“ჯანმრთელი ბავშვი შეიძლება  წელიწადში ათჯერ გახდეს ავად” – იაშვილის საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ივანე ჩხაიძე საუბრობს ბავშვებში იმუნიტეტის ამაღლებაზე და ძლიერი იმუნიტეტის  გამომუშავების მთავარ კომპონენტებზე.

მშობლებისთვის  მთავარი  თემა შვილების იმუნიტეტია. განსაზღვრავს თუ არა კარგი იმუნიტეტი ბავშვის ავადობას?

ექიმებს ხშირად გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ  პაციენტები ყველაზე კარგად არიან ინფორმირებულნი, როდესაც საქმე იმუნიტეტის ამაღლებას შეეხება. აბსოლუტურად, ყველა დედა ამბობს ასეთ რამეს: “ჩემს ბავშვს აქვს დაბალი იმუნიტეტი”. როდესაც ვეკითხები, რატომ ფიქრობს ასე, პასუხი არის ასეთი: რომ ზამთრის განმავლობაში მესამედ გახდა ავად.  მშობლების ძირითადი შეფასება დაბალი იმუნიტეტის არსებობასთან დაკავშირებით ფოკუსირდება ავადობის სიხშირეზე, რაც არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი. იმის თქმა, რომ ბავშვს არ აქვს იმუნიტეტი, ეს არის იმუნოდეფიციტი და იმუნოდეფიციტი, როგორც მოგეხსენებათ, მართლაც სერიოზული დაავადებაა და საბედნიეროდ საქართველოში ამ ბავშვების რაოდენობით რომელსაც რეალური, ან თანდაყოლილი ან შეძენილი იმუნოდეფიციტი აქვს  არის ძალიან ცოტა, თითზე ჩამოსათვლელი. როდესაც მშობლები იყენებენ ამ ტერმინს, ექიმის მოვალეობაა აუხსნას მშობელს რა არის იმუნოდეფიციტი.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

რამდენჯერ შეიძლება გახდეს ავად ბავშვი წელიწადში? 

ჯანმრთელი ბავშვი შეიძლება  წელიწადში ათჯერ გახდეს ავად ვირუსული ინფექციით.  შეიძლება ათჯერ გახდეს ბავშვი ავად და სრულიად ჯანმრთელი იყოს და იყოს მეორე ბავშვი, რომელიც ორჯერ გახდა ავად და დასჭირდეს სასწრაფოდ დამატებითი კვლევები და ჰოსპიტალიზაცია. ე.ი ათჯერ ავად გახდომა, სასუნთქი გზების ინფექციები ჩვეულებრივი მისაღებია და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ არა სიხშირეზე, არამედ რამდენად მძიმე იყო ის დაავადება და კონკრეტულად რა დიაგნოზი იყო. ამიტომ, მშობლებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ტერმინის ხელაღებით გამოყენებისგან. ჩვენ მარტივი რეკომენდაცია გვაქვს ყველასათვის: თუ არის ვირუსული ინფექცია, ის შვიდ დღეში უნდა დამთავრდეს. მწვავე რესპირატორული, ვირუსული ინფექცია მთავრდება შვიდ დღეში და თუ პროცესი ხანგრძლივდება ორი ან სამი კვირის განმავლობაში, მაშინ ხდება საჭირო გაღრმავებული კვლევები გაკეთდეს და დარწმუნებული ვარ, უმრავლეს შემთხვევებში ჩვენ იმუნოდეფიციტს ვერ აღმოვაჩენთ.

რა კითხვები აქვთ მშობლებს ყველაზე ხშირად?

მშობლები ხშირად მეუბნებიან: ”ჩემს შვილს იმუნოდეფიციტი აქვს და რას გვირჩევთ, რომელ წამალს, რომელიც იმუნიტეტს აამაღლებს”? ამაზე პასუხი მარტივია. დღეისათვის წამალი, რომელიც  იმუნიტეტს აამაღლებს, არ არსებობს. არსებობს რამდენიმე მედიკამენტი, რომელმაც შეიძლება დამცველობითი როლი ითამაშოს, ხშირად მორეციდივე ინფექციებით დაავადებულ ბავშვებში, მაგრამ ის რომ რაიმე წამალი არსებობდეს, ბავშვს  დაალევინებენ და იმუნიტეტი მოემატებათ, არის ილუზია და ასეთი მედიკამენტი, ალბათ, არც არასოდეს იქნება გამოგონილი მეცნიერების მიერ.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები