5 შეცდომა, რომელსაც მარტოხელა დედები უშვებენ, როცა ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ

გვესაუბრება ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის “დიალოგის” ბავშვთა ფსიქოლოგი ანა მეუნარგია

რთულია რაღაც კომპლექსური და სერიოზული საკითხი ჩარჩოებში მოაქციო, თუმცა ამ ეტაპზე მონეტის მხოლოდ ერთ მხარეს განვიხილავთ, სადაც ჰიპერმზრუნველობაა წამყვანი ხაზი.

  • უარი დახმარებაზე.
  • მარტოხელა დედა ძალიან ბევრ და დიდ პასუხისმგელობას გრძნობს საკუთარ და შვილების ცხოვრებაზე და ხშირად ცდილობს მარტო გაუმკლავდეს ყველაფერს. ხანდახან ეს მოლოდინი შეიძლება არარეალისტური აღმოჩნდეს და როცა ყველაფერი იდეალურად არ სრულდება, უკმაყოფილებასთან და წარუმატებლობასთან ასოცირდება. ამ დროს, საკუთარ თავზე ზრუნვა უკანა ხაზზე გადაინაცვლებს ხოლმე და იმდენად დამღლელი ხდება ასეთი ყოფა, რომ მაღალია გადაწვის რისკი.
  • საკუთარი ინტერესების ბავშვის ინტერესებითა და ცხოვრებით ჩანაცვლება.
  • ოჯახურ რუტინაში ჩაფლულებმა დედებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარი სურვილები და მოთხოვნილებები და ბოლომდე ერთვებიან ბავშვებზე; მერე კი მთლიანად ბავშვის ცხოვრებით იწყებენ ცხოვრება. ალბათ გაგიგიათ ფრაზები, „ჩვენ ჩავაბარეთ“, შეყვარებული გვყავს“ და ა.შ. ამ დროს, დედის სურვილები და მოთხოვნილებები თითქმის აღარ ჩანს და მხოლოდ შვილით ჩანაცვლდება ხოლმე, ეს კი შემდეგ სხვადასხვა ტიპის უკმაყოფილებას და ფსიქოლოგიურ სირთულეებს უკავშირდება.

  • მცდელობა, რომ ორივე მშობელი თავად ჩაანაცვლონ.
  • ბავშვის აღზრდაში დედაც და მამაც თანაბრად უნდა მონაწილეობდეს, რათა ბავშვმა დანაკლისი არ იგრძნოს; იმის გამო, რომ დედას სურს თავის შვილს ჰქონდეს სრულფასოვანი ცხოვრება და ერთ-ერთ ნაწილად მამის არსებობაც მოიაზრება, ხშირად დედები ცდილობენ, ბავშვს ეს დანაკლისი არ აგრძნობინონ და ბოლომდე აიღონ ორივე მშობლის პასუხისმგებლობა, უფლება-მოვალეობები და სითბოს გაცემა საკუთარ თავზე. ეს კი ისევ, არარეალისტური მოლოდინების ჩამოყალიბებასთან არის დაკავშირებული და ასევე, ხელს უწყობს მშობლის გადაღლას, გამოფიტვასა და ცხოვრების დაბალ ხარისხს, რაც შემდეგ ისევ ბავშვზე აისახება უარყოფითად.
  • ბავშვის მოტყუება და გულწრფელობის ნაკლებობა.
  • იმ მოტივით, რომ ბავშვი ტკივილისგან დაიცვას, შესაძლოა, მშობელი ტყუილის თქმაზეც წავიდეს.  დაუმალოს მას ინფორმაცია მამის შესახებ, მოატყუოს მისი ადგილსამყოფელი, ან არ ესაუბროს მიზეზზე, რატომაც გაშორდით (ამ შემთხვევაში, შეიძლება საჭირო იყოს შესაბამისი ფორმის მოძებნა, რომ ბავშვისთვის იყოს გასაგები, რომ რაც მოხდა მისი ბრალი არ არის). როცა ბავშვმა იცის სიმართლე და მასთან გულწრფელი ვართ, თუნდაც ჩვენი ემოციების შესახებ ვესაუბრებით და ბავშვი იგრძნობს, რომ განვიცდით, მას ამით ვასწავლით თავისი ემოციების აღიარებას, დანახვას და შემდეგ მათთან გამკლავებას.

  • მტკივნეული და გაურკვეველი ემოციებისთვის თავის არიდება.
  • შეიძლება ბავშვის გარკვეული ემოციები და გრძნობები ჩვენთვის ძალიან მტკივნეული და გაუსაძლისი იყოს და გამუდმებით ვცდილობდეთ ამის თავიდან არიდებას, მაგრამ ამით ხელს შევუშლით საკუთარ თავს ცხოვრების გაგრძელებაში.  ჩვენი ემოციების სწორად დანახვა და შემდეგ მათი გაანალიზება მომავალში ბევრად მეტ ხალისსა და ენერგიას მოგვცემს.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები