პანდემიის და შინ ყოფნის პირობებში უფროსებსაც და ბავშვებსაც დაგვერღვა ჩვეული დღის რუტინა. თუკი ბავშვები აქამდე ბაღში ან სკოლაში დადიოდნენ და მთელი დღე იქ არსებული აქტივობებით ცხოვრობდნენ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. სახლში ყოფნისას დღის გრაფიკი აღარ არის ისეთი სტრუქტურირებული, როგორც ბაღსა ან სკოლაში სიარულისას იყო, ნაკლებია ემოციური განიავების ან თანატოლებთან ურთიერთობის ხარისხი, რაც მოქმედებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე. ამიტომაც შეგვიძლია გავითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი:

  1. რთულ პერიოდებში, ბავშვებს მეტი დრო და სიყვარული სჭირდებათ ხოლმე მშობლებისგან ან მათზე მზრუნველი ადამიანებისგან, ამიტომაც ეცადეთ მეტი დრო გამოყოთ მათთვის. სასურველია, მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებთან თამაშს და მათთან ურთიერთობას. თუკი თქვენ სახლიდან მუშაობთ ეცადეთ ხშირ-ხშირად აიღოთ ინტერვალები იმისთვის, რომ ბავშვებთან გქონდეთ კომუნიკაცია. თუ სამსახურში დადიხართ, ეცადეთ სახლში მოსულებმა ხარისხიანი დრო გაატაროთ ბავშებთან. იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ავლენენ ზემოთ ჩამოთვლილ ემოციებს, დაეხმარეთ მათ ამ ემოციების გადალახვაში, მოსმენითა და მხარდამჭერი საუბრით. საჭიროების შემთხვევაში კი მიმართეთ სპეციალისტს.

  1. რუტინის შექმნა და შენარჩუნება – ეცადეთ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ის ჩვეული რუტინა, რაც ბავშვს კარანტინამდე ჰქონდა და თუკი ეს შესაძლებელი არ არის, ეცადეთ, ერთად შექმნათ ახალი რეჟიმი. ხანდახან ირღვევა ძილისა და კვების რაციონიც და სასურველია მათი უწინდებურად შენარჩუნებაც. მაგალითად, თუ ბავშვი სკოლაში სიარულის პერიოდში 9 საათზე იძინებდა, დილას 8-ზე იღვიძებდა, 9-ის ნახევარზე საუზმობდა და ა.შ. ახლაც ასე გავაგრძელოთ. ასევე, როცა მშობელმა იცის თუ რა აქტივობები ჰქონდა ბავშვს სკოლასა თუ ბაღში სასურველია მათი სახლში შენარჩუნებ, გადმოტანაც და თუ არა მაშინ ახალი განრიგის შექმნა, მაგალითად, ადგომის და მოწესრიგების შემდეგ საწოლის დალაგება და ვარჯიში, შემდეგ საუზმე, დამოუკიდებელი თამაში, წიგნის წაკითხვა, ხატვა ან ძერწვა, შემდეგ კიდევ დამოუკიდებლად თამაში, მეცადინეობა და ა.შ. ეცადეთ, რომ ეს აქტივობები ბავშვებთან ერთად დაგეგმოთ და აუცილებლად შეასრულოთ.
  2. საეკრანო დროის შეზღუდვა – იმისთვის, რომ შევუზღუდოთ ბავშვებს საეკრანო დრო, მისი ჩანაცვლება სასურველია სხვა აქტივობებით არის სასურველი, რაც ზემოთ აღწერილი რუტინის შექმნით შეგვიძლია გავაკეთოთ. როცა საეკრანო დროც დღის რუტინაშია გაწერილი ბავშვისთვისაც უფრო მარტივი ხდება ამ წესის დაცვა. თანაც ამ დროს მისი დღე სხვადასხვა აქტივობებით არის შევსებული, ასე ნაკლები დრო რჩება მოწყენისთვის და ეკრანთან გატარებისთვის.
  3. პანდემიის და „ლოქდაუნის“ მიუხედავად, საჭიროა ბავშვებს გასეირნების, ჰაერზე ყოფნის და თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. დღის რომელიმე პერიოდში გასეირნების შესაძლებლობა საკვანძოა ბავშვის როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ეცადეთ, ადგილი სადაც გაისეირნებთ, იყოს სხვა ადამიანებისგან იზოლირებული. არსებობს მრავალფეროვანი გარე აქტივობები, რომელიც მთელმა ოჯახმა ერთად შეგიძლიათ ითამაშოთ. მაგალითად, თამაში ბურთით, წრეში ბურთი, ფეხბურთი, სტოპობანა, დაჭერობანას სახეობები (გაშეშობანა, ხეზე ჩიტი, ჩაკუზობანა); დამალობანა ან სხვა თამაშები, რასაც ბავშვებთან ერთად შეარჩევთ. ეს, ერთის მხრივ, ფიზიკურ აქტივობას და იმუნიტეტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ, კი ოჯახს დაახლოვებაში და დროის ერთად სასიამოვნოდ გატარებაში დაგეხმარებათ.

  1. თამაში – რაც ბავშვებს აძლევს ქცევაზე კონტროლის დაბრუნების შეგრძნებას და ეხმარება მათ პანდემიით გამოწვეულ ემოციებთან გამკლავებაში. თამაში არ არის მხოლოდ ხმაური, რომელსაც ბავშვი სახლში იწვევს, ბავშვის განვითარებაში მას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. თამაშით ბავშვი იწყებს წესების ათვისებას, დაცვას და პატივისცემას, სოციალური უნარების განვითარებას, გარკვეული ემოციების გადამუშავებას, სხვადასხვა სიტუაციებში თავის წარმოდგენას და გარკვეული გამოცდილების მიღებას.
  2. ონლაინ კომუნიკაციის შენარჩუნება თანატოლებთან – დროის გამოყოფა. იმის გამო, რომ ფიზიკური დისტანცირების პირობებში ურთიერთობები შემცირებულია და ბავშვებს განვითარებისთვის და ემოციური სიჯანსაღისთვის სხვა ბავშებთან კომუნიკაცია სჭირდებათ, ეცადეთ, მათ ონლაინ პაემნები მოუწყოთ ხოლმე თანატოლებთან. საბედნიეროდ, ტექნიკა იმდენად არის განვითარებული, რომ მესენჯერის, ზუმის, თიმსის თუ სხვა პროგრამების გამოყენებით ბავშებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა.

 

ბავშვები სტრესზე განსხვავებულად რეაგირებენ, ზოგიერთი შეიძლება უფრო გაღიზიანებული იყოს, ზოგმა მეტად გამოავლინოს ბრაზი, იწუწუნოს, იტიროს და ა.შ. ამ დროს მათ თავიანთ მზრუნველებთან ახლო კონტაქტი და კომუნიკაცია სჭირდებათ, იმისთვის რომ დამშვიდდნენ და გადაამუშაონ ის ინფორმაცია და სიახლეები რაც მათ თავს დაატყდათ.

ბავშვთა ფსიქოლოგი: ანა მეუნარგია

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი