სუფთა ჰაერი – არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც მშობელმა ბავშვისთვის კურორტის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს. ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ გადაცემა “დღის თემაში” ისაუბრა.
მისი თქმით, მშობლებმა, რომლებსაც შესაძლებლობა არ აქვთ ბავშვები ძვირადღირებულ ადგილებში დაასვენონ, არ უნდა იდარდონ, რადგანაც მთავარი სუფთა ჰაერზე ყოფნაა და შეუძლიათ არჩევანი თავიანთ სოფლებზე შეაჩერონ.
“მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ კურორტის არჩევისას, არის სუფთა ჰაერი. არის სოციალური პრობლემები, შესაბამისად, უამრავ პაციენტს არ აქვს საშუალება პოპულარულ კურორტებზე წასასვლელად, რადგანაც საკმაოდ ძვირია.
ბახმარო, მთა-თუშეთი და სხვები უნიკალური კურორტებია, უბრალოდ იქ დასვენება ძვირია და შეჭირვებულმა მშობლებმა არ იდარდონ ამაზე და არ ჩათვალონ, რომ შვილს ყველაფერს ვერ უკეთებენ, შეუძლიათ ბავშვები გაიყვანონ თავიანთ სოფლებში“, – ამბობს პედიატრი.
მიქელაძის თქმით, ბავშვი კურორტზე 21 დღის განმავლობაში უნდა გყავდეთ და რომ სხვა შემთხვევაში, მოზარდი სარგებელს ვერ მიიღებს, მითია და საბჭოთა დროიდან იღებს სათავეს.
“21 დღე ბავშვის გაყვანა კურორტზე, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი, იყო 21 დღიანი ე.წ. პუტიოვკა, 21 დღიანი შვებულება, რომელიც განსაკუთრებით ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ადამიანებს ეძლეოდათ. დოგმა, რომ უნდა გაიყვანოთ აუცილებლად ერთი კვირა, 5 დღე, 9 დღე, არსად არ არის გაწერილი, ყოველ შემთხვევაში, მე არ შემხვედრია, რომ მაინცდამაინც დავუშვათ 21 დღე უნდა გავიყვანოთ.
რა თქმა უნდა, რაც უფრო დიდხანს იქნება კურორტზე ბავშვი, მით უფრო სასარგებლოა“, – ამბობს თემურ მიქელაძე, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ სასარგებლო იქნება თუნდაც შაბათ-კვირას ქალაქგარეთ წაყვანაც.
“ქალაქიდან თუნდაც შაბათ-კვირას გასვლა მნიშვნელოვანია. გვაქვს საკმაოდ სტრესული გარემო, რომელიც ამ პანდემიამაც განაპირობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განტვირთვას, განიტვირთება როგორც მშობელი, ასევე ბავშვი“ – აღნიშავს პედიატრი.
მასალის ავტორი: ნათია ხარბედია