პირველად მოვხატე შუშები ვიტრაჟის საღებავით, პირველად ვიმუშავე ხეზეც… ახლა მინდა ვცადო ბატიკა და სამომავლოდ კერამიკაც შევისწავლო…     ეს მხოლოდ ჰობი არ არის. ეს ალბათ უფრო ჩემი სულის ნაწილია, რომლის გარეშეც  ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია”.

ნებისმიერი საქმისკენ გადადგმული ნაბიჯი სარისკო და ამაღელვებელია, შენგან კი  უდიდეს შრომასა და ენერგიას მოითხოვს. ესეც ერთგვარად ბუმერანგის პრინციპზეა აგებული, როდესაც შენ მიერ გაწეული  უდიდესი შრომა ათმაგად, ასმაგად გიფასდება…

 მარიამ მელაძე  შემოქმედებით ასპარეზზე ახლახანს გამოჩნდა და თავი მეტად საინტერესო ნამუშევრებით წარმოგვიდგინა. საგურამოში, კერძოდ ბურიანში ამჟამად დასრულებული სასტუმროს შიდა დიზაინზე მუშაობს, ცდილობს ძველ,  უკვე გამოუსადეგარ ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქოს და ორიგინალურად წარმოადგინოს…

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 -როდის შემოიჭრა შენ ცხოვრებაში  შემოქმედებითი ნიჭი?

ვფიქრობ, ბავშვობიდანვე მიტაცებდა ხელოვნება… მახსოვს, დიდი სიხარულით დავყვებოდი დედას გამოფენებზე, სპექტაკლებსა და სხვადასხვა ღონისძიებებზე. დავდიოდი ხატვაზე და სიმღერაზე, თუმცა, შემდეგ ძალიან დიდი პაუზა ავიღე შემოქმედებითი საქმიანობის კუთხით. 2020 წლის მარტში, როდესაც ყველას მოგვიწია თვითიზოლაციაში ყოფნა, გამიჩნდა სურვილი სახლში ძველი ნივთები გადამეკეთებინა და რაღაც ახალი შემექმნა.  დიდ სიამოვნებას მანიჭებდა ხატვაც და ამის შემდეგ აღარც გავჩერებულვარ.   ხელოვნება ჩემთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, ხელოვანი ადამიანი კი თავისუფალ ადამიანთან.

-როგორია შენი ერთი შემოქმედებითი დღე? როგორ  იბადება იდეა და რა მასალებს იყენებ ამ იდეის სისრულეში მოსაყვანად?

 ჩემი ყოველი შემოქმედებითი დღე ერთმანეთისგან განსხვავებულია და თავისთავად საინტერესოც. ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც მუშაობა ბუნებაში მიწევს.. საოცარი გარემოა ბურიანში და ვცდილობ ბუნებასთან სიახლოვეც შევინარჩუნო. ვინაიდან თვითნასწავლი ვარ, ბევრი რამ პირველად ვცადე. გამოყენებული მასალაც მრავალფეროვანია. მაგალითად პირველად მოვხატე შუშები ვიტრაჟის საღებავით, პირველად ვიმუშავე ხეზეც… ახლა მინდა ვცადო ბატიკა და სამომავლოდ კერამიკაც შევისწავლო…      ეს მხოლოდ ჰობი არ არის. ეს ალბათ უფრო ჩემი სულის ნაწილია, რომლის გარეშეც  ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია.

ჩემი ხედვით, ჩემი სამომავლო გეგმები სწორედ ხელოვნებას უკავშირდება.

იდეა შეიძლება ნებისმიერ დროს დაგებადოს, ზოგადად, რაც უფრო მეტ რამეს ვქმნი, მით უფრო მეტია ახალი იდეაც. ამ კონკრეტულ ეტაპზე, ბროწეულების ოთახს ვაკეთებ და მთლიანად ბროწეულებით ვარ შეპყრობილი. პირველი ნახატი, რამაც სხვების მოწონებაც დაიმსახურა, პატარა ღაბუა ჩიტებია,   რომლებიც ამ გაზაფხულს, თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში შევქმენი.

-როგორ უთავსებ ოჯახურ სიტუაციასა და შემოქმედებითი იდეების სიჭარბეს?

ზოგადად, ჩემი ყოველი დღე  ოჯახით, ჩემს ქალიშვილზე და მეუღლეზე ზრუნვით იწყება. ვფიქრობ, ყოველი დღე განსაკუთრებულია და ვცდილობ, ასევე განსაკუთრებულად მივუდგე და გამოვიყენო  ეს დრო.

მე და ჩემი მეუღლე ოჯახში დიდ დროს ვატარებთ, თუმცა ორივეს გვაქვს ჩვენ-ჩვენი საქმე ოჯახს მიღმა.  ამ ეტაპზე საგურამოში, კერძოდ, ბურიანში  სასტუმროს მშენებლობა დავასრულეთ, რომლის შემოქმედიც ჩემი დედამთილი გახლავთ  და შიდა დიზაინზე გადავედით.  სასტუმრო სულ მალე შეძლებს მიიღოს სტუმრები და თავი შეაყვაროს ყველა მნახველს. სწორედ აქ ნახავთ ჩემ მიერ შექმნილ სხვადასხვა ნივთსაც…

ხშირად, მე და ჩემი შვილი ციცია ერთად ვხატავთ, ჯერ სამი წლისაა, თუმცა საყვარელი ფერები უკვე აირჩია, ლურჯი და შავი ფერი.  მოგვწონს ერთად გირჩების და ფოთლების მოხატვა, ვცდილობ, მისთვისაც საინტერესო და შემოქმედებითი იყოს ეს ყველაფერი.

-ნამუშევრები facebook-ის აქტიურ გვერდზე განათავსე. გამოხმაურებასაც არ დაუყოვნებია. შემოქმედებითი საქმიანობის კუთხით როგორია სამომავლო გეგმები?

სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი ასეთ გამოხმაურებას, არ დაგიმალავთ და ძალიან გახარებული ვარ, რომ ამდენ ადამიანს მოეწონა ჩემი ნახელავი. შეძლებისდაგვარად გადავავლე  ყველა კომენტარსაც თვალი და მომეწონა აზრთა სხვადასხვაობაც…

ჩემი სამომავლო გეგმები აუცილებლად განვითარდება სწორედ ამ კუთხით… დიდი სურვილი მაქვს  შევისწავლო კერამიკა, ბატიკა და თექა საფუძვლიანად და საინტერესო ხედვით შექმნილი ნამუშევრები შევთავაზო, როგორც ქართველ, ასევე უცხოელ საზოგადოებას…

სტატია მოამზადა: ნუცი მეხრიშვილმა