დღეს კარგად ნაცნობი დაავადება კიდევ ერთხელ მოექცევა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ამჯერად იმ თემას შევეხებით, რომელსაც ჩვენში რატომღაც ნაკლები ყურადღება ექცევა, თუმცაღა ტუბერკულოზთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა – ბავშვთა ტუბერკულოზს.

ბავშვებსაც ემართებათ?

თუ ტუბერკულოზი მხოლოდ ზრდასრულთა დაავადება გგონიათ, ცდებით. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, მათ შორის – ბავშვსაც. ბავშვთა ტუბერკულოზი თანამედროვე ჯანდაცვის ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევად მიიჩნევა. ექსპერტთა შეფასებით, მისი ტვირთი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რადგან ბავშვთა ასაკში ტუბეკულოზის გამოვლენა არც ისე ადვილია და, სავარაუდოდ, მრავალი შემთხვევა დიაგნოზის გარეშე, პრობლემის მასშტაბის დასანახავად ოფიციალური მონაცემებიც

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ვის ემუქრება?

სტატისტიკური მონაცემებით, ბავშვთა ტუბერკულოზის წილად ამ დაავადების საერთო შემთხვევათა 10% მოდის. ის გვხვდება ყველგან, სადაც კი მოზარდთა ტუბერკულოზია გავრცელებული და ამ ქვეყნებში ის ბავშვთა სიკვდილობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს წარმოადგენს. ბავშვები ტუბერკულოზით ყველაზე ხშირად 1-დან 4 წლამდე ავადდებიან.

მართალია, ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, მიკრობები კი არც საზღვრებს ცნობენ, არც სქესსა და ასაკს, მაგრამ არსებობს ფაქტორები, რომელთა ფონზეც ტუბერკულოზის განვითარება მეტადაა მოსალოდნელი და რომლებიც ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

ბავშვთა ტუბერკულოზის რისკფაქტორთაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ ტუბერკულოზით დაავადებულთან ახლო და/ან ხშირი კონტაქტი. ამ დროს ბავშვის ინფიცირებისა და დაავადების ალბათობა საკმაოდ დიდია.

ინფიცირება თუ ავადმყოფობა?

იკითხავთ, რა სხვაობა ინფიცირებასა და ავადმყოფობას შორისო? გიპასუხებთ: ძალიან დიდი. ახლავე აგიხსნით, რატომ.

მოგეხსენებათ, ტუბერკულოზის გამომწვევია მიკობაქტერია, ე.წ. კოხის ჩხირი. დაავადება ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფი მიკრობებს ხველების, ცემინების, ლაპარაკის დროს ჰაერში გამოყოფს და ბაქტერია სხვა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. თუმცა ორგანიზმში მიკრობის მოხვედრა ჯერ კიდევ არ ნიშნავს დაავადებას. აი, აქ უნდა განვასხვაოთ ორი ცნება: ინფიცირება და ავადმყოფობა. პირველ შემთხვევაში ტუბერკულოზის გამომწვევი ორგანიზმში ცოცხლობს, მაგრამ არ მრავლდება, არ აზიანებს ქსოვილებსა და უჯრედებს. ამ ეტაპზე ბავშვი არც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არის საშიში. მაგრამ მიძინებული მიკრობი შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გააქტიურდეს და ბავშვს უკვე დაავადება – ტუბერკულოზი დაემართოს. ამ დროს მიკრობი გამრავლებას იწყებს, ორგანოებს აზიანებს და გარემოშიც გამოიყოფა.

რისკფაქტორებს მიეკუთვნება შაქრიანი დიაბეტი და იმუნოსუპრესიით მიმდინარე სხვა დაავადებებიც, ასევე – თამბაქოს წევა: ტუბერკულოზის შემთხვევათა 8% სწორედ სიგარეტის დამსახურებაა. პატარები არ ეწევიანო, შემეკამათებით, მე კი შეგახსენებთ, რომ პასიური მწეველობაც ისევე საშიშია ჯანმრთელობისთვის, როგორც აქტიური. განსხვავება მხოლოდ ალბათობის ხარისხშია. ასე რომ, თამბაქოს მავნე ზემოქმედების წინაშე ბავშვები სრულიად დაუცველნი არიან.

მაშასადამე, ტუბერკულოზის პრევენცია, უწინარეს ყოვლისა, დაავადებულთან კონტაქტის აღკვეთასა და იმუნიტეტის გაძლიერებას გულისხმობს. აქვე უნდა ვახსენოთ პროფილაქტიკის შესანიშნავი საშუალება – ვაქცინაცია. BCG ვაქცინა, რომელსაც ადრეული ასაკის ბავშვებს უკეთებენ, ტუბერკულოზის მძიმე ფორმის განვითარებისგან იცავს. საქართველოში აცრა სამშობიარო სახლშივე ტარდება დაბადებიდან არა უგვიანეს მე-5 დღისა. თუ ბავშვი რაიმე მიზეზით არ აცრილა, 12 თვემდე აუცილებლად უნდა აცრათ. 1 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის BCG ვაქცინის შეყვანა რეკომენდებული არ არის.

ისიც გახსოვდეთ, რომ ტუბერკულოზი არ გადაედება:

დიახ, იკურნება!

გახსოვდეთ, ტუბერკულოზი იკურნება, თუმცა ეს რთული და ხანგრძლივი პროცესია. თუ ოჯახი აქტიურად არ ჩაერთო მასში და ყველა რეკომენდაცია არ დაიცვა, სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. მკურნალობა აუცილებლად ექიმის მეთვალყურეობით უნდა წარიმართოს. მთელი პროცესის განმავლობაში რეგულარულად ფასდება ლაბორატორიული მონაცემები, ბავშვის საერთო მდგომარეობა, გვერდითი ეფექტები. მათი გათვალისწინებით შესაძლოა შეიცვალოს თავდაპირველი დანიშნულება – წამლის დოზა ან თავად წამალი. პაციენტმა კი ზედმიწევნით უნდა დაიცვას მკურნალობის სქემა. არ შეიძლება წამლის გამოტოვება, დოზის არევა, ყველაზე საშიში კი მკურნალობის დროზე ადრე შეწყვეტაა.

ბუნებრივია, აივ ეპიდემიამ ტუბერკულოზის შემთხვევების მნიშვნელოვანი გახშირება გამოიწვია ბავშვებშიც. რატომ არის საშიში ეს კოალიცია? მრავალი მიზეზის გამო: აივ ინფექციის დროს ტუბერკულოზი ატიპურად მიმდინარეობს, ნაკლებად სპეციფიკურია სიმპტომები, კლინიკური თუ რადიოლოგიური მონაცემები, ამიტომ დაავადების დიაგნოსტიკა რთულდება. არადა, როგორც ითქვა, ტუბერკულოზის დროს კეთილსაიმედო გამოსავალი, უპირველეს ყოვლისა, დროულ მკურნალობაზეა დამოკიდებული.

ყველა ბავშვს, რომელთანაც ტუბერკულოზს ვეჭვობთ, უნდა ჩაუტარდეს ტესტი აივ ინფექციაზე. მეორე მხრივ, ყველა აივინფიცირებულმა ბავშვმა, მათაც კი, ვინც უკვე მკურნალობს ანტირეტროვირუსული პრეპარატებით, რეგულარულად უნდა გაიაროს სკრინინგი ტუბერკულოზზე. მხოლოდ ასე შეიძლება იმ სავალალო შედეგების ალბათობის შემცირება, რასაც ტუბერკულოზისა და შიდსის თანხვედრა იწვევს.

მრავალ გამოწვევასთან ერთად ტუბერკულოზის მართვაში დიდი მიღწევებიც არის: ორმოცწლიანი პაუზის შემდეგ შეიქმნა ახალი ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტები, რომლებზეც ექიმები დიდ იმედს ამყარებენ, გაიზარდა ადრეული დიაგნოსტიკის მაჩვენებლები, მკურნალობა ავადმყოფების უფრო და უფრო მეტ ნაწილს მოიცავს. როგორ დასრულდება მიკობაქტერიასთან კაცობრიობის ათასწლოვანი ბრძოლა, დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული – რა გვეცოდინება მის შესახებ, დროულად გამოვავლენთ თუ არა ინფექციას, ზედმიწევნით დავიცავთ თუ არა ექიმის რეკომენდაციებს… პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება. თითოეული ჩვენგანის სწორი ნაბიჯი კაცობრიობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში ეხმარება, რომელთაგან ერთ-ერთი 2030 წლისთვის ტუბერკულოზის დამარცხებაა.

მასალა მომზადებულია ჟურნალი ავერსის მიერ

მოამზადა: ნათია ხარბედიამ