ბავშვისა და მშობლის ურთიერთკავშირის მნიშვნელობა

პედიატრიაში, მიჯაჭვულობა ემოციურ კავშირს ნიშნავს, რომელიც ბავშვსა და მშობელს, ან სხვა მზრუნველს შორის ყალიბდება.
მიჯაჭვულობის თეორია მე-20 საუკუნის შუა წლებში, ბრიტანელი ფსიქიატრის ჯონ ბოულბის და მისი მოსწავლის, მოგვიანებით კი თანამშრომლის, მერი ეინსვორტის მიერ შემუშავდა.
ბოულბი მიიჩნევდა, რომ მიჯჭვულობა დაფუძნებულია, როგორც ჩვილის, ისე მასზე მზუნველის გენეტიკურად დაპროგრამებულ ქცევაზე. მისი აზრით, მიჯაჭვულობა სწორედ ამ ქცევით იწყება და შემდეგ ნარჩუნდება მიღებული სიამოვნების, უსაფრთხოების, კომფორტის და სიყვარულის ხარჯზე. ე.ი. მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება დამოკიდებულია მემკვიდრეობაზე და გარემოზე.
მერი ეინსვორტმა შეიმუშავა პრცედურა, რომელიც უცხო სიტუაციის სახელითაა ცნობილი, სადაც 1 წლის ბავშვი დროებით განცალკევდება მშობლისგან ან სხვა მზრუნველისაგან, მოგვიანებით კვლავ ერთიანდებიან და აკვრიდებიან ქცევას, რომელსაც ბავშვი ავლენს მშობელთან ან სხვა მზრუნველთან გაერთიანების შემდეგ.
ეს ექსპერიმენტები, სადაც ბავშვი მცირე დროით განიცდის სტრესს, შემდეგ კი სტრესი იხსნება, დაკავშირებულია შვილისა და მშობლის ურთიერთობის ბუნებრივ პირობებში დაკვირვებებთან. მკვლევარებმა მიჯაჭვულობის ერთგვარი ტაქსონომია შექმნეს, სადაც ბავშვის ქცევა უცხო გარემოში, მშობელთან კავშირის ხარისხის ერთგვარ მაჩვენებელს წარმოადგენს.
დაკვირვებების შედეგად, ბავშვის ქცევებიდან და ემოციებიდან გამომდინარე ეინსვორტმა გამოყო მიჯაჭვულობის ორი ტიპი:
უსაფრთხო მიჯაჭვულობა- ამ დროს ბავშვი შორდება დედას და რჩება უცხო ადამიანებთან, მართალია ეს ბავშვები წუხდნენ, როდესაც დედა გადიოდა ოთახიდან, მაგრამ დედის დაბრუნებისას მხიარულად და თბილად ხვდებოდნენ მას, ადვილად მშვიდდებოდნენ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს მიღებული ჰქონდათ სენსიტიური, მათი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე მიმართული ზრუნვა.
არაუსაფრთხო მიჯაჭვულობა, რომელიც 3 განსხვავებული ფორმით ვლინდება:
განრიდებითი მიჯაჭვულობა. ბავშვები ნაკლებად არიან დამოკიდებული დედაზე, არ ავლენენ რაიმე ტიპის ემოციას მის მიმართ. დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ არ ნერვიულობენ, არ გამოხატავენ შფოთვას და რაც ყველაზე ნიშანდობლივია უცხო ადამიანს ექცევიან ისევე, როგორც დედას. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ თუ ბავშვები გამოხატავდნენ შფოთვას ოთახიდან დედის გასვლაზე, ისინი არ იჩენდნენ არანაირ ინტერესს მისდამი ოთახში დაბრუნებისას. შესაძლოა ბავშვი ბრაზობდეს დედაზე, როცა იგი ოთახს ტოვებს, მაგრამ გაურბის მასთან კონტაქტს დაბრუნების შემდეგ. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებს არ ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ დედა შეძლებდა მათ დამშვიდებას. შესაბამისად, მათ დაისწავლეს ემოციებთან, თუ პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება, ვინაიდან ვერ ღებულობდნენ დედის მხრიდან მათი ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
ამბივალენტური მიჯაჭვულობა. ეს ბავშვები, თავდაპირველად ოთახში შემოსვლისას არ სცილდებოდნენ დედას (ასეთ ბავშვებს ”დედის კუდსაც” უწოდებენ) და არ ცდილობდნენ გარემოს შესწავლას. მათ გამოხატული ჰქონდათ მაღალი შფოთვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დედის ოთახიდან გასვლის შემდეგ ისინი შეშინებულები, სასოწარკვეთილები ელოდნენ მის დაბრუნებას. თუმცა როცა დედა ბრუნდებოდა, ისინი გაბრაზებულები ცდილობდნენ ხელიდან დასხლტომოდნენ მას, ტიროდნენ, ეჩხუბებოდნენ და გაურბოდნენ მას. ეს ბავშვები ავლენდნენ ამბივალენტურ ემოციებს. მათი ამგვარი ქცევიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბავშვებს გამოცდილებაში აქვთ ქაოტური, არათანმიმდევრული ზრუნვა.
დეზორგანიზაციული მიჯაჭვულობა. ეს არის ყველაზე სუსტი მიჯაჭვულობის ტიპი. ამ დროს ბავშვი იქცევა წინააღმდეგობრივად. დედის ოთახში დაბრუნების შემდეგ, იგი ავლენს ურთიერთ საწინააღმდეგო ემოციებს. ხშირ შემთხვევაში არ იძლევა ემოციურ უკუკავშირს, მხოლოდ ფიზიკურად ეკვრის მშობელს. ასეთმა ბავშვებმა შეიძლება ზურგი შეაქციონ დედას, როცა ის მათ ხელში აყვანას ცდილობს; შესაძლოა გაექცეს დედის მზერას, როცა ის ხელში აჰყავთ; შესაძლოა თავად ბავშვი მიეკროს დედას აპათეური უემოციო სახით. იყო შემთხვევები, როცა დამშვიდების, დედასთან შერიგების შემდეგ, ბავშვი თავიდან იწყებდა ტირილს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ბავშვების მზრუნველებთან ურთიერთობა დეზორგანიზებულია და ისინი ვერ იკმაყოფილებენ ემოციურ მოთხოვნილებებს.
როგორც განვითარების ფსიქოლოგი სუზან ბერგერი აღნიშნავს, რომელიც პედიატრიის ასოცირებული პროფესორი გახლავთ, „არ არის აუცილებელი, რომ ყოველ წუთს ფიზიკური კავშირი გქონდეთ შვილთან იმისათვის, რომ თქვენს შვილს უსაფრთხო მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდეს და გრძნობდეს, რომ თქვენ მისთვის ხელმისაწვდომი ხართ.“
„არასწორია მიდგომაა თითქოს, უკეთესია ხშირი კონტაქტი მშობელსა და შვილს შორის დღისა და ღამის განმავლობაში, სინამდვილეში უკეთეს ინდიკატორს, მშობლის ან მზრუნველის გრძნობები და ბავშვის მოთხოვნილებებზე პასუხები, წარმოადგენს.“ აცხადებს იელის უნივერსიტეტის ბავშთა სწავლების ცენტრის, კლინიკური პროფესორის ასისტენტი, ვირჯინია შილერი.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ნორმალური განვითარება მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული მიჯაჭვულობასთან. ბავშვის სამომავლო ქცევას დიდწილად განაპირობებს ის, თუ რამდენად აქვს მას ჩამოყალიბებული ადრეულ ბავშვობაში მიჯაჭვულობის გრძნობა. სირთულეებმა ამ პროცესის ჩამოყალიბებაში შესაძლოა გამოიწვიოს ქცევითი და ემოციური პრობლემები. უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლების, თუ ახლობელი ადამიანების ქცევის პატერნები ბავშვზე ზრუნვისას გავლენას ახდენს მისი განვითარების ყველა კომპონენტზე, იქნება ეს ფიზიკური ჯანმრთელობა, კოგნიტური განვითარება, სოციალური კომპეტენცია, თვითშეფასება, თვითპატივისცემის განცდა, თუ ზოგადად, ზრდასრულობაში სრულფასოვანი პიროვნული ფუნქციონირება.

მასალა მოამზადა: დავით გურასპაშვილმა

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები