უნდა ავცრათ თუ არა სეზონურ გრიპზე ბავშვები?

აცრები და მასთან დაკავშირებული საკითხები განხილვის თემაა – ერთნი კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, მეორენი კი აუცილებელ პროფილაქტიკად მიიჩნევენ. აცრასა და მასთან დაკავშირებული ყველაზე აქტუალური კითხვებით პედიატრს, ეკა უბერს მივმართეთ:

 ამ სეზონზე განსაკუთრებით ხშირად ჩივიან მშობლები, რომ აცრის მიუხედავად, ბავშვები მაინც ხშირად ავადობენ. ძალიან ბევრი მშობელი ორჭოფობს, ღირს თუ არა ბავშვის აცრა?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ აცრას თავისი წესები აქვს. იმ შემთხვევაში, თუ აცრა პირველად კეთდება, აუცილებელია გრიპის ვირუსის ვაქცინაციის ორ ეტაპად ჩატარება, მეორეც, იმუნიტეტი ვაქცინაციიდან 2-3 კვირის შემდეგ დგება და თუ აცრის შემდეგ ბავშვი რამდენიმე დღეში გახდა ავად, რესპირატორული სისტემის ვირუსული ინფექციით, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ვაქცინამ არ იმუშავა, უბრალოდ იმუნიტეტმა ვერ მოასწრო ჩამოყალიბება და მესამე – გრიპის სეზონურ ვაქცინაციას ჯვარედინი დაცვა ახასიათებს, რომელიც არაპირდაპირად იცავს სხვა ვირუსებისგან, მართალია, ეს პანაცეა არაა, მაგრამ 60%-ით ამცირებს ავადობის სიხშირეს ან ამსუბუქებს მის მიმდინარეობას ანუ მოკლდება ავადობის ხანგრძლივობა და მკვეთრად იკლებს სიმპტომების სიმძაფრე. ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირად ვიყენებ გრიპის სეზონურ ვაქცინაციას, რაც მეტწილად ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

რა ასაკიდან შეიძლება ავცრათ ბავშვი გრიპზე? 

ბავშვების გრიპზე აცრა 6 თვიდან შეიძლება , თუმცა მე 1 წლამდე არ ვცრი ხოლმე და რისკებს ინდივიდუალურად ვაფასებ.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვი ხშირად არ გაგვიცივდეს? – პედიატრის რჩევები!

 

რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ორგანიზმი რაც შეიძლება კარგ მდგომარეობაში შეხვდეს ვირუსებს? რეკომენდაციები ვიტამინებთან დაკავშირებით…

ვიტამინების მიღება ეფექტური მაშინ არის, როდესაც ადამიანი არასრულფასოვნად იკვებება. ვიტამინები – ეს არის კვებითი დანამატები, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის და იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. ძალიან ბევრი დაავადების მიზეზი აღმოჩნდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არაჯანსაღი მდგომარეობა. როცა კუჭ-ნაწლავი გამართულად ვერ ფუნქციონირებს, ეს არაერთ სხვა პრობლემას იწვევს. იმუნიტეტის სტატუსი 70%-ით არის დამოკიდებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, რომელზე ზრუნვაც სიცოცხლის პირველი დღეებიდან უნდა დაიწყოს. ამიტომ აუცილებელია რაციონალური, ბალანსირებული, სრულფასოვანი კვება ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ მთელი სიცოცხლის მანძილზე. თუ ადამიანი არ იკვებება ჯანსაღად, რასაკვირველია მან ვიტამინები უნდა მიიღოს, თუმცა ვიტამინები უნდა მივიღოთ დეფიციტის შესავსებად და არა პროფილაქტიკის მიზნით. რაც შეეხება იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებებს, არსებობს უამრავი კვლევა არსებული მედიკამენტების შესახებ, რომლებიც ადასტურებს, რომ მათი მიღების შემდეგ იმუნიტეტის გაჯანსაღება მხოლოდ 10-15%-ით ხდება, შესაბამისად ეს პრეპარატები იმუნიტეტის გაჯანსაღების საქმეში გადამწყვეტ როლს ვერ ითამაშებს. აქვე მინდა პარალელი გავავლო გრიპის ვაქცინაციასთან, რომლის სარგებლიანობის მაჩვენებელი 65%-ს აღწევს. იმუნური სტატუსის განსასაზღვრად მნიშვნელოვანია ახალშობილის მდგომარეობა, არის თუ არა ის დღენაკლული, ბუნებრივ კვებაზეა თუ არა, აქვს თუ არა ძილის ჯანსაღი რეჟიმი… ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე სუფთა ჰაერზე სეირნობა, ორი საათით მაინც. ეს ყველაფერი ბავშვს ჯანსაღ იმუნიტეტს უყალიბებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია სეზონურ გრიპზე.

                                                                                                        მასალა მოამზადა ნათია ხარბედიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები