იყო მასწავლებელი – მოწოდებაა! რაც არ უნდა დიდი ცოდნა გქონდეს, ვერ გადასცემ სხვას (მით უმეტეს ბავშვს) თუ არ ფლობ იმ განსაკუთრებულ უნარებს, რასაც ნამდვილი პედაგოგი უნდა ფლობდეს და არ იცნობ ბავშვის ფსიქოლოგიას.
აი, რამდენიმე წესი, რასაც მე-20 საუკუნის ყველაზე ავტორიტეტული პედაგოგო და ფსიქოლოგი შალვა ამონაშვილი გვირჩევს, რომ გავითვალისწინოთ, როცა საქმე აღსაზრდელებს ეხება:
1. ახალ სამყაროში ახალი ბავშვები არიან, პედაგოგიკა კი მოძველებულია;
2. გაკვეთილი – ეს არის შუქი, რომელიც ეხმარება ბავშვს გაიკვალოს გზა, გაერკვეს ცხოვრების სირთულეებში;
3. მასწავლებელი არის ის, ვინც ეძებს და თავად სულ გზაშია;
4. თუ მასწავლებელს არ მოუნდა, რომ უკეთესი გახდეს, მას ვერ აიძულებ;
5. ბავშვის გაზრდა შეუძლია მას, ვინც თვითონაც იზრდება!
6. გყავთ კლასში ცელქი, მოუსვენარი ბავშვები? ის მასწავლებელი გახდება საუკეთესო, რომელიც ზუსტად ასეთ ბავშვს დააყენებს საკუთარ ბილიკზე, თავს შეაყვარებს და მისი ცხოვრების მასწავლებელი გახდება და თუ გული გიძგერს და ხარ ადამიანი, არ შეიძლება ასეთ ბავშვს ხელი ჰკრა!
7. ყველა ბავშვს უნდა დიდობა, განვითარება და თავისუფლება;
8. დღევანდელმა სკოლამ „აღზრდა“ გამოაძევა სკოლიდან, დარჩა მხოლოდ „სწავლება“;
9. საკუთარ თავთან მიიყვანეთ ბავშვები, გაკვეთილების გარდა ისიც ჰკითხეთ, რა უყვარს, რა უხარია, რას გრძნობს, რა ხდება მის სულში;
10. ბავშვს ყოველდღე საჩუქრად მიართვით გაკვეთილი, გააოცეთ, შეაყვარეთ თავი;
11. ბავშვთან ურთიერთობის ერთადერთი გზა – მეგობრობაა!
12. თითოეული ბავშვისთვის მასწავლებელი უნდა იყოს თავშესაფარი, საყვარელი ადამიანი, მესაიდუმლე, მეგობარი, დამცველი;
13. ყოველთვის გახსოვდეთ დავით გურამიშვილის ეს სიტყვები და ეცადეთ, რომ თქვენმა ყველა მოსწავლემ იცოდეს: „ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“;
14. ერთი მასწავლებელი ყველას ელოდება ცხოვრებაში, ყველა ადამიანს უნდა შეხვდეს თავისი მასწავლებელი ცხოვრებაში და არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა — იპოვეთ თქვენი მოსწავლე!
15. თუ ორიანს წერ და ხელი არ გიკანკალებს, არ განიცდი და ისე მოხაზავ, არ ვარგიხარ მასწავლებლად!
16. მასწავლებელო, ისწავლე თვალებით აღზრდა!
17. ეცადე შენეული შტრიხი მოხაზო მოსწავლეში, რომ ამაღლდეს საკუთარ თავში;
18. ბავშვებს დღეს გადარჩენა უნდათ, ისინი შველას ითხოვენ თქვენგან;
19. ადამიანი, რომელიც ეძებს გზას ღმერთისკენ, ის არის ჰუმანური და აღზრდის ჰუმანურ თაობას;
20. პატივი ეცი ბავშვის უცოდინრობას და გაუკვალე მას გზა!
21. ყოველი ბავშვი არის მოვლენა, რომელსაც აქვს საკუთარი მისია ამქვეყნად და ის უნდა მივიღოთ, როგორც მოვლენა;
22. ბავშვს ეპატიება უცოდინრობა, გაზრდი, ასწავლი, გამოასწორებს… განა ცოტაა დღეს სკოლაში ოროსანი, მით უფრო სამოსანი მასწავლებელი? რომელიც საკუთარ თავსაც პატივს სცემს და სხვებისგანაც ითხოვს პატივისცემას? მაშ, რად არ პატიობთ მოსწავლეს ოროსნობას?!
23. ბავშვი უსაზღვროა თავის შესაძლებლობებში და უნდა ვეძებოთ ის გზა, რომ მისი უსაზღვროება არ ჩავკეტოთ;
24. ცოდნა მკვდარი ნივთიერებაა, არც კარგია და არც ცუდი, გააჩნია ვის ხელში მოხვდება. ამიტომ, ასწავლეთ ბავშვებს არა მხოლოდ საგანი, არამედ ჰუმანურობა, კეთილშობილება და შემდეგ მიეცით ცოდნა!
25. მოვიდა ახალი თაობა, პედაგოგიკა ძველია. ახალი ღვინო კი ძველ ტიკებს დახეთქავს!
26. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჩაცმულობას, დგომის პოზას, საუბრის ტონს, ჟესტებს, მიმიკებს. ბავშვები ყველაფერს ამჩნევენ, თქვენს თითოეულ მოქმედებას;
27. რამდენი ბავშვიც გყავს, იმდენი გაკვეთილი უნდა გქონდეს თავში, როცა კლასში შედიხარ!
28. ჩვენ სკოლიდან ღმერთი გავაძევეთ! მასწავლებელს ვეკითხებით, როგორ სწავლობს ჩვენი შვილი. არადა, უნდა ვეკითხებოდეთ, როგორი ადამიანი იზრდება ჩემი შვილი?
29. თუ ბავშვის სიყვარული ვერ დაიმსახურე, გაკვეთილს ვერ ჩაატარებ!
30. უსიყვარულოდ სკოლაში ნუ წახვალ! შეიყვარე ბავშვი. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ წახვალ სკოლაში!
31. თუ მასწავლებელს მოთმენის უნარი არ აქვს, ნუ შევა სკოლაში!
32 დაუკმაყოფილეთ ბავშვს დიდობის მოთხოვნილება და მოიპოვებთ მის ნდობას;
33. არ დადგეთ არც ერთ ბავშვზე მაღლა! იყავით მისი თანატოლი!
34. თუ თქვენს გაკვეთილებზე ბავშვს ვერ უგებთ, მაშინ თქვენ არ ხართ სანატრელი მასწავლებელი!
35. გახსოვდეთ, რომ კლასიკური პედაგოგიკა ჰუმანურია!