როგორ მოვუსმინოთ ბავშვებს: რამდენიმე მეთოდი ბავშვთა ფსიქოლოგის რეკომენდაციით!

ბავშვებს ჩასახვის დღიდან მოყოლებული თავისი საჭიროებები აქვთ, სითბოსი, სიყვარულის, ზრუნვის, გამოკვების, დასვენების და ა.შ. წლების მატებასთან ერთად ეს საჭიროებები იცვლება და იმატებს. თუ ჩვილს აქვს კვების, დასვენებისა და სიმშვიდის მოთხოვნილება, 3 წლის ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მოძრაობის, დამოუკიდებლობისა და სიყვარულის გამოხატვის საჭიროება. იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა საჭიროებები აქვს ბავშვს, მისი მოსმენაა საჭირო. ჩვილები ტირილით გვახვედრებენ რა სურთ, სკოლამდელი ასაკის ბავშვები ქცევითა და ცოტა საუბრით, ადრეული სასკოლო ასაკის ბავშვები ქცევით და მეტი საუბრით და ა.შ.

ბავშვთა ფსიქოლოგი ანა მეუნარგია

ხშირად, შეიძლება, ბავშვი გვესაუბრებოდეს, გვეუბნებოდეს სათქმელს, ჩვენც ყურადღებით ვუსმენდეთ, მაგრამ ამ დროს, სხვა საქმეს ვაკეთებდეთ, ან ეგრევე რჩევის მიცემას ვიწყებდეთ, ან ვუბრაზდებოდეთ, სანამ ბავშვი სათქმელს დაასრულებს. ასე, უფროსები თითქოს ცალი ყურით ვუსმენთ და ბავშვსაც ექმნება წარმოდგენა, რომ არ გვაინტერესებს ის რასაც გვიყვება, ან სხვა საქმე უფრო მნიშვნელოვანია, ან მისი არ გვესმის.

არსებობს გარკვეული სტრატეგიები, რომლებიც ფსიქოლოგებმა შეიმუშავეს იმისთვის, რომ ბავშვებს უკეთ მოვუსმინოთ, გავიგოთ თუ რა შეიძლება მათ სურდეთ, უკეთ გავარკვიოთ თავიანთ ემოციებში და ჩვენც უკეთ გავიგოთ, თუ რას შეიძლება ის გრძნობდეს. ასევე, ამბის გაზიარებით ხელი შევუწყოთ, რომ მან თავად მოძებნოს გამოსავალი, რომელიც მისთვის საუკეთესო იქნება.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე მოკლე რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს მშობლებისთვის:

  1. ყურადღება – როცა ბავშვი მოდის აღელვებული, ატირებული, დაღვრემილი ან გახარებული და იწყებს ამბის მოყოლას, შებრუნდით მისკენ, შეხედეთ და აგრძნობინეთ მას, რომ უსმენთ და ხართ დაინტერესებული მისი ამბით, რეალურად, თქვენ ხომ გაინტერესებთ, რასაც ის გიყვებათ.
  2. გავიზიაროთ ბავშვის გრძნობები და განცდები – როცა ბავშვი მოგვიყვება თავის ამბავს, გავიზიაროთ მისი გრძნობები, მოსმენით და მოკლე რეპლიკებით (ჰოო?, აჰამ; მმ და ა.შ.). განვიხილოთ მაგალითი, ბავშვი მოდის თქვენთან და გიყვებათ, რომ მისმა მეგობარმა დაუკითხავად აიღო მისი მანქანა, რის გამოც ის გაღიზიანებული, უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია.
    – „დღეს ილიამ ჩემი სათამაშო უნებართვოდ აიღო“
    – „ჰოო?“
    – „ეზოში მქონდა და ცოტახნით დავტოვე სკამზე და ეგრევე აიღო“
    – „გასაგებია“;
    – „რამდენჯერმე ვუთხარი, რომ არ აეღო და მაინც აიღო“,
    – „ვაჰ, წარმოგიდგენია?!“
    – „მგონი ვიცი რასაც გავაკეთებ, უყურადღებოდ აღარ დავტოვებ ხოლმე ჩემს სათამაშოებს!“
    – „კარგი აზრია!“
  3. დაასახელეთ ბავშვის გრძნობები – ხშირად ბავშვი შეიძლება იყოს გაბრაზებული, იმედგაცრუებული, სევდიანი, ბედნიერი, შეშინებული და ა.შ. ყვებოდეს ამბავს, მაგრამ არ საუბრობდეს ემოციებზე. თუმცა მისი ემოციების დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკეთ გაიგოს, რა აწუხებს. ამიტომ, თუნდაც ზედა მაგალითი რომ ავიღოთ, კარგი იქნება ემოციების ხმამაღლა გაჟღერბა. მაგალითად, როცა გვეუბნება:
    – „რამდენჯერმე ვუთხარი, რომ არ აეღო და მაინც აიღო“,
    – „ვაჰ, წარმოგიდგენია, როგორ გაღიზიანდებოდი!
    ასე ბავშვს კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ, რომ ვუსმენთ მას და რაც მთავარია, გვესმის მისი, თუნდაც გვითხრას, რომ კი არ გაღიზიანდა, გაბრაზდა. ამ დროს, ის უკვირდება თავის ემოციას და იაზრებს მას.
  4. აჩვენეთ, რომ გესმით, რასაც გრძნობს ბავშვი და ფანტაზიის მეშვეობით აჩუქეთ, რაც მას სურს. ხშირად, როცა ადამიანი გრძნობს, რომ მისი ესმით და მხარს უჭერენ რეალობაც უფრო მარტივი მისაღები ხდება. არის მომენტები, როცა ბავშვს ვერ ვუსრულებთ იმას, რაც მას უნდა, თუმცა, როცა მას აქვს განცდა, რომ მისი ესმით, ისიც შედარებით მარტივად ეგუება რეალობას. მაგალითად, გვიანია და მას ბანანი უნდა, თქვენ კი გაქვთ ვაშლი და მაწონი, ამ დროს ბავშვს ეუბნებით, რომ გესმით, რომ მას ბანანი უნდა, მაგრამ არ გაქვთ ბანანი, მაგრამ გაქვთ ვაშლი ან მაწონი და შეუძლია აირჩიოს რომელს მიირთმევს. ბავშვი იწყებს ტირილს, თქვენ კი ეუბნებით, რომ გესმით, რომ იმედგაცრუებულია, რადგან მას ბანანი უნდა, თქვენც გინდათ, რომ მას ბანანი ჰქონდეს, ჯადოსნური ჯოხი, რომ გქონოდათ დაიქნევდით და ბანანების ხეს გააჩენდით, იქვე, სახლში. ისიც სიცილს იწყებს ბანანების ხეზე სახლში და მერე ირჩევს იმას, რაც გაქვთ.

ემოციების მართვისთვის საკუთარი ემოციების დასახელება და ამოცნობა, ერთ-ერთი საკვანძო უნარია, რომელიც განვითარებადია. ხშირად, მშობლებს თავად გვიჭირს საკუთარი ემოციების დანახვა და აღიარება, თუმცა ამ უნარის განვითარების შემთხვევაში დიდწილად გაგვიადვილდება ბავშვებთან ურთიერთობა და მათი გაგება, შემდეგ კი მათ გაუადვილდებათ საკუთარი თავის გაგება.

ასევე დაგაინტერესებთ: რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ან მოზარდთა ფსიქოლოგს?

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები