ, აქციეთ გარეთ თამაში ყოველდღიურ საქმიანობად. ცუდ ამინდშიც კი წაახალისეთ ბავშვები იჭყაპუნონ გუბეებში, იარონ ველოსიპედებით, ითამაშონ მეზობელ ბავშვებთან და უბრალოდ, ირბინონ ღია ცის ქვეშ.

  1. შეუზღუდეთ ეკრანთან გატარებული დრო

თქვენი შვილი შესაძლოა გეუბნებოდეთ, რომ მას ვიდეო თამაშებში გატარებული საათები აბედნიერებს, მაგრამ ციფრულ მოწყობილობებთან გატარებული ზედმეტი დრო ცუდად მოქმედებს ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

2018 წლის კვლევის მიხედვით,  მოზარდები, რომლებიც ნაკლებ დროს უთმობდნენ თავიანთ ციფრულ მოწყობილებებს და მეტ დროს არაეკრანულ აქტივობებზე (სპორტი, საშინაო დავალება, თანატოლებთან თამაში) ხარჯავდნენ, უფრო ბედნიერები იყვნენ.

დააწესეთ მკაფიო საზღვრები, როდის და რამდენი ხნით შეუძლია თქვენს შვილს ისარგებლოს ციფრული მოწყობილობებით.

  1. ასწავლეთ მადლიერების გამოხატვა

კვლევების თანახმად, მადლიერი ადამიანები უფრო იოლად ამყარებენ სოციალურ ურთიერთობებს და ეს ერთ-ერთი გზაა ბედნიერებისკენ. მიეცით მაგალითი შვილებს,  გაწეული შრომისთვის ყოველთვის გადაუხადეთ მადლობა მათ და სხვა ადამიანებს მათი თანდასწრებით. ასევე, წესად შემოიღეთ ყოველ დღე სადილის ან ძილის წინ გაიხსენოთ 3 რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ.

  1. გქონდეთ დიდი მოლოდინები, მაგრამ არ გადააჭარბოთ

კვლევების მიხედვით, როცა მშობლებს დიდი მოლოდინები აქვს შვილების აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით, ისინი მართლაც ბევრს შრომობენ და რთულ გამოწვევებს უყენებენ საკუთარ თავს.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ  ეს მოლოდინები შეესაბამებოდეს მათ შესაძლებლობებს. თუ  ბავშვებს იდეალურობას მოსთხოვთ, შესაძლოა პრობლემები შეუქმნათ მათ ფსიქიკური ჯანმრთელობას. ასევე, ისინი შეიძლება დანებდნენ გამოწვევას, თუ ჩათვლიან, რომ მშობლების მოლოდინები არარეალისტურად მაღალია.

  1. თავი აარიდეთ ზედმეტ საჩუქრებს

ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომლებსაც ზედმეტად ანებივრებენ საჩუქრებით, მიდრეკილნი არიან ქრონიკული უკმაყოფილების განცდისკენ. ისინი შეიძლება დაიბნენ მოთხოვნილებებისა და საჭიროებების გარკვევაში და გადაწყვიტონ, რომ ბედნიერება მატერიალური სიკეთეებიდან მოდის.

შესაბამისად, ნუ მისცემთ ბავშვებს ყველაფერს, რასაც ისურვებენ. შეიძლება ისინი გარწმუნებენ, რომ მორიგი ბრენდული ტანსაცმელი, უკეთესი ველოსიპედი ან უახლესი სმარტფონი მათ ბედნიერებას მიანიჭებს, თუმცა კვლევები საპირისპიროს ამტკიცებს.

ასევე, ბავშვები უფრო მეტად დააფასებენ რაღაცებს, როცა მათთვის შრომა მოუწევთ. ასე რომ, მიეცით შესაძლებლობა, მოიპოვონ პრივილეგიები.

აჩუქეთ უფრო მეტი გამოცდილებები, ვიდრე ნივთები. კვლევების მიხედვით, ის ადამიანები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, რომლებიც საკუთარ დროსა და ფულს მოგონებების შექმნას უთმობენ და არა ნივთების შეგროვებას.

წყარო: verywellfamily.com

სტატია მოამადა: ნათია ხარბედიამ