აივ/შიდსი და ორსულობა – შემიძლია შვილის ყოლა?

ექიმთან პირველი ვიზიტის დროს, ანტენატალური მეთვალყურეობის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, ორსულს რამდენიმე კვლევა უფასოდ უტარდება, მათ შორის – აივ ინფექცია`შიდსის ტესტიც. რისთვისაა საჭირო, ორსულობის დასაწყისიდანვე იცოდეთ თქვენი სტატუსი? რა ხდება, როცა ანალიზის პასუხი დადებითია? რა საფრთხე ემუქრება ნაყოფს, როგორია მისი დასნებოვნების ალბათობა? რამდენად საშიშია ორსულობა აივ ინფექცია`შიდსის დროს და როგორ უნდა მოიქცეს აივინფიცირებული ორსული? ქვემოთ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით, მანამდე კი მოკლედ გაგახსენებთ, რა არის აივ ინფექცია`შიდსი.

მსოფლიო პრობლემა
აივ`შიდსი – ამ ახალგაზრდა დაავადებამ კაცობრიობის ისტორიაში თავისი სიტყვა უკვე თქვა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურად ის პირველად მხოლოდ 1981 წელს აღწერეს, რამდენიმე წელი საკმარისი აღმოჩნდა, რათა უცნობი ინფექცია საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის სერიოზულ გამოწვევად ქცეულიყო და მთელი მსოფლიოსთვის უდიდესი სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური პრობლემები შეექმნა.
აივ`შიდსის ეპიდემია დღესაც მზარდი დინამიკით ვრცელდება და პრაქტიკულად ყველა კონტინენტსაა მოდებული. მართალია, განვითარებულ ქვეყნებში ანტირეტროვირუსული თერაპიისა და პროფილაქტიკური პროგრამების წყალობით ინფექციის გავრცელება სტაბილურია, მაგრამ გლობალურად ინფიცირებულთა რიცხვი მაინც დღიდან დღემდე იმატებს.
აივ ინფექცია და შიდსი მთლად ერთი და იგივე არ არის. აივ ინფექცია გულისხმობს დაავადებას ვირუსით ინფიცირებიდან სიცოცხლის ბოლომდე, შიდსი კი ამ ინფექციის ტერმინალური სტადიაა, როდესაც იმუნიტეტი ძლიერ ზიანდება.

მავნე ვირუსი
შიდსი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) იწვევს. ინფექციის წყარო აივინფიცირებული ან შიდსით დაავადებული ადამიანია. ინფიცირების რისკი არსებობს როგორც დაავადების უსიმპტომო პერიოდში, ისე კლინიკური გამოვლენის შემდეგ.
ვირუსი ორგანიზმში ბიოლოგიური სითხეების საშუალებით ხვდება. აივ-ს განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით შეიცავს სისხლი, სპერმა, ვაგინალური სეკრეტი და თავზურგტვინის სითხე. ამ ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტი ინფიცირების ძლიერი რისკის ფაქტორია. აქედან გამომდინარე, დასნებოვნება შეიძლება მოხდეს:
* აივინფიცირებულთან დაუცველი სქესობრივი კავშირის შედეგად;
* აივინფიცირებულის სისხლის ან მისი კომპონენტების გადასხმის შედეგად;
* აივინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის ან სხვა სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენების შედეგად;
* ვერტიკალურად (დედისგან ნაყოფზე გადაცემით).
ორგანიზმში შეჭრილი ვირუსი CD4 უჯრედებს ანადგურებს. ეს უჯრედები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს იმუნური პასუხის ფორმირებაში. შესაბამისად, მათი დაზიანება ორგანიზმს ავადმყოფობასთან ბრძოლის შესაძლებლობას ართმევს. ამიტომაა, რომ აივინფიცირებულებს ადვილად ემარტებათ სხვადასხვა ინფექციური და სიმსივნური დაავადება.

შემიძლია შვილის ყოლა?
თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა, დიაგნოსტიკის, პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების დახვეწამ და განვითარებამ ქრონიკული დაავადების მქონე უამრავ ქალს განაცდევინა დედობის სიხარული. უკვე შესაძლებელია, შაქრიანი დიაბეტით, ეპილეფსიით, ტუბერკულოზით დაავადებულმა ქალმა ჯანმრთელი შვილი იყოლიოს. ამისთვის საჭიროა დაავადების სწორი მართვა, ექიმის მხრივ – პაციენტის მუდმივი მეთვალყურეობა, ხოლო პაციენტის მხრივ – ექიმის რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება. ასეა აივ`შიდსის შემთხვევაშიც. აივ`შიდსი ქრონიკული, უკურნებელი დაავადებაა. შესაბამისად, პაციენტებს სამედიცინო მეთვალყურეობა სიცოცხლის ბოლომდე სჭირდებათ. ერთიორად მნიშვნელოვანია მდგომარეობის კონტროლი ორსულობის დროს, როდესაც ორგანიზმში მცხოვრები ვირუსი არა ერთ, არამედ ორ ადამიანს უქადის საფრთხეს. საბედნიეროდ, დღეს აივ ინფექცია მართვას ემორჩილება. მთავარია, ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მთელი სიცოცხლე მიიღოთ – ეს ხელს შეუშლის დაავადების პროგრესირებას და შეამცირებს ვირუსის ნაყოფისთვის გადაცემის რისკს.


სტატისტიკა მოვიშველიოთ. 1994-დან 2010 წლამდე თავიდან იქნა აცილებული პერინატალური (ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს) ინფიცირების 21 956 შემთხვევა. საერთო ჯამში, 1990-იანი წლების შემდეგ აივ ინფექციის პერინატალური გადაცემის მაჩვენებელი 90%-ით შემცირდა. ამჟამად მიჩნეულია, რომ როცა ქალი ორსულობის დროს ყოველდღიურად იღებს ანტირეტროვირუსულ პრეპარატებს, ბავშვს კი პირველი 4-6 თვე შესაბამისი სქემით მკურნალობს, ამ უკანასკნელის ინფიცირების რისკი 1%-ზე ნაკლებია. ეს მაშინ, როდესაც ანტირეტროვირუსული თერაპიის გარეშე ნაყოფის ინფიცირების ალბათობა, ჯანმოს მონაცემებით, 30%-ს აღწევს, ხოლო როცა დედა შვილს ძუძუს აწოვებს – 35-დან 50% მდეც კი.
მეორე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც პაციენტებს უჩნდებათ, ასეთია: უქადის თუ არა ორსულობა საფრთხეს თავად ქალის ჯანმრთელობას? ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რომ აივინფიცირებული ქალები, რომლებიც ორსულდებიან, არაორსულებზე მეტად არ ავადობენ. ამრიგად, ორსულობა აივდადებითი ქალისთვის საშიში არ არის.

როგორ ინფიცირდება ნაყოფი?
სამწუხაროდ, ვირუსს შეუძლია პლაცენტური ბარიერის გადალახვა და ნაყოფის დასნებოვნება. ეს შეიძლება ორსულობის ნებისმიერ ვადაზე მოხდეს. თუმცა უფრო ხშირად ბავშვი უშუალოდ დაბადებისას ინფიცირდება, როდესაც დედის ბიოლოგიურ სითხეებთან უწევს კონტაქტი. არც ძუძუთი კვებაა უსაფრთხო: დადგენილია, რომ ინფექცია დედის რძეშიც აღწევს, ამიტომ პატარა შესაძლოა ძუძს წოვის პერიოდშიც დასნებოვნდეს.
სწორედ ამ ყველაფრის ცოდნამ მისცა ექიმებს საშუალება, ნაყოფის ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაეყვანათ.

როგორ გავიგოთ, ვართ თუ არა ინფიცირებული?
თუ დაორსულებას აპირებთ ან უკვე ორსულად ხართ, რაც შეიძლება ადრე უნდა გაიაროთ ტესტირება აივ ინფექციაზე. რატომაა ეს ესოდენ მნიშვნელოვანი? რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია ნაყოფის ინფიცირების რისკი და მით უკეთესია შედეგი დედისთვისაც. დადებითი პასუხის შემთხვევაში ინფექციონისტთან მისვლა მოგიწევთ, ამის შემდეგ კი ზედმიწევნით მისდიოთ თქვენთვის შედგენილ მკურნალობის სქემას – ეს საგრძნობლად შეამცირებს ნაყოფის ინფიცირების რისკს. სრული ეფექტის მისაღებად საჭიროა, მკურნალობა წყვეტის გარეშე ჩაიტაროთ.
როგორც ვთქვი, საქართველოში ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული პირველი ვიზიტის დროს ქალს სხვებთან ერთად აივ ინფექციაზეც უტარდება უფასო კვლევა. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც აივ ინფექციის გავრცელება ძალიან მაღალია, მესამე ტრიმესტრში დამატებითი ტესტირება ტარდება. განმეორებითი ტესტირებაა მოწოდებული მაღალი რისკის ქცევის მქონე ქალებთანაც.


შეიძლება ორსულობის დროს მკურნალობა?
ორსულობის დროს მკურნალობა არათუ შეიძლება, არამედ აუცილებელია. მას ორი მიზანი აქვს: დედის ჯანმრთელობის რაც შეიძლება მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება და ნაყოფის ინფიცირების თავიდან აცილება. არც ისე დიდი ხნის წინ მიიჩნეოდა, რომ ამ დროს გამოყენებული მედიკამენტები ორსულობას (განსაკუთრებით – პირველ ტრიმესტრში) საფრთხეს უქმნიდა. იყო რეკომენდაციები მკურნალობის მეორე ტრიმესტრიდან დაწყების შესახებ. ყურადღება ექცეოდა დაავადების სტადიას, CD4 უჯრედების რაოდენობას… მაგრამ მრავალწლიანმა კვლევამ მედიცინის სამყარო აიძულა, მიდგომა შეეცვალა. თანამედროვე თვალთახედვით, არვ თერაპია უნდა დაუწყონ ყველა აივინფიცირებულ ორსულ და მეძუძურ ქალს, განურჩევლად დაავადების სტადიისა და CD4 უჯრედების მაჩვენებლისა. აუცილებელია ისიც, რომ მკურნალობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში გაგრძელდეს. დადასტურდა, რომ ორსულ და მეძუძურ ქალებთან, ისევე როგორც ყველა ზრდასრულ ადამიანთან, არვ-მკურნალობა ეფექტური და სარგებლობის მომტანია, ამასთან, ამცირებს დედისგან შვილზე ინფექციის გადაცემის რისკს.

საშიშია თუ არა გამოყენებული წამლები?
როგორც ყველა სხვა წამალს, ანტირეტროვირუსულ პრეპარატებსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, მათ შორის – ღებინება, დიარეა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. შედარებით იშვიათია ანემია, ღვიძლის დაზიანება, ოსტეოპოროზი… მიუხედავად ამისა, მკურნალობაზე უარის თქმა არ ღირს: ამით საგრძნობლად გაიზრდება ნაყოფის ინფიცირების რისკი და დედასაც უფრო მეტი ზიანი მიადგება. არსებობს წამლები, რომლებიც ორსულობის დროს უკუნაჩვენებია, ამიტომ თუ ქალი დაორსულებამდე იღებდა მათ, ორსულობის დადგომის შემდეგ ექიმი უსაფრთხო ანალოგებით ჩაანაცვლებს.
მაშასადამე:
* თუ ქალი იტარებს არვ თერაპიას და გეგმავს ორსულობას ან დაორსულდა – არვ თერაპია ჩვეულებრივ გრძელდება, თუ არ შეიცავს იმ პრეპარატებს, რომლებიც უკკუნაჩვენებია ორსულობის დროს.
* თუ ქალი ორსულადაა და ჯერ არ დაუწყია არვ თერაპია – რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს, არა უგვიანეს მეორე ტრიმესტრის დასაწყისისა.
* თუ ქალს აივ ინფექცია დაუდგინეს ორსულობის 28-ე კვირის შემდეგ, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს არვ თერაპია. თუ ვირუსული დატვირთვა (ეს მაჩვენებელი საუკეთესოა მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებელ ვირუსის რაოდენობა 1 მლ პლაზმაში) მაღალია, სქემას ემატება სხვა პრეპარატიც.

თუ პარტნიორია ინფიცირებული?
ცხადია, არ არის გამორიცხული, ინფიცირებული იყოს მამაკაცი, ქალი კი – არა. ეს მოცემულობა ქალს და მის მომავალ ნაყოფს პოტენციურად მაღალი რისკის პირისპირ აყენებს. ასეთ დროს, მოწოდებულია სპეციალური თერაპიული მეთოდი – ე.წ. პეპ (Pre-Exposure Prophylaxis) თერაპია. ამ დროს მაღალი რისკის მქონე პირები ყოველდღიურად იღებენ მედიკამენტებს ინფიცირების რისკის შესამცირებლად. ბუნებრივია, ამით მცირდება დაორსულების თანმხლები რისკიც. ამასთან, პარტნიორსაც მოუწოდეთ მკურნალობისკენ. აივინფიცირებულები, რომლებიც რეგულარულად იღებენ მედიკამენტებს, ფაქტობრივად არ არიან საშიშნი ეპიდემიოლოგიური კუთხით.

მშობიარობის გზა
როგორც ითქვა, აივდადებითმა ორსულმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს შესაბამისი წამლები. თუ ამ ფონზე ვირუსული დატვირთვა არ შემცირდა, ექიმი მას საკეისრო კვეთას შესგთავაზებს – მშობიარობის ეს გზა ინფექციის გადაცემის მხრივ ყველაზე ნაკლებად სარისკოა.

როგორ დავადგინოთ არის თუ არა ბავშვი ინფიცირებული?
აივდადებითი დედების შვილები სიცოცხლის პირველ თვეებში რამდენჯერმე გადიან შემოწმებას ინფექციაზე. საზოგადოდ, აივ ინფიცირების დასადგენი ყველაზე მარტივი ტესტი ანტისხეულების გამოვლენაა, თუმცა აივდადებითი დედების შვილებთან ვითარება რამდენადმე განსხვავებულია. საქმე ის არის, რომ აივინფიცირებული ქალისგან დაბადებულ ყველა ბავშვს აივ ინფექციაზე ტესტი დადებითი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ორგანიზმში არის აივ-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები, თუმცა ისინი მათ დედისგან გადაეცემათ, ამიტომ მათი არსებობა ინფექციის არსებობის დასტურად ვერ გამოდგება. ბავშვის ინფიცირების დასადგენად იყენებენ სხვა ტესტს, რომელიც ანტისხეულების მაგივრად თავად ვირუსის არსებობას განსაზღვრავს. ყველაზე ზუსტი და მაღალმგრძნობიარე მეთოდია ვირუსის გენომის გამოვლენა ე.წ. პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციით. გენეტიკური მასალა იმ შემთხვევაშიც კი ვლინდება, როცა მისი კონცენტრაცია გამოსაკვლევ მასალაში უკიდურესად მცირეა. სწორედ ამ კვლევის მონაცემებს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა ახალშობილის ინფიცირების დასადასტურებლად. პირველი გამოკვლევა ტარდება 48 საათის განმავლობაში, მეორე – დაბადებიდან 4-6 კვირაში, მესამე – 4-6 თვის ასაკში.
რაც შეეხება ანტისხეულებს, თუ ბავშვი ინფიცირებულია, მისი ორგანიზმიც დაიწყებს ანტისხეულების გამომუშავებას და ტესტი დინამიკაშიც დადებითი იქნება. თუ ბავშვი აივნეგატიურია, დედის ანტისხეულები საბოლოოდ გაქრება და დაახლოებით 12-18 თვის ასაკში ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება.

რა ხდება დაბადების შემდეგ?
_ აივინფიცირებული ბავშვისთვის მკურნალობის ადრე დაწყება ერთიორად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბავშვობაში დაავადება უფრო სწრაფად პროგრესირებს. სტატისტიკური მონაცემებით, თუ დროული დიაგნოზი არ დაისვა და შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდა, ახალშობილთა დაახლოებით მეხუთედს შიდსთან ასოცირებული მძიმე დაავადება ემართება და სიცოცხლის პირველსავე წელს კვდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აივდადებითი ქალების შვილები დაბადებისთანავე იღებენ არვ-თერაპიას. პროფილაქტიკური მკურნალობა 4-6 თვე გრძელდება. ინფექციის დადგენის შემთხვევაში პროფილაქტიკური მკურნალობა შეიცვლება სრულფასოვანი რეჟიმით.

სამახსოვრო
როგორ შევამციროთ პერინატალური ინფიცირების რისკი
* ორსულობისას მიიღეთ ანტირეტროვირუსული პრეპარატები დანიშნული სქემის მიხედვით.
* თუ მკურნალობის ფონზე ვირუსული დატვირთვა მაღალია, ჩაიტარეთ საკეისრო კვეთა.
* ბავშვს დაბადებისთანავე ჩაუტარეთ ანტირეტროვირუსული თერაპია.
* არ აწოვოთ ძუძუ.
თუ ამ წესებს დაიცავთ, ბავშვის ინფიცირების რისკი 1%-მდე დაიწევს.

გვანცა გოგოლაძე

წყარო : aversi.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები