სიმპტომები, რომლებიც ბავშვებში ტყვიით ინტოქსიკაციაზე მიუთითებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ბატონმა ივანე ჩხაიძემ, ტყვიასა და ტყვიით ინტოქსიკაციის საკმაოდ მძიმე თემაზე გადაცემა ,, პულსის” ეთერში ისაუბრა.

– ბატონო ივანე, კონკრეტულად რას წარმოადგენს ქიმიური ელემენტი ტყვია?

– პირველი რიგში აღvნიშნავ, რომ ტყვიის მავნევლობის თემა ჩვენთვის შედარებით ახალია. მართალია, ვიცოდით მისი ნეგატიური თვისებების შესახებ, მაგრამ არასდროს განვიხილავდით მედიცინის პრობლემად და ყურადღებას ნაკლებად ვაქცევდით. სიტუაცია 2015 წელს შეიცვალა, როცა ამირან გამყრელიძის ინიციატივით, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 1-6 წლის ბავშვებში ტყვიის მაჩვენებლის შესწავლა გადაწყვიტა და გამოკვლეული 200 ბავშვიდან ნაწილს ტყვიის მომატებული კონცენტრაცია აღმოუჩინა. მოგვიანებით, განმეორებითი კვლევა ჩატარდა განსხვავებული მეთოდით და სახელმწიფო პროგრამაც შეიქმნა, რომელშიც იაშვილის კლინიკის თანამშრომლებიც აქტიურად ჩავებით, რათა თავად გაგვერკვია პრობლემის არსი.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

– რაშია პრობლემის არსი, რა საფრთხის მატარებელია მძიმე მეტალი?

– აღსანიშნავია, რომ ტყვიით ინტოქსიკაციის მთავარ სამიზნეს აკადემიური მოსწრებით ნაკლებად გამორჩეული ბავშვები წარმოადგენენ. სამწუხაროდ, მშობლები ხშირად უბრაზდებიან შვილებს ცუდი სწავლისთვის და წარმოდგენაც არ აქვთ, რომ ჩამორჩენის მიზეზი სწორედ ის გარემოა, რომელშიც ბავშვი იზრდება, რადგან ტყვიის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ ზემოქმედებს მის ინტელექტუალურ განვითარებაზე. ჩვენი კლინიკის თანამშრომლები ყურადღებით გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, რომელთა შორის პიონერი შეერთებული შტატები აღმოჩნდა და ხმამაღლა განაცხადეს, რომ ტყვია ბევრად სერიოზული პრობლემაა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა, ამიტომ მიდგომაც განსხვავებული სჭირდება. 2018 წელს დაავადაბათა კონტროლის ცენტრის, ჯანდაცვის სამინისტროს და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის UNICEF-ის ხელშეწყობით 1 572 შინამეურნეობა შევისწავლეთ, ანუ საქართველოს პრაქტიკულად ყველა რეგიონში გამოვიკვლიეთ ტყვიის დონე და ე.წ. მიქსის კვლევა შევადგინეთ, რომელიც მოგვიანებით სახელმწიფო პროგრამას დაედო საფუძვლად.

– საინტერესოა, რა ტენდენციები გამოიკვეთა და რამდენად შესაძლებელია შესწავლილი ბავშვების კლასიფიცირება?

– კვლევების შედეგებმა საზოგადოებაში ნამდვილი პანიკა გამოიწვია, რადგან ბავშვების 41%-ს დაშვებულზე მეტი (5 მიკროგრამი დეცილიტრზე) ტყვია აღმოაჩნდა სისხლში, რაც საკმაოდ სახიფათო მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ორგანიზმში საერთოდ არ უნდა იყოს ტყვია, რადგან არ არსებობს უსაფრთხო დონე, თუმცა მისი ზრდის ფარგლები მაინც გასათვალისწინებელია –  5 მიკროგრამამდე ფონურ მაჩვენებლად ითვლება, 5-დან 10-მდე – ყურადღების გამახვილებას მოითხოვს, 10-დან 35-მიკროგრამს ტყვიის ზემოქმედებას კლინიკური ნიშნები ახასიათებს, 35-ზე ზევით კი, მეტად სახიფათოა და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს.

– რა არის ადამიანის სისხლში ტყვიის კონცენტრაციის მატების მიზეზი?

– ამერიკულ სლაიდზე, რომელიც თვალსაჩონოდ წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის რისკს, პირველ რიგში ავტომობილი და ბენზინგასამართი სადგურია მითითებელი, საიდანაც ტყვია ჰაერსა და ნიადაგში, ტბებსა და მდინარეებში ვრცელდება,  ადამიანი კი, ჰაერსაც სუნთქავს, ტბაშიც ბანაობს და სოფლის მეურნეობის პროდუქტსაც მოიხმარს. რისკის ფაქტორი უამრავია, რომელთა სრულად აღმოფხვრა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ამერიკელების გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენც ავკრძალეთ ქვეყანაში ტყვიის შემცველი საწვავის, საღებავის და სათამაშოების შემოტანა.

– არსებობს თუ არა გზამკვლევი, რომელიც მთავარ მიზნებს, ამოცანებს და თქვენს სამომავლო გეგმებს აერთიანებს?

– საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც ეროვნული პროტოკოლის საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო პროგრამა აქვს. საბედნიეროდ, უამრავი უწყება მათ შორის, ჯანდაცვის და განათლების, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გააერთიანა ახალმა პროგრამამ,  რადგან მხოლოდ კომპლექსური მუშაობით შეიძლება პრობლემის აღმოფხვრა.

– რას ურჩევთ მშობლებს, როგორ შეიძლება დაიცვან პატარები ტყვიით ინტოქსიკაციისგან?

– მართალია, ტყვიის მაღალ შემცველობაზე კუჭის ხანგრძლივი შეკრულობა და რეზისტენტული ანემიებიც მიანიშნებს, მაგრამ უმთავრესი და ყველაზე ხშირი მაინც ინტელექტუალური განვითარების შეფერხებაა, როცა იცვლება ბავშვის ქცევა, ჰიპერაქტიური ხდება და უჭირს ყურადღების კონცენტრირება. მსგავსი სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში ნებისმიერმა მშობელმა დაუყუვნებლივ უნდა მიმართოს კვალიფიციურ ექიმს, რომელიც დეტალურად შეაფასებს, დაადგენს ტყვიის დონეს და სწორედ მაჩვენებლების გათვალისწინებით განისაზღვრავს შემდგომ ღონისძიებებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს იმ ბავშვებს მედიკამენტებით, ვისაც სისხლში 5 მიკროგრამზე მეტი ტყვია აღმოაჩნდება. რა თქმა უნდა, პრეპარატები ვერ გაწმენდს ორგანიზმს, თუმცა მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნე ზემოქმედების შედეგებს.

                                               მასალა მოამზადა ნათია ხარბედიამ

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები