რა უნდა ვიცოდეთ ალერგიის  შესახებ?

ალერგიული დაავადებები მთელს მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული, განსაკუთრებით კი – განვითარებულ ქვეყნებში. მე-20 საუკუნის დასაწყისში, ალერგიულ დაავადებათა გამოვლინება დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. დღეისთვის კი, მსოფლიო მოსახლეობის 30%-40% ალერგიულია სხვადასხვა გამაღიზიანებლების მიმართ.

  რა არის ალერგია?

ალერგია – ეს არის ორგანიზმის სპეციფიკური, გადაჭარბებული  მგრძნობელობა იმ ჩვეულებრივ უსაფრთხო ნივთიერებების მიმართ. ამ დროს იმუნური სისტემა შეცდომით, ზოგადად უვნებელ ნივთიერებას აღიქვამს, როგორც ორგანიზმისთვის საშიშს და მის წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

რატომ ვითარდება ალერგია?

ალერგიის ჩამოყალიბებაში წამყვან როლს მემკვიდრეობა, ანუ ალერგიის მიმართ მემკვიდრული განწყობა ასრულებს, თუმცა ალერგია შეიძლება მემკვიდრული დატვირთვის არარსებობის დროსაც განვითარდეს. ალერგიის ალბათობა განსაკუთრებით მაღალია მაშინ, როცა ოჯახის ერთ-ერთი წევრი ალერგიით არის დაავადებული. თუ ალერგიულია ერთ-ერთი მშობელი, ბავშვის ალერგიის ალბათობა დაახლოებით 30%-ია, ხოლო თუ ორივე ალერგიულია, დაავადების ალბათობა 50%-ს აღწევს.

ალერგენები

ამ “გამღიზიანებელ” ნივთიერებებს, რომლებიც იწვევენ ორგანიზმის უჩვეულო რეაქციას, ალერგენებს უწოდებენ. ალერგენები არიან ყველგან: საცხოვრებელ სახლებში, სამუშაო ადგილზე, ქუჩაში, ბუნებაში (ტყეში, ველზე, ბაღში და ა.შ.). ესენია:

ოთახის მტვერი,

ცხოველის ბეწვი, ფრინველების ბუმბული,

მწერების შხამი,

მცენარეების მტვერი,

ობის სოკოები,

სხვადასხვა საკვები საკვები,

მედიკამენტები,

საყოფაცხოვრებო და საწარმოო ქიმიური ნივთიერებები: პარფიუმერია, საღებავები, სარეცხი საშუალებები და სხვა.

ადრეულ ასაკში ყველაზე ხშირია კვებითი ალერგია. კვებითი ალერგენებია:

რძე და რძის პროდუქტები

კვერცხი

ზღვის პროდუქტები

თხილეული –  არაქისი, თხილი, კაკალი, ნუში.

სოია

ხორბალი

ბოსტნეული: ისპანახი, პამიდორი, ოხრახუში, ნიახური, ხახვი, ნიორი და სხვა.

ხილი: კენკროვანები: მარწყვი, ჟოლო, ატამი, გარგარი, ბალი, ციტრუსები და სხვა.

როგორ  შეიძლება გამოვლინდეს ალერგია?

ალერგია გამოვლინდება სხვადასხვა დაავადების სახით – ალერგიული რინიტი და ბრონქული ასთმა, კვებითი ალერგია, ატოპიური დერმატიტი, წამლისმიერი/მედიკამენტური ალერგია, მწერის ნაკბენზე ალერგია, ანაფილაქსიური შოკი, კონტაქტური დერმატიტი.

სეზონური ალერგია, წელიწადის რა პერიოდში ვლინდება?

ყოველ გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე, ხეებიდან, ბუჩქებიდან და ბალახებიდან ვრცელდება მცენარეული მტვერი. ეს მტვერი ბევრ ადამიანში იწვევს ალერგიას – ანუ ე.წ. პოლინოზს. ამ მოვლენებს ხალხში “თივის ცხელებას” ეძახიან. (საქართველოში უფრო თიბვის პერიოდს – ივნის-აგვისტოს უკავშირდება). სეზონური ალერგიის ნიშნებია –  თვალების ქავილი, ცრემლდენა, ცხვირცემინება, ცხვირიდან წლისებრი გამონადენი, ცხვირ-ხახის ქავილი, ზოგჯერ ცხვირის გაჭედილობა, კონიუნქტივიტი.

კვებითი ალერგია

კვებითი ალერგიის დროს გამოვლინება მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია – შეიძლება გამოიხატოს ტუჩების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპება და ქავილი, ჩახეხვისა და მოჭერის შეგრძნება ხახასა და ხორხში, გულისრევა, შემცივნება, ღებინება, ფაღარათი, კანის შეშუპება და გამონაყარი და ანაფილაქსიური შოკიც კი.

ზოგადი რჩევები მშობლებს

თუ ბავშვს აქვს ალერგია მტვრის ტკიპაზე, მტვრის მოსაცილებლად საუკეთესო გზაა სახლის სველი წესით დალაგება და განიავება, საყოფაცხოვრებო ნივთების, ტანსაცმლის გაწმენდა მტვრის უხილავი ნაწილაკებისგან. რბილი სათამაშოები, ხალიჩა, ფარდები მტვრის „ბუდეა“ ამიტომ ხშირად უნდა გაირეცხოს. ბავშვის საწოლი ოთახი შეძლებისდაგვარად უნდა გათავისუფლდეს ხალიჩების, რბილი ხაოიანი გადასაფარებლებისა, ფარდებისა და წიგნებისაგან.

ფუტკრის, ან კრაზანის შხამისადმი ალერგიულებმა არ უნდა იარონ ფეხშიშველმა ბალახზე, არ ჩაიცვათ კაშკაშა ფერის, ყვავილებით მოჩითული ტანსაცმელი.

თუ ბავშვს ოდესმე რომელიმე წამალზე ჰქონია რეაქცია, მშობელმა უნდა აცნობოს ექიმს, წამლის განმეორებით დოზაზე შემდგომი ალერგიული რეაქცია პირველზე უფრო ძლიერი და სიცოცხლისათვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს!

მცენარის მტვერზე  ალერგიის დროს ბავშვი უნდა მოერიდოს მცენარეებთან კონტაქტს. კვებითი ალერგიის დროს ალერგიული საკვები უნდა ამოღებულ იქნას რაციონიდან.

მოამზადა: ნათია ხარბედიამ

წყარო: Evex

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები