რა რაოდენობით შაქარი შეიძლება მივცეთ ბავშვს სხვადასხვა ასაკში? (+ცხრილი)

რა რაოდენობით შაქარი შეიძლება მივცეთ ბავშვს და რატომ უნდა შევზღუდოთ მისი მოხმარება – აღნიშნულ საკითხზე პედიატრი თამარ ობგაიძე გვესაუბრა.

ყველაზე გემრიელი, ყველაზე სასურველი საკვები.  ჯილდო, რომელსაც პატარების დიდი ნაწილი სიხარულით ელის – ტკბილეულია!
შაქარი ფართო ცნებაა. ის მოიცავს ნატურალურ შაქრებს, რომლებიც ბურღულეულის, ბოსტნეულის, ხილის, რძის შემადგენლობაში შედის და თავისუფალ, მარტივ შაქარს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ასე განმარტავს – ეს არის ის მონო და დისაქარიდები, რომლებსაც სურსათს მწარმოებლები ან მომხმარებლები ამატებენ საკვებს, ასევე შედის თაფლში, სიროფებსა და ხილის კონცენტრატებში.
არ არსებობს დიეტური საჭიროება შაქრის დამატებისა საბავშვო საკვებში.
ბოლო ათწლეულებში მარტივი შაქრის მოხმარება მთელს მსოფლიოში გაიზარდა. აღმოჩნდა, რომ მოხმარების სიხშირე კავშირშია კონკრეტულ ქვეყანასთან, ასაკთან და საცხოვრებელ ადგილთანაც.
მაგალითად, ჯანმოს მონაცემებით, თუ დანიასა და შვედეთში დღიურად მიღებული ენერგიის მხოლოდ 12% მოდის მარტივ შაქარზე, პორტუგალიაში ეს მაჩვენებელი 25%-ია.
სოფლად მცხოვრებლები სტატისტიკურად უფრო ნაკლებად მოიხმარენ მას, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებლები.
ბავშვებსა და მოზარდებს რომ ყველაზე მეტად უყვართ ტკბილეული და ხშირად მიირთმევენ შაქარს საკვებითა და ტკბილი გაზიანი სასმელებით, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.

რას იწვევს მარტივი  შაქრის ჭარბად მოხმარება
დაავადებათა უსიამოვნო ჩამონთვალი:
სიმსუქნე
შაქრიანი დიაბეტი
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები – დიარეა, მეტეორიზმი
კბილების კარიესი – ყველაზე ცნობილი ბუნებრივი  ექსპერიმენტი შაქართან დაკავშირებით ასეთია: მეორე მსოფლიო ომამადე  და მის შემდეგ კარიესის სტატისტიკის შედარებისას აღმოჩნდა , რომ ომის შემდეგ ეს მტკივნეული პრობლემა ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად შემცირებულიყო. ეს გასაგებიცაა – ომის დროს შაქრის მოხმარება მკვეთრად შემცირდა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 რატომ უყვართ ტკბილი საკვები პატარებს

ჩვილებს აქვთ ტკბილი საკვების თანდაყოლილი სიყვარული. იცით რატომ? დედის რძეს მოტკბო გემო აქვს, მოტკბო გემო აქვს ხელოვნური რძის ნარევსაც (თუ რძემჟავა ნარევს არ ჩავთვლით), ამიტომ პატარების საყვარელი გემო ტკბილია.
თუმცა ბუნებრივი კვების დროს ბავშვის გემოვნების რეცეპტორები უფრო მეტად ვითარდება, რადგან ქალის რძის გემო იცვლება – ის დამოკიდებულია დედის მიერ მიღებულ საკვების გემოებზე, რაც რძეში ხვდება.
დამატებითი კვების დაწყებისას ბევრ ჩვილს აქვს ახალი საკვების მიღების ფობია, თუმცა ტკბილს ისინი უფრო ადვილად ეჩვევიან, რადგან რძის შემდეგ ეს ყველაზე ნაცნობი გემოა. თუ თქვენ ამისათვის ყველა საკვებში შაქარს დაუმატებთ იმ იმედით, რომ ამ გზით საკვებს ადვილად აჭმევთ, საფრთხისშემცველ შეცდომას დაუშვებთ.

როგორ უნდა გამოვიყენოთ შაქარი ადრეულ ასაკში?

ეცადეთ, რომ ის ძირითადად  ნატურალური ფორმით მივცეთ – დედის რძე, ნატურალური იოგურტი, სხვა არატკბილი რძის პროდუქტები, ხილი, პიურეები, სმუზი ბუნებრივ შაქრებს შეიცავს.
წასახემსებლად უმჯობესია გამოიყენოთ ხილის ნაჭრები, ბოსტნეული ან მშრალი ხილი.
თავიდანვე ასწავლეთ ბავშვებს, რომ წყურვილის მოსაკლავად აუცილებელია წყალი და არა ტკბილი გაზიანი სასმელი, რომელიც წყურვილს არ აოკებს. შაქრიანი სასმელის მიღების შემდეგ წყურვილი ძლიერდება, ჩნდება საკვების მიღების სურვილიც, რაც წონაში მატებას უწყობს ხელს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის მიხედვით, დღიურად მიღებული ენერგიის მხოლოდ არაუმეტეს 10% უნდა მოდიოდეს მარტივი შაქრით მიღებულ ენერგიაზე.
ევროპის გასტროენტეროლოგთა, ჰეპატოლოგთა და ნუტრიციოლოგთა საზოგადოების (ESPGHAN) რეკომენდაციით, ბავშვებში მარტივი შაქრის დასაშვები დღიური რაოდენობა ასეთია:
2-4 წელი- 15-16 გრამი
4-7 წელი – 18-20 გრამი
7-10 წელი – 22-23გრამი
10-13 წელი – 24-27 გრამი
13-15 წელი -27-32 გრამი
15-19 წელი -28-37 გრამი
გაითვალისწინეთ, რომ 1 ჩაის კოვზი დაახლოებით 4 გრამ ასეთ შაქარს შეიცავს.
თუ თქვენ ადრეული ასაკიდან არ შეჩვევთ ბავშვს ტკბილ საკვებს, ცხოვრების მომდევნო ეტაპებზე ტკბილეულის შეთავაზებისას ის აუცილებლად იტყვის: „გმადლობთ, არ მიყვარს!“

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები