რა უარყოფით და დადებით ზეგავლენას ახდენს მულტფილმები ბავშვებზე?

დღეს, ყველას საზეპირო ტექსტივით პირზე აკერია, რომ ტექნიკა და ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის აკრძალულია და აზიანებს ბავშვის, როგორც ფსიქიკას, ისე მხედველობას.  რეალურად  ეს მხოლოდ იმ შმთხვევაშია ასე, თუკი რეკომენდაციებს არ ითვალისწინებთ და იმ  დოზით რა დოზითაც მისაღებია ყოველივე ეს,  არ აწვდით ბავშვს.   სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ბავშვთან კომუნიკაციის დამყარების მაგივრად ზოგიერთი მშობელი  მხოლოდ  ბავშვის გასაჩერებლად და დასამშვიდებლად განუსაზღვრელი დროით აჯაჭვებს სმარტფონებს, ტელევიზორს.

ხოლო შემდგომში თავად ხშირად აქვს განცდა, რომ ბავშვს მასთან ურთიერთობა არ უნდა და ამიტომ პატარებში საკმაოდ  ხშირია შემთხვევები  შფოთვის. ლოგიკურად თუ  ვიმსჯელებთ,  ანიმაცია განკუთვნილია ბავშვებისთვის და იგი არ შეიძლება იკრძალებოდეს თუკი განსაზღვრული ასაკი არ აქვს მითითებული.  მშობლები არ აკვირდებიან რას უყურებენ თავიანთი შვილები, რა  რისკებია იმისი, რომ დამშვიდების და განვითარების მაგივრად   მავნე ჩვევები შეიძინოს.   არსებობს აღქმის სამი ტიპი:

  1. ვიზუალური
  2. კინესთეტიკური
  3. აუდიალური

ყოველი ადამიანი თავისებურად აღიქვამს ყველაფერს.  და სწორედ ამიტომაც ამ სამიდან ერთი მათგანი ყოველთვის მეტად უვითარდება, ვიდრე დანარჩენი ორი.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ბევრი ანიმაცია გამოირჩევა თავისი საგანმანათლებლო ნიშნით. ვინაიდან ბავშვები ხშირად აიგივებენ თავს ანიმაციურ გმირებთან,   ისინი მარტივად იმეორებენ იმას, რასაც პერსონაჟები საუბრობენ.  თუმცა, აუცილებელია  იცოდეთ,   რომელი ასაკისთვის როგორი ანიმაცია არის შესაფერისი. თუ თქვენი პატარა 1-3 წლამდეა და იგი ჯერ მოტორიკასთან ერთად კოგნიტურ ნაწილსაც ავითარებს, შესაბამისად გაუჭირდება ისეთი მულთფილმის გაგება და გააზრება, სადაც მეგობრობაზე გუნდურობაზე და სიყვარულზეა საუბარი. ასეთ ასაკში მშობლები უნდა ეცადონ, რომ ბავშვებს ესაუბრონ  და მაქსიმალურად აქტიური გახადონ, რათა 3 წლამდე  მეტყველება დახვეწოს. ასეთი პატარები ძირითადად მუსიკალური კუთხით უფრო მარტივად ვითარდებიან , ამიტომ დღის განმავლობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ 10-15 წუთით ისეთი მულტფილმები, სადაც სიმღერით სწავლობენ ცხოველებს, ანბანს, ციფრებს, ფერებს. თუმცა მკაცრად გააკონტროლეთ, რათა მასზე დამოკიდებულება არ გამოიწვიოს.

რაც შეეხება  5-6 წლიდან ზევით ბავშვებს, ისინი ისეთ ასაკში არიან როდესაც მოტორიკა მშვენივრად აქვთ განვითარებული,  საკმაოდ ცელქები არიან და ყველაფრის მიმართ ინტერესს ავლენენ. სწორედ ამიტომ ანიმაციური ფილმები მათ თვალსაწიერს აფართოებს. ისინი ანიმაციებით სწავლობენ კონფლიქტის მოგვარებას და პატიებას, ასე რომ, გონება ანიმაციასთან ერთად მეტად სხარტად ვითარდება.  ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ გამონახოთ 1 საათი თავისუფალი დრო, კვირაში რამდენიმე დღე და აჩვენეთ, რა მოგწონდათ მის ასაკში, რომელ ანიმაციას უყურებდით ხშირად და გაავლეთ პარალელები თანამედროვე მულტფილმებთან. ჰკითხეთ, რა გაიგო ახალი, რა მოხდა, როგორ გადაჭრეს  პრობლემა  მულტფილმის გმირებმა და თვითონ მსგავს სიტუაციაში როგორ მოიქცეოდა. დარწმუნებული იყავით,  რომ უკუკავშირი აუცილებლად გექნებათ და ამ რეჟიმით მულტფილმების ყურებით ბავშვს არაფერი დაუზიანდება, პირიქით – განუვითარდება აზროვნება.

დაბოლოს, მულტფილმებს სმარტფონებში, ტელევიზორში იმიტომ კი არ უნდა უყურებდეს ბავშვი, რომ მშობელს არ სცალია, ან მარტივი გზა მონახა მის გასაჩერებლად, არამედ შემეცნების მიზნით, იმისათვის, რომ ხარისხიანი ანიმაციიდან ახალი, მისთვის სასარგებლო უნარ-ჩვევები შეიძინოს! ამიტომაც, ეცადეთ, ყოველთვის ბავშვთან ერთად უყუროთ მულტფილმებს…

                                                                                                                      ავტორი: თამარ ჩხაიძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები