რა ასაკიდან შეიძლება გამოვლინდეს აუტიზმი ბავშვებში?

აუტიზმის სპექტრული აშლილობის (“ასა”) მქონე ბავშვებს, შესაძლოა, ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში გამოუვლინდეთ განსხვავებული ნიშნები, რომლებიც გამოდგება სადიაგნოსტიკოდ. თუმცა, ადრეულ ეტაპზე ეს საკმაოდ რთულია.  იმის გამო, რომ ისინი ჯდომას, ხოხვასა და სიარულს დროულად იწყებენ, ისეთი ნაკლებშესამჩნევი სხვაობები, როგორიცაა ჟესტიკულაციის არასწორი განვითარება, ვითომ თამაშის მსგავსი მოქმედება, ენობრივი და სოციალური უნარ-ჩვევების არასწორი განვითარება, სამწუხაროდ, შეუმჩნეველი ხდება.
არსებობს გარკვეული ნიშნები და განსხვავებები, რომლებიც დაეხმარებიან მშობლებს, დროულად ამოიცნონ ასა-ს არსებობა. აუტიზმის მქონე ყველა ბავშვს, სიმპტომები სხვადასხვაგვარად გამოუვლინდება. განსხვავებული სიმპტომების რაოდენობა კი ძალიან ბევრია.
აუტიზმის გამომწვევი მიზეზებია:
არც თუ ისე დიდ ხნის წინ ჩვენი პასუხი ამ კითხვეზე იქნებოდა: „წარმოდგენა არ მაქვს.“ თუმცა ბოლო დროინდელმა კვლევებმა გამოავლინეს გარკვეული მიზეზები.
უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიცით, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი, როგორც არ არსებობს აუტიზმის ერთი ტიპი. ბოლო ხუთი წლის მანძილზე მეცნიერებმა მოახდინეს იშვიათი გენური მუტაციების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ კავშირშია აუტიზმის განვითარებასთან.

ამ ცვლილებათა მცირე ნაწილს შეუძლია დამოუკიდებლად გამოიწვიოს აუტიზმი. რაც შეეხება სხვა მიზეზებს, მათი ზემოქმედების მექანიზმი აუტიზმის რისკ-გენებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედების კომბინაციას წარმოადგენს ტვინის განვითარების ადრეულ სტადიაზე.

გარემო ფაქტორები, რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობენ აუტიზმის განვითარებაში, ახდენენ ზემოქმედებას თავის ტვინზე დაბადებამდე და დაბადების შემდეგ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ეს ფაქტორებია:

მშობლების ასაკი ჩასახვის მომენტისათვის;
დედის ავადმყოფობა და მავნე ზემოქმედებები ორსულობის დროს;
რთული მშობიარობა, როდესაც ვითარდება ტვინის ჰიპოქსია;
დღენაკლულობა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტორები თავისთავად არ იწვევენ აუტიზმის განვითარებას და მათ ენიჭებათ გარკვეული როლი, მხოლოდ გენეტიკურ ფაქტორებთან თანაარსებობისას.

აუტიზმის სიმპტომები:

ნორმალური განვითარების შემთხვავაში ბავშვები აკვირდებიან სახეებს, იღიმიან და ცდილობენ, თითის დაჭერას უკვე 2-3 თვის ასაკისათვის. რაც აუტიზმის შემთხვევაში დარღვეულია.

8-10 თვის ასაკისათვის აუტიზმის მქონე ბავშვების დიდი ნაწილი ავლენს სოციალური ინტერაქციის დეფიციტს – არ რეაგირებს საკუთარ სახელზე, არ ღუღუნებს, არ გამოხატავენ სიამოვნებას, არ ინტერესდებიან ადამიანებით.

12 თვიდან 24 თვემდე ასაკში ვლინდება სოციალურ თამაშების დეფიციტი, ბავშვი არ ცდილობს სხვისი მოქმედებების იმიტირებას, ურჩევნიათ განმარტოებით თამაში. ასეთი ბავშვები არ ითხოვენ დამშვიდებას, როდესაც რამეს იტკენენ ან აღელვებულები არიან, არ რეაგირებენ ადექვატურად მშობლის ემოციის საპასუხოდ. რიგ შემთხვევაში ბავშვის განვითარება მიმდინარეობს ტიპურად 18-24 თვემდე და შემდეგ ვითარდება ე.წ. უნარების რეგრესი, როდესაც ბავშვი კარგავს მანამდე განვითარებულ სამეტყველო თუ სოციალურ უნარებს.

სასიგნალო ნიშნები 6 თვიდან 18 თვემდე

არ არის ფართე ღიმილი და სხვა სითბოს და კმაყოფილების გამოხატულება 6 თვის შემდეგ;
არ წარმოებს ხმების, ღიმილისა, ჟესტების და მიმიკის გაზიარება 9 თვის შემდეგ;
არ ღუღუნებს 12 თვისათვის;
არ არის სასურველი საგნის მინიშნების (თითით მინიშნება), ჩვენების, ხელის დაქნევის ჟესტები 12 თვის შემდეგ;

არ რეაგირებენ სახელით მიმართვაზე (ან რეაგირებენ შერჩევითად);
არ ამბობს არც ერთ სიტყვას 16 თვის ასაკისათვის;
არ არის აზრიანი ორ-სამსიტყვიანი ფრაზები 18 თვის ასაკისათვის;
მეტყველების და ასევე სოციალური ფუნქციონირების ნებისმიერი რეგრესი (არსებული სიტყვათა მარაგის გაღარიბება, მეტყველების ფუნქციის სრულ დაკარგვამდე) – სასიგნალო ნიშნები 2 წლის ასაკისათვის;

ასეთი ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, მშობელმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ბავშთა ფსიქიატრს, რათა დროულად შეფასდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობის განვითარების რისკი. როგორც უკვე აღინიშნა, ადრეულ დიაგნოსტიკას ენიჭება დიდი მნიშვნელობა, რადგან რაც უფრო დროულად იწყება თერაპია, მით უფრო კარგი შედეგები აქვს მას. თუმცა, რა თქმა უნდა, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან იგი დამოკიდებულია სიმპტომთა გამოხატულების ინტენსივობაზე, ბავშვის რესურსების არსებობასა და თერაპიის ეფექტურობაზე.

დიაგნოსტიკის პროცესი მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასებას. პროცესში ჩართულები არიან: ბავშთა ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი, მეტყველების თერაპევტი. გამოიყენება აუტიზმის სადიაგნოსტიკო ოქროს სტანდარტის ტესტები (ADO-ბავშვის ქცევაზე დაკვირვება და ADI – სტრუქტურირებული ინტერვიუ მშობელთან) და ასევე დამხმარე ტესტები: ადაპტაციური უნარების საკვლევი სკალა (ვაინლანდ 2), ინტელექტის კოეფიციენტის განსაზღვრა ვექსლერის ტესტის გამოყენებით; მეტყველების განვითარების შესაფასებელი ტესტი და ბავშვის ქცევის ანალიზი. დიაგნოზის დასმის შემდეგ გუნდის მიერ იგეგმება ინტერვენციის პროცესი, სადაც აუციელბლად არის ჩართული ქცევის გამოყენებითი ანალიზი (ABA თერაპია) და დამატებითი თერაპიები საჭიროებისამებრ (სენსორული, მეტყველების, ფიზიკური, ოკუპაციური, ხელოვნების თერაპიები). აუცილებელია ბავშის მდგომარეობის მონიტორინგი ექიმის მიერ 6-12 თვის ინტერვალში.

                                                                             მასალა მოამხადა ნათია ხარბედიამ

წყარო:info@ndc.ge 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები