ბავშვს უგემრიელეს და ჯანსაღ სადილს უმზადებთ, ის კი კვების პროცესში პროდუქტებით ერთობა. თქვენ ამჩნევთ, რომ პატარას ხელები საჭმლით აქვს დასვრილი და მას ეს ძალიან მოსწონს. თუ ბავშვს საკვებით თამაში უყვარს, ნუ აღელდებით. ეს ბავშვის განვითარების თანმდევი მოვლენაა. რატომ არის საკვებით თამაში ბავშვისთვის სასარგებლო და აუცილებელი? ამ კითხვაზე პასუხს ჩვენს სტატიაში გაგცემთ.

საკვებით თამაში ბავშვებს კვებითი ჩვევების განვითარებაში ეხმარება

ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ ხელები საჭმელში ჩაყოს და ითამაშოს. საბოლოოდ ის აუცილებლად მივა იმ დასკვნამდე, რომ საჭმელი პირთან მიიტანოს და მიირთვას. 8-11 თვის ასაკიდან პატარამ, შესაძლოა, გააპროტესტოს კიდეც კოვზით კვება და მოისურვოს, რომ საჭმელი საკუთარი ხელით მიირთვას. 18-24 თვის ასაკამდე ბავშვი კოვზს დამოუკიდებლად ვერ გამოიყენებს, მაგრამ ხელების დახმარებით კვებას ნამდვილად შეძლებს. გარდა ამისა, როდესაც ბავშვს საკვებით თამაშის ნებას რთავთ, მისი მოტორული უნარები სწრაფად იხვეწება და პატარა კოვზის დაჭერასაც მარტივად სწავლობს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

საკვებით თამაშის დროს ბავშვი ნაკლებად ჭირვეულობს და საჭმელს დაძალების გარეშე მიირთმევს

ბავშვები ხშირად ჭირვეულობენ, როდესაც საქმე საუზმის მირთმევას ან სადილობას ეხება. მათ არ მოსწონთ ის პროდუქტები, რომლებსაც მშობლები სთავაზობენ. თუ თქვენს შვილს საკვებით თამაშის ნებას დართავთ, ის ნაკლებად იჭირვეულებს. გარდა ამისა, ბავშვი ახალ პროდუქტებსაც სიამოვნებით დააგემოვნებს. როდესაც ხელი საჭმლით დაესვრება, პატარა უცნობ ტექსტურას და არომატს მარტივად შეიგრძნობს. მას სურვილი გაუჩნდება, რომ ახალ პროდუქტებს გემოც გაუსინჯოს.

საკვებით თამაში ბავშვის გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს

ბავშვის გონება ლექციების მოსმენის დროს არ ვითარდება. პატარები შეგრძნებებით სწავლობენ. რაც უფრო ახლოს ეცნობა ბავშვი საკვებს, რომელსაც მიირთმევს, მით მეტ ინფორმაციას იღებს მისი ტვინი. საკვებით თამაში ბავშვს ეხმარება ადრეული ასაკიდანვე ისწავლოს პროდუქტების ცნობა, იცოდეს მათი სუნი, გემო და დანიშნულება. ისეთი მიუღებელი ქცევებიც კი, როგორებიც არის საჭმლის იატაკზე დაღვრა ან თმების საკვებით მოსვრა, ბავშვს გამოცდილების მიღებაში ეხმარება. პატარები ხვდებიან, თუ რა შედეგი მოაქვს ამგვარ ქცევას.

თუ ბავშვს საკვებით თამაშის ნებას დართავთ, თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ

მშობლებს საკუთარი თავისთვის დრო იშვიათად რჩებათ. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ საკვებით ითამაშოს. ამ დროს თავადაც მოახერხებთ, რომ გემრიელად დანაყრდეთ. როდესაც საკვებს მიირთმევთ და თქვენი შვილი ამას ხედავს, ის ჯანსაღი კვების პრინციპებსაც ეზიარება. პატარა შეეცდება მოგბაძოთ და თავადაც მიირთვას. ოჯახის წევრებთან ერთად კვება ბავშვების გონებრივ განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. კვლევებით დგინდება, რომ მოსწავლეები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ესწრებოდნენ ოჯახურ სადილებს, სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან.

ამგვარად მას კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებასა და ახალი უნარ-ჩვევების ათვისებაში ძალიან დაეხმარებით.

მასალა მომზადებულია ​kindercare.com – ის მიხედვით

მოამზადა: ნათია ხარბედიამ