იმის მიუხედავად, თქვენ და თქვენს თინეიჯერს კარგი ურთიერთობა გაქვთ თუ გამოწვევებით აღსავსე, მნიშვნელოვანია, დაანახოთ, რომ გიყვართ და მხარს უჭერთ, რომ მზად ხართ, დაეხმაროთ სირთულეების გადალახვაში და რომ ყოველთვის შეუძლია ჰქონდეს თქვენი იმედი.

გთავაზობთ ოთხ რჩევას, თქვენს მოზარდთან მისი განცდებისა და ცხოვრების შესახებ საუბრისათვის, და იმის დასაფიქსირებლად, რომ ყოველთვის მზად ხართ მის დასახმარებლად.

  1. წაახალისეთ თქვენი შვილი, გაგიზიაროთ საკუთარი განცდები და გრძნობები

 

შეეცადეთ, გაარკვიოთ, როგორ გრძნობს თავს თქვენი მოზარდი. დაინტერესდით, როგორ ჩაიარა დღემ, რით იყო დაკავებული. ამისათვის შეგიძლიათ მოზარდს სთხოვოთ რაიმე საქმის შესრულებაში, მაგ., სადილის მომზადებაში დახმარება, და ეს დრო გამოიყენოთ განვლილი დღის შესახებ სასაუბროდ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მნიშვნელოვანია, აღიაროთ და გაიგოთ ბავშვის ემოციები, შესაძლო დისკომფორტის მიუხედავად. როდესაც იგი გაიხსნება, საპასუხოდ შეგიძლიათ უთხრათ: „მესმის“, „რთული ვითარება ჩანს“, „გონივრულია“, ან „გასაგებია“.

მოზარდის თქვენთვის მიუღებელ ქმედებებს შესაძლოა მარტივად ამჩნევდეთ. თუმცა, სასურველია, დააკვირდეთ და შეაქოთ იგი იმ, თუნდაც მარტივი, ქმედებებისათვის, რასაც კარგად აკეთებს – როგორიცაა დალაგება/ალაგება.

  1. დაუთმეთ დრო მის მხარდაჭერას

ერთად შექმენით ახალი რუტინები და დასახეთ მიღწევადი ყოველდღიური მიზნები. მაგალითად, შეგიძლიათ ერთმანეთს შეუთავსოთ საყოფაცხოვრებო საქმეები და საშინაო დავალების შესრულება ან დასახოთ ისეთი სამიზნე, როგორიცაა საშინაო დავალების დასრულება სადილამდე ან ვახშმამდე.

მოზარდობა ნიშნავს დამოუკიდებლობას! შეეცადეთ, თქვენს მოზარდს სათანადო დრო და სივრცე მისცეთ დამოუკიდებლად ყოფნისათვის. საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და სივრცის საჭიროება ზრდის პროცესის ჩვეული ნაწილია.

გამოძებნეთ სხვადასხვა გზები თქვენი მოზარდის ხელშესაწყობად და მოუწოდეთ, შეისვენოს (სასკოლო დავალებების შესრულების, სახლის საქმეების, ან სხვა აქტივობების შესრულებისას) და დაკავდეს მისთვის საყვარელი საქმით.

 

  1. ერთად მოაგვარეთ კონფლიქტი და უთანხმოება

მოისმინეთ თქვენი მოზარდის მოსაზრებები და შეეცადეთ, კონფლიქტი მშვიდად გადაჭრათ. გახსოვდეთ: სტრესული მდგომარეობა ნებისმიერი ადამიანისთვის ჩვეული რამ არის!

არასოდეს განიხილოთ პრობლემა/საკითხი, როდესაც გაბრაზებული ხართ. გაერიდეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით – შეგიძლიათ თქვენს მოზარდს ამ თემაზე მოგვიანებით ესაუბროთ.

იყავით გულწრფელი და გამჭვირვალე: შეგიძლიათ უთხრათ თქვენს მოზარდს, რომ თქვენც დამატებითი სტრესის ქვეშ იმყოფებით. აჩვენეთ, როგორ უმკლავდებით საკუთარ სირთულეებს, ეს შეიძლება დაეხმაროს მას გაცნობიერებაში, რომ მისი განცდები უჩვეულო არ არის.

  1. იზრუნეთ საკუთარ თავზე

ძალიან გადაღლილ და დასტრესილ მდგომარეობაში ყოფნისას ნუ მოგერიდებათ დახმარებისთვის მიმართვა. ასეთი მდგომარეობა ბუნებრივია. თქვენი განცდები გაუზიარეთ ოჯახის წევრს ან სხვა ახლობელს.

გამოძებნეთ დრო ურთიერთობებისათვის. შეეცადეთ, მოიძიოთ ადამიანები, რომლებსაც გაუზიარებთ საკუთარ გრძნობებს. ყოველდღე იურთიერთობეთ მათთან და ესაუბრეთ თქვენს განცდებზე.

დღის განმავლობაში გამოყავით დრო ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებაში და მის მართვაში. იმის მიუხედავად, დატვირთული დღე გაქვთ თუ არა, ჩვენ ვიცით, რომ საკუთარი თავისათვის დროის დათმობა უაღრესად მნიშვნელოვანია კეთილდღეობისათვის. საყვარელი საქმიანობით დაკავება, ან უბრალოდ რამდენიმე წუთით ყოველდღიური საქმიანობიდან მოწყვეტა დაგეხმარებათ რელაქსაციაში და ენერგიისა და ძალების აღდგენაში.

წარმოდგენილი რეკომენდაციები შემუშავებულია უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომიტეტის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფის მიერ.

მომზადებულია გაეროს ბავშვთა ფონდის მასალაზე დაყრდნობით