რა უნდა ვიცოდეთ ბრტყელტერფიანობის შესახებ?

ტერფი განივი და გასწვრივი თაღებისაგან შედგება და არასწორი მოხაზულობა აქვს, მაგრამ ზოგს დაბადებიდან, ზოგს კი მოგვიანებით უსწორდება ეს თაღები და ტერფი უბრტყელდება.

ასეთი ტერფი თავის ფუნქციას სრულყოფილად ვერ შეასრულებს და დროთა განმავლობაში, ადამიანს დიდ პრობლემებს შეუქმნის.

ბრტყელტერფიანობას ახასიათებს: ტერფის დაგრძელება, გასწვრივი და განივი თაღების გაბრტყელება, წინა ნაწილის შიგნით შებრუნება, ქუსლის გარეთ მიბრუნება, ადვილად დაღლა და ტკივილი – ტერფის, კოჭ-წვივის სახსარში.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ბრტყელტერფიანობა შეიძლება, დამოუკიდებელი დაავადება იყოს ან განვითარდეს ტორსისა და ქვემო კიდურების დეფორმაციის გამო. ეს დაავადება ხშირია დისპლაზიური (არასწორად განვითარებული) შემაერთებელი ქსოვილის მქონე ბავშვებში, რომელთაც კუნთებისა და მყეს-იოგოვანი სისტემის ტონუსის დაქვეითება აღენიშნებათ – ამას სტატიკური ბრტყელტერფიანობა ეწოდება.

არსებობს ტრავმის გამო განვითარებული ბრტყელტერფიანობაც. ის შეიძლება, ნერვული სისტემის დაზიანებამაც განაპირობოს. თუ ბავშვს დარღვეული აქვს კალციუმისა და ფოსფორის ცვლა, მას შეიძლება, რაქიტული ბრტყელტერფიანობა განუვითარდეს.

ბრტყელტერფიანობა ვიზუალურად ადვილად აღმოსაჩენია, მაგრამ დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა კომპიუტერული კვლევით ხდება.

არსებობს სამედიცინო ტესტი ე.წ. ქაღალდის ”სარკე”, რომლის დახმარებითაც პაციენტს შეუძლია, საკუთარი თვალით დაინახოს, ტერფები წესრიგში აქვს თუ არა.

ამ ტესტის გაკეთება ძალიან იოლია: აიღეთ სუფთა ფურცელი და დადეთ იატაკზე. ფეხის ტერფებზე წაისვით ცხიმოვანი კრემი და ფურცელზე დადექით. ტანი სწორად უნდა გეჭიროთ, ფეხები შეტყუპებული გქონდეთ, სხეულის სიმძიმე რომ ორივე ფეხზე, თანაბრად გადანაწილდეს. ფურცელზე თქვენი ფეხების ანაბეჭდი დარჩება.
აიღეთ ფანქარი და ტერფის ანაბეჭდის შიგნითა მხარეს ყველაზე გამოწეული წერტილები სწორი ხაზით შეაერთეთ. შემდეგ ამ ხაზების პერპენდიკულარულად გაატარეთ სწორი ხაზი, რომელიც ტერფების ჩაღრმავებას ყველაზე ღრმა ადგილას გადაკვეთს. თუ ანაბეჭდის ვიწრო ნაწილი პერპენდიკულარულად გატარებული ხაზის მხოლოდ მესამედს შეადგენს, ე.ი. თქვენი ტერფი ნორმალურია, ხოლო თუ ტოლებია, მაშინ თქვენ ბრტყელტერფიანი ყოფილხართ.

ბრტყელტერფიანობა აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასაკის მატებასთან ერთად, ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, ვითარდება ორგანიზმის ზოგადი გადაღლა და ირღვევა ნაბიჯების თანამიმდევრობა. ბრტყელი ტერფის მკურნალობა ბავშვებში ძირითადად, კონსერვატიულია.

მისი მიზანია: ნერვ-კუნთოვანი, მყეს-იოგოვანი სისტემის ტონუსის აწევა და მკურნალობის შედეგად მიღწეული ტერფის თაღის ფორმის შენარჩუნება (ინდივიდუალურად შერჩეული სუპინატორის მეშვეობით).

მკურნალობა კომპლექსურია: გასათვალისწინებელია როგორც ძირითადი, ისე თანმხლები დაავადებები და მოიცავს: დღის რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატურ ფიზიოთერაპიას, ბალნეო და მედიკამენტურ თერაპიას.

წყარო: Janmrtelobainfo

                                                                                                          მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები