როგორ და რა ასაკში უნდა მივაწოდოთ ბავშვებს სწორად რეპროდუქტიული ცოდნა

პირნათლად ვთანხმდებით რომ, საქართველოში მშობლის ინსტიტუტის გაძლიერება  უპირობოდ აუცილებელია. ამავდროულად, კომუნისტურ რეჟიმში შექმნილი აღმზრდელობით სისტემის სრული დემონტაჟი და ახალი, ბავშვზე ორიენტირებული სისტემის შექმნაა საჭირო. მიუხედავად ამ შეთანხმებისა, მაინც  გამოერევა ერთი- ორი მშობელი, რომელიც სექსისტურადაა განწყობილი და რიგ საკითხებთან მიმართებაში ოჯახში ტაბუდადებულ თემად აქვთ ისეთი საკითხები,  როგორებიცაა, სექსუალური განათლება და ადამიანის რეპროდუქცია.  თუკი წამიერად დავფიქრდებით, ამ საკითხების ირგვლივ თავს იყრის ყველა ის  ტრაგიკული ფაქტი, რომელიც ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის. თუნდაც, არასრულწლოვნებს შორის აგრესია, ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, ინფორმაციის არქონა და ა.შ. ამ ყოველივეს მივყავართ იმ ასაკამდე, როდესაც ბავშვს პირველი კითხვები უჩნდება და იწყებს  ინფორმაციის მიღებას, სწორედ ამ დროს ხდება მშობლის ინსტიტუციონალიზმის თვითგამორკვევა.  შესაბამისად დღევანდელ სტატიაშიც ვისაუბრებთ  საკითხებზე:

– რა უნდა იცოდეს ბავშვმა, როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია და რა ასაკში უნდა მოხდეს მისი ამ მხრივ განათლება.

ამ საკითხზე საუბრისას აუცილებელია გაითვალისწინო, სად ცხოვრობ. რამდენად განვითარებულია ქვეყანა, რადგან  ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში მეტია  პრობლემა ამ საკითხთან დაკავშირებით და პირიქითა – განვითარებულისთვის. აქვე აღვნიშნავ, რომ სქესობრივი განათლება – ეს არის ერთგვარი ცოდნა სექსუალობის ფიზიკურ, ემოციურ, კოგნიტურ, სოციალურ და კულტურულ თავისებურებებზე. რადგან ეს არის ბევრი სფეროს  გაერთიანება,  შესაბამისად არც თუ ისე მარტივი საკითხია.   განვითარების ის მიმართულებები, როგორიც არის  პირობითად მეტყველება ან მოტორიკა, სექსუალური განვითარებაც ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა და დაბადებიდან  ეტაპებად იყოფა ისევე, როგორც ადამიანის განვითარება, რომელიც ხშირად დახმარებას საჭიროებს.  როდესაც ბავშვი აცნობიერებს საკუთარ სხეულს და სხეულის ნაწილებს, კონკრეტულად სასქესო ორგანოებს ეხება,ათვალიერებს, იწყებს გაცნობიერებას, მშობელმა უნდა მიაწოდოს მას რეალური ინფორმაცია და ყოვლად დაუშვებელია  კომენტარები, რომლებიც შეიცავს  არაჯანსაღ მიდგომას ( მაგ: ხელი არ მოკიდო, ხიხიაა, ცუდია და ა.შ). ასევე მიუღებელია  სასქესო ორგანოს არასწორი იდენტიფიცირება, ვინაიდან  სწავლების დროს ჩვენ თვალს- თვალუკას, ტუჩს-ტუჩუკას არ ვეძახით ანალოგიურად არ შეიძლება  ვუწოდოთ სასქესო როგანოს მოფერებით სახელი, რადგან  შემდეგ არ დაიბნეს.  ეს ვითარება შეგვიძლია გავაიგივოთ ისეთ საკითხთან, როგორიცაა ძალადობა.. რადგან, როდესაც ბავშვმა არ იცის  იდენტიფიცირება და ამავდროულად არ აქვს ინფორმაცია, სად შეიძლება შეეხონ, ან სად არის მათი ზღვარი, ვინ შეიძლება შეეხოს და შეხების როგორი  საშუალებები არსებობს, ცხადია, ბავშვი შესაძლოა, ძალადობის მსხვერპლი  მარტივად გახდეს.

ამ საკითხის  ირგვლივ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე როგორიცაა ინფორმაციის სწორი მიწოდება და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბება, გავესაუბრეთ ფსიქოლოგს, ქ.ნ ნინო ბუაძეს. კითხვაზე, თუ რა ინფორმაცია გავცეთ და როგორი ფორმით, მან გვიპასუხა:

„კითხვის დასმას ბავშვი იწყებს: როგორ გავჩნდი ან რა არის სექსი? თუ გაიგო ვინმესგან ეს სიტყვა, ვუხსნით მისთვის გასაგები ენით და ცოდნის დონის გათვალისწინბით, უკვე რა იცის ამ საკითხთან მიმართებით. რომ ეს არის იმ ორი ადამიანის ურთიერთობა, რომლებსაც უყვართ ერთმანეთი, ეხუტებიან ერთმანეთს და თავს ერთად ბედნიერად გრძნობენ. ასაკს მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა, თუ ბავში 12-13 წლის არის, შეგვიძლია მას ვაჩვენოთ ასევე ვიდეო მაგ. როგორ ხდება განაყოფიერება კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდით და როგორ ყალიბდება ნაყოფი, რომ ყველა ცოცხალი ორგანიზმი მრავლდება და ეს ბუნების კანონია, ამ ასაკში ასევე ვაწოდებთ ინფორმაციას უსაფრთხო ურთიერთობის შესახებ.   ძირითადად კითხვის დასმის დროს თვითონ ირჩევს ბავშვი სქესს, ვის ეკითხება. ყოველთვის პრობლემაა ჩვენთვის და არა ბავშისთვის, როგორ ვაწვდით, როგორ ვუყურებთ ჩვენ ამ საკითხს, სწორედ იმ ემოციებით აღიქვამს ბავშვიც.

თუ გახსოვთ, ადრე იყო  გავრცელდა ვიდეო, რომელშიც რეპროდუქტოლოგი გოგონა ამზადებდა მსგავს თემებზე ონლაინ პრეზენტაციებს, მეც მომაწოდეს ეს ვიდეო, რომელმაც საშინელი გაღიზიანება და კრიტიკა გამოიწვია.

ყველაფერი აკადემიურ დონეზე იყო წარმართული, ერთადერთი შეცდომა, რომელიც დაუშვა, იყო ის, რომ ინფორმაციას არ ჰქონდა აღწერითი ხასიათი. სწორედ ეს გახდა კრიტიკის მიზეზიც.

ინფორმაციას, რომელსაც ვუზიარებთ ბავშვს, უნდა იყოს აღწერით და არა იმ ინფორმაციით, კონკრეტულ მშობელს ან სხვა პირს, რა გამოცდილება აქვს ამ საკითხთან მიმიმართებაში. მაგრამ სამწუხაროდ, თავად მშობლებს, მათ შორის ჩემს თაობას საკმაოდ მწირი ინფორმაცია, ცოდნა და შიშები აქვთ, რასაც მომდევნო თაობებს უზიარებენ.“

დაბოლოს, ის თუ რა ასაკში რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ბავშვს ამაზე კონკრეტული პასუხი  არ არის, რადგან შესაძლოა 3 წლის ბავშვმა გამოიჩინოს  ინტერესი თავისი  სასქესო ორგანოს სახელის ან თვითონ ორგანოს მიმართ და შესაძლოა 5 წლის ბავშვმა  დაჟინებით მოითხოვოს ახსნა, თუ როგორ გაჩნდა ის. სხვაობა ამ ასაკებს შორის არ არის, რადგან 3-დან 5 წლამდე  ბავშვს განვითარების ერთი ეტაპი აქვს, შესაბამისად, ინფორმაციის მიწოდების დრო დამოკიდებულია ბავშვის ინტერესზე. არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ უნდა  უთხრა, რომ კომბოსტოში იპოვნეთ ან და რომ წერომ მოიყვანა, არამედ უნდა ესაუბროთ ემბრიონის განვითარებაზე, თუმცა მათთვის მისაღები ენით და ილუსტრაციებით. შესაძლოა გამოიყენოთ ინტერნეტის მასალაც, თოჯინაც და სახელმძღვანელოებიც, რათა  ბავშვს შეუვსოთ ის ინფორმაცია, რაც მის ინტერესებშია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს   ასაკთან შეუსაბამო. 5 წლის ბავშვს თავისთავადია, რომ დეტალური ინფორმაცია არ უნდა მიეწოდოს სექსუალური აქტის შესახებ –  ეს უნდა იყოს მარტივი და ზედაპირული,  რადგან ბავშვი აუცილებლად მოგიბრუნდებათ რამდენიმე წელში უკვე დეტალური ინფორმაციისთვის, იმიტომ, რომ მას უკვე მშობლის ნდობა ექნება.

                                                                                         სტატია მოამზადა თამარ ჩხაიძემ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები